14-მილიარდიანი ინვესტიციის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავაშენებთ სატვირთო ტერმინალს, ქუთაისი გახდება აგრო-ლოჯისტიკური და ინდუსტრიული ცენტრი, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანას ევროპულ ბაზარზე, იმერეთის რეგიონის აგროზონად ჩამოყალიბებას და ინვესტიციების მოზიდვას აგრარულ სექტორში, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ქუთაისში ჩამოყალიბდება რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვით ადგილობრივი საწარმოების მშენებლობას და ქუთაისის, როგორც ინდუსტრიული ქალაქის განვითარებას.
„ქუთაისის აეროპორტთან სატვირთო ტერმინალის მშენებლობის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს უნდა აშენებულიყო და ევროკავშირის მიერ 170 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა, ივანიშვილის ხელისუფლებამ, ისევე როგორც სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ესეც განუხორციელებელი დატოვა. საავიაციო სატვირთო ტერმინალი ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტის მქონე სასათბურე მეურნეობის „იმერეთის აგროზონის“ პროექტის პარალელურად უნდა აშენებულიყო. სადღეისოდ, „ოცნების“ დაპირებიდან, არც აგროზონის და არც სატვირთო ტერმინალის პროექტი არ განხორციელებულა. ქუთაისის აეროპორტი ნათელი მაგალითია, რა შეუძლია ლიდერის ერთ გადაწყვეტილებას. როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ამ პროექტის შესახებ გამოაცხადა, „ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერები აბუჩად იგდებდნენ ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. უფრო მეტიც, ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, ქუთაისის აეროპორტის მშენებლობაზე გაწეული ხარჯი მათ „არამიზნობრივ ხარჯად“ გამოაცხადეს. დღეს ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ფანჯარაა ევროპაში და უამრავ ადამიანს ასაქმებს. წარმოიდგინეთ, რა შეიძლებოდა გვქონოდა დღეს, ქუთაისის აეროპორტთან სატვირთო ტერმინალი და, მის პარალელურად, სასათბურე მეურნეობა „იმერეთის აგროზონა“ რომ აშენებულიყო. მაგრამ, დღეს ეს ადგილი ასევე იმის მაგალითია, რას იწვევს „ქართული ოცნების“ მიერ ქართველი ხალხის რესურსების მიტაცება, კორუფცია და „კლანური“ მართვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით შედეგად ვიღებთ გაზრდილ ფასებს, გაღარიბებულ მოსახლეობას, საზღვარგარეთ გაქცეული ხალხს, გახლეჩილი ოჯახებს. ამ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ოჯახების, ხალხის, ქვეყნის წინაშე დგას, მხოლოდ ერთიანობით მოვერევით. ერთიანობით დავამარცხებთ “ქართულ ოცნებას” 26 ოქტომბერს, აღვადგენთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, მოზიდული 14 მილიარდიდან თანხის ნაწილს დავხარჯავთ სატვირთო ტერმინალისა და სასათბურე მეურნეობა „იმერეთის აგროზონის“ 220 ჰექტარი ტერიტორიის განვითარებაზე. ესაა ინვესტიცია მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში, ოჯახების შემოსავლის ზრდასა და მათ გაძლიერებაში, ემიგრანტების დაბრუნებასა და ქვეყანაში ევროპული ცხოვრების დონის დამკვიდრებაში”, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.