ნაცვლად იმისა, რომ კონგრესში საქართველოს გასამართლება მიდიოდეს, უმჯობესი იქნებოდა გამოიძიონ, რა როლი ჰქონდა ამერიკის სახელმწიფო უწყებებს და სახელმწიფოს წარმომადგენლებს 2020 წლის პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კონგრესში საქართველოს საკითხზე მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, დღეს მათ დანამდვილებით იციან, რომ USAID-ის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და მალავდნენ ამას, მათ შორის, პირად შეხვედრებზეც.
„რაც შეეხება კონგრესში განხილვას, ჩემი მოლოდინია ერთადერთი, რომ კონგრესი, საბოლოო ჯამში, მოვა მომენტი და გამოიძიებს 2020 წელს აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს თუ რა როლი ჰქონდათ პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში. ეს არის საკითხი, რომელსაც დღემდე დამაჯერებელი პასუხი არ აქვს გაცემული აშშ-სგან. ეს არის საკითხი, რომელმაც მაშინ ლამის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე მიგვიყვანა, რაც მაშინ იყო საბაბი არეულობისა და ძალადობისთვის ოპოზიციის მხრიდან. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ამერიკის კონგრესს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გამოიძიოს თუ რა როლი ჰქონდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ამ ცრუ ნარატივების გავრცელებაში. ჩვენ დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ USAID-ის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და გვიმალავდნენ ამას, მათ შორის, პირად შეხვედრებზეც გვიმალავდნენ ამას, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე გვქონდა მაშინ საუბარი. ეს იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია კარებს უმტვრევდა ხან ცესკოს და ხან რომელ დაწესებულებას და აბსოლუტურად ყალბ ნარატივს ავრცელებდნენ თითქოსდა საქართველოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ნაცვლად იმისა, რომ კონგრესში საქართველოს გასამართლება მიდიოდეს, უმჯობესი იქნებოდა, გამოიძიონ, რა როლი ჰქონდა ამერიკის სახელმწიფო უწყებებს და სახელმწიფოს წარმომადგენლებს 2020 წლის პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ის მაიკლ კარპენტერის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი მაღალჩინოსნის თუ პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გავრცელებული ცრუ ბრალდებები და ცრუ ნარატივები.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი სურვილია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა. სამწუხაროდ, ბევრი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა აშშ-ის ზოგიერთ წარმომადგენლის მხრიდან წინა წლებში და ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, გადატვირთვა. ამას ხელს უშლის, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ ცრუ ბრალდებები და ცრუ ნარატივები ვრცელდება", - განაცხადა პაპუაშვილმა.