ეს იმის დასტურია, რომ ოპოზიცია არჩევნების არაღიარებისთვის ემზადება და აქედანვე იმზადებს საბაბს იმისთვის, რომ არჩევნები არ აღიაროს, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადება.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, უფრო მეტი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რადიკალიზმი, ძალადობა და სიძულვილის ენა.
„ჩვენ ეს უკვე გავლილი გვაქვს არაერთხელ. სხვა რამ კი არ ხდებოდა 2020 და 2021 წელს. ვნახეთ, როდესაც ცესკო-ს თანამშრომელს თავს დაესხა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და ცესკო-ს თანამშრომლებს არჩევნების შემდგომ დასჯით ემუქრებოდა. ეს ადამიანი 2020 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტთან ერთად შეფუთული იყო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასევე, უცხოეთიდან ფინანსდებოდა. როგორც სხვა ზოგიერთი დღეს წარმოდგენილი NGO, ისიც წარმოდგენილი იყო, როგორც საარჩევნო საკითხების დამკვირვებელი. ჯერ კიდევ 2020 წელს ვამხილეთ მათი კავშირები „ნაციონალურ მოძრაობასთან“. პირდაპირ ჩანდა, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი განყოფილება, რომელიც თავს ყიდდა, როგორც NGO, იღებდა უცხოურ დაფინანსებას“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი განმარტებით, ეს ადამიანები ახლა უკვე ცესკო-ს თანამშრომლებს ესხმიან თავს.
„ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, უფრო მეტი იქნება რადიკალიზმი, ძალადობა და მათი მხრიდან სიძულვილის ენა, თუმცა, მთავარი პრობლემა უკვე გამოიკვეთა. გამოიკვეთა, რომ ე.წ. ადგილობრივი დამოუკიდებელი დამკვირვებელი, NGO-ები ამ საარჩევნო დარღვევებს ხელს აფარებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მათ მიერ გამოქვეყნებულ ბოლო შუალედურ ანგარიშში ასეთი დარღვევები საერთოდ ასახული არ არის.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყველა დარღვევას აფიქსირებს და პარტიას ყველა ასეთ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი ანგარიშები ექნება.
„მათ შორის, წარვუდგენთ საერთაშორისო დამკვირვებლებს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებში მაინც გამოჩნდებიან ობიექტური ადამიანები, რომლებიც ამას დააფიქსირებენ. სამწუხაროდ, ადგილობრივი დამკვირვებლების, NGO კლანს ვგულისხმობ, მათი იმედი არ გვაქვს. ეს ის ხალხია, ვინც 2020 წელს ყალბი დასკვნები დადო და პარალელური დათვლა გააყალბა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მედიასაშუალების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების პერსონალური მონაცემების სავარაუდოდ კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავების მიზანი გაუგებარია.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არც ნათესაური კავშირები და არც ოჯახის წევრების თუ ნათესავების საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კანონით არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მომავალში ნებისმიერი მედიასაშუალების მხრიდან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მედიასაშუალებასთან თანამშრომლობის საკითხი გადაიხედება.