''ძლიერი საქართველოს'' ლიდერები ქვემო ქართლის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კოალიციის ლიდერებმა თაზო დათუნაშვილმა, ლანა გალდავამ და აგილ მუსტაფაევმა მარნეულში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორია კოალიციის გეგმები ქვემო ქართლის რეგიონთან დაკავშირებით, რა აწუხებს მოსახლეობას და რის გაკეთებას აპირებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.
"ძლიერი საქართველოს საარჩევნო კამპანია გრძელდება. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვაწარმოებთ გამარჯვების კამპანიას. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოს მოსახლეობამ ყველგან გაიგოს, რომ ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობა და რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში 26 ოქტომბერს სრულდება.
ახლა, ჩვენ, ვიმყოფებით მარნეულის რაიონის სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში, რომელიც ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმ 12-წლიანი ჭაობის, რომელშიც დღეს არის ქვეყანა. ეს არის ინფრასტრუქტურული ჯოჯოხეთი,რომელიც ივანიშვილმა მოაწყო თავის კლეპტოკრატიულ რეჟიმში, სადაც კორუფციაზე არის მთლიანად მორგებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი და სოფლები, ქალაქები, დაბები რჩებიან უგზოდ, წყლის გარეშე. ჩვენი მიზანია, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ შეუწყვეტელი აღმშენებლობა დაიწყოს და ძლიერი საქართველო ნამდვილი რეალობა გახდეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ჩვენ, ამ ამბავს მივიტანთ საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე და ამ 45 დღის მანძილზე, რომელიც რჩება საქართველოს მოქალაქეებს დავუბრუნებთ საკუთარი მომავლის იმედს და რწმენას, რომელიც ივანიშვილმა გააქრო. ამიტომ, "ძლიერი საქართველო" არის ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც ამ ჭაობს ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ლანა გალდავას განცხადებით, "ძლიერი საქართველო" მოსახლეობას ჰპირდება, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ქვეყანაში იქნება აღმშენებლობა, იქნება 1000-ლარიანი პენსია და იქნება 200 000 სამუშაო ადგილი.
“ძლიერი საქართველო, 9 ნომერი, გპირდებათ დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. არ შეიძლება, რომ ყველა რეგიონში სადაც მივდივართ ვხედავდეთ შეჩერებულ მშენებლობებს, შეჩერებულ ყველა პროექტს, კორუფციით განიავებულ ბიუჯეტებს და ამავდროულად ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, ბიუჯეტი არ არის მათი ფული, არ არსებობს სახელმწიფოს ფული, არსებობს გადასახადების გადამხდელების ფული, ფული, რომლებსაც ჩვენ, ყველანი ვიხდით, გადასახადის გადამხდელები და ამიტომაც ფული უნდა მოხმარდეს ხალხს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არის საკუთარი კომფორტის სამსახურში და არ არის ხალხის სამსახურში. "ძლიერი საქართველო" გპირდებით თქვენს მსახურებას, გპირდებათ იმას, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში იქნება აღმშენებლობა, იქნება 1000-ლარიანი პენსია, იქნება 200 000 სამუშაო ადგილი და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის განვითარება იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესის შესაბამისად და გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან, რაც ნიშნავს 14-მილიარდიან ბაზარს ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ძალიან დიდი სტიმულაცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის”, - განაცხადა ლანა გალდავამ.
ამასთან, როგორც აგილ მუსტაფაევმა განაცხადა, 26 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუტორ-ლეჟბადინიდან დაიწყება ქვეყნის აღმშენებლობა.
„აქ, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში, მოსახლეობა ითხოვს გზის რეაბილიტაციას. უამრავჯერ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, სამწუხაროდ, უარი მიიღეს. არსებობს ინფორმაცია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებისას ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ეუბნება, რომ თუ ისინი მისცემენ ხმას " ქართულ ოცნებას" არჩევნების მერე გაკეთდება გზა. ძალიან სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ არამარტო ამ სოფელში, არამედ სხვაგან იგივე სიტუაციაა. ჩვენ, "ძლიერი საქართველო, ნომერი 9, ხალხს ვპირდებით, ამ სოფლის მოსახლეობას, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვების შემდეგ მარნეულის მუნიციპალიტეტის ამ სოფლიდან დავიწყებთ ქვეყნის აღმშენებლობას“, - განაცხადა აგილ მუსტაფაევმა.