ლევან დავითაშვილი - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ამოქმედებით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მდგრად ეკონომიკურ ზრდას

მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაცია საქართველოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია, ჩვენ ვაგრძელებთ გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას. მომსახურებით ვაჭრობაზე ბარიერების შემცირებით, ჩვენ ბიზნესს ვაძლევთ უფრო დიდ წვდომას ბაზარზე და ვიზიდავთ უფრო მეტ ინვესტიციას ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორებიცაა ICT, ფინანსები, ლოგისტიკა და ტურიზმი. ლიბერალიზაციის ამ პროცესს ხელი შეუწყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა. ისინი მოიცავს ყოვლისმომცველ თავებს სერვისების შესახებ, რაც საშუალებას იძლევა გაძლიერდეს თანამშრომლობა და ბაზრის შესაძლებლობები, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის (CIFTIS) ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთის დედაქალაქში მიმდინარე გამოფენა ერთ-ერთი უმსხვილესი პროფილური ღონისძიებაა მსოფლიოში და კარგი შესაძლებლობაა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებისთვის თანამშრომლობის განვითარებისთვის.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ამოქმედებით, რომელიც როგორც საქონლის, ასევე მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებებსაც მოიცავს, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მდგრად ეკონომიკურ ზრდას როგორც ტრადიციული, ისე განვითარებადი მომსახურების სექტორებში.

„ეს დარგები ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ინოვაციების ხერხემალია, ავითარებენ რა გლობალურ ვაჭრობას მომავლის ფორმირებისთვის. სერვისების შესაძლებლობები უზარმაზარია, დაწყებული ციფრული ვაჭრობიდან ტურიზმამდე და ეს ხაზს უსვამს სერვისების მნიშვნელოვან როლს თანამედროვე ცხოვრების ყველა ასპექტში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ასევე ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებით, მათ შორის, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში.

ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა 2017 წელს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება იყო ჩინეთსა და ჩვენი რეგიონის ქვეყანას შორის.

მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადები ორ ქვეყანას შორის, ხელი შეუწყო თანამშრომლობას ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ტელეკომუნიკაციები, ფინანსური მომსახურება, ტურიზმი და სხვ.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის მზარდი სტრატეგიული პარტნიორობის დასტურია და ჩვენ ამ თანამშრომლობის გაღრმავებას მომავალშიც ვგეგმავთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ასევე აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან, ჰონგ კონგთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან (UAE).

მისი თქმით, ამ შეთანხმებებმა გააფართოვა საქართველოს წვდომა მომსახურებით ბაზრებზე და ხელი შეუწყო სერვისებით ვაჭრობის ზრდას გლობალურ პარტნიორებთან.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმებები წარმოადგენს საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ ხედვას, გახდეს რეგიონში ვაჭრობის ძირითადი ჰაბი, განსაკუთრებით იმ სერვისებით, რომლებიც გადამწყვეტია დღევანდელი ციფრული და ურთიერთდაკავშირებული სამყაროსთვის.

დავითაშვილის თქმით, ამ მიზნით, მთავრობა ახორციელებს ინვესტიციას ინფრასტრუქტურაში, ინოვაციებსა და განათლებაში, რათა უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა და მზაობა მომავლის გლობალურ ბაზრებზე წარმატებული მონაწილეობისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოსვლაში ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობას და ინვესტიციებს.

„მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის მზარდი აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი სულ უფრო მეტად არის აღიარებული, როგორც სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა, რომელიც გთავაზობთ უფრო მოკლე მოგზაურობის დროს და ფართო წვდომას სხვადასხვა რეგიონებსა და ბაზრებზე. საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ტრანსპორტის ყველა სახეობაში, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა და რკინიგზის მოდერნიზაციაში. როგორც არსებული, ისე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, განმარტა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა მომსახურებით ვაჭრობაში ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

„ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები მოითხოვს ერთად ვიმუშაოთ, გავუზიაროთ ცოდნა და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველა ჩვენგანს სარგებელს მოუტანს. CIFTIS გვთავაზობს სრულყოფილ პლატფორმას ამისათვის და საქართველო ამაყობს, რომ არის ამ დინამიური მიმოცვლის ნაწილი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი