ნებისმიერი ქმედება, რომელიც არ შეესაბამება ჯანსაღ საარჩევნო გარემოს, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნების სიჯანსაღეს აზიანებს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით განაცხადა.
„კონკრეტული ფაქტის შესახებ პირადად ინფორმირებული არ ვარ, ამიტომ, ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი ასეთი ქმედება, რომელიც არ შეესაბამება ჯანსაღ საარჩევნო გარემოს, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდს, არჩევნების სიჯანსაღეს აზიანებს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
გარდა ამისა, მან 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრის ჩატარება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო უპრეცედენტო აქტივობა ქართული არჩევნების ისტორიაში.
„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის ჩართულ მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, აემაღლებინათ ცნობიერება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით, რომელიც ტექნოლოგიური საშუალებების ინტერვენციის გამოძახილი არის. ასევე, მიეღოთ პრაქტიკული უნარები ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ყველა მონაწილე პირს, საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლებმაც ადმინისტრირება გაუწიეს ამ პროცესს იმიტომ, რომ 100 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი ერთი დღის აქტიურობის ფარგლებში. როგორც იცით, ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი არის ინფორმირებული ტექნოლოგიური საშუალებების შესახებ, უშუალო ინტერაქციის პირობებში“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც, მათი ინფორმაციით, ჩანს, რომ გვარამია/მელიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები „ქართული ოცნების" პლაკატებს ხევენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის პირდაპირი მტკიცებულება და გვარამია/მელიას პარტიის მიმართ რეაგირებისკენ მოუწოდებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.