მათ [„ქართული ოცნება“] აღარ აქვთ განცდა, რომ 12 წლის განმავლობაში არსებულ ტყუილებზე დაფუძნებულ ძალაუფლებას დასასრული უნდა ჰქონდეს. ისინი ყველანაირი გზით ცდილობენ, საზოგადოება კიდევ ერთხელ შეიყვანონ შეცდომაში, რომ ძალაუფლება არ დაკარგონ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ჩიხრაძემ მოსახლეობას კოალიციის საარჩევნო გეგმები გააცნო.
„რამდენიმე დღის წინ, ახალციხის ცენტრში, კიდევ ერთხელ ვნახეთ ქვეყნის არაფორმალური ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც შუშის კოლბაში იდგა და ჩვეულ ტყუილებს ელაპარაკებოდა როგორც ახალციხის, სამცხის მოსახლეობას, ისე მედიების მეშვეობით მთელი საქართველოს მოსახლეობას. მათ აღარ აქვთ განცდა, რომ 12 წლის განმავლობაში არსებულ ტყუილებზე დაფუძნებულ ძალაუფლებას დასასრული უნდა ჰქონდეს. ისინი ყველანაირი გზით ცდილობენ, საზოგადოება კიდევ ერთხელ შეიყვანონ შეცდომაში, რომ ძალაუფლება არ დაკარგონ.
მათ იციან, რომ მხარდაჭერა ძალიან დაბალი აქვთ. აქამდე ჩვენ უკვე გვქონდა გარკვეული შეხვედრები და ვგრძნობთ ხალხის განწყობას, ვგრძნობთ ჩვენი კოალიციისადმი მხარდაჭერას, რომელიც ოთხი პოლიტიკური სუბიექტისაგან შედგება, ეს არის "ლელო", "ანა დოლიძე ხალხისთვის", "ალეკო ელისაშვილი- მოქალაქეები" და " "თავისუფლების მოედანი". მოძრაობა, რომელიც პროევროპული პროტესტიდან იშვა და ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ფენის ერთობას წარმოადგენს. ესენი არიან აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება.
ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვეუბნებით მთელ საქართველოს, ტყუილების დრო დასრულდა! აქ სამცხე-ჯავახეთში, მართლაც საქართველოსთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვან რეგიონში, როგორც სასოფლო-სამეურნეო კუთხით, ისე კულტურული, ეთნიკური კუთხით, მართლაც რომ საქართველოს სავიზიტო ბარათი უნდა იყოს ეს მხარე. დაახლოებით, 50%-ი ზრდასრული მოსახლეობისა უმუშევარია. ამ დროს წარმოუდგენელია, ვინმე ქვეყნის ხელისუფლებიდან ლაპარაკობდეს წარმატებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, როდესაც მოსახლეობის 50%-ი უმუშევარია.
საქართველოს მოსახლეობისთვის ჩვენი მთავარი დაპირება არის სამცხეში, ახალციხეშიც და ამ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, რომ ჩვენ მოსახლეობას 200 000 ახალ სამუშაო ადგილს ვპირდებით მაღალი და სამართლიანი ანაზღაურებით. გარანტირებულ დასაქმებას იმისთვის, რომ ხალხი კი არ გარბოდეს, არამედ აქედან გაქცეული ადამიანები, პერსპექტივის დაბრუნების გამო თავიანთ სახლებში ბრუნდებოდნენ და აქ ჰქონდეთ შესაძლებლობა გააგრძელონ ნორმალური, ღირსეული ცხოვრება. აქ ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბაზრის ტერიტორიაზე და ყველა ხანშიშესული ადამიანი ამბობს, რომ პენსიის სიმცირე არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ ვპირდებით მათ, რომ პენსია გახდება 1000 ლარი და ხელისუფლების ცვლილებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყება ეს მატება. ჩვენ ვხედავთ ამის რეზერვს იმ კორუფციაში, იმ „გაბერილ ხარჯებში“, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების პირობებშია. იმ საერთაშორისო დახმარებაზე უარს, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტმა, სწორედ „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო უარი თქვეს და ეს, სამწუხაროდ დააკლდა ჩვენს ხალხს. ჩვენ ვაპირებთ მივიდეთ ყველა სოფელში, ყველა ამომრჩეველთან და ამის თაობაზე ვესაუბროთ“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.