ეკა გიგაური - ხელისუფლება ღიად ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა - თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს

საქართველოში შექმნილი ვითარება დრამატულია, მაგრამ მე აქ თანაგრძნობისთვის არ მოვსულვარ. ახლა გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. უკან დახევას არ ვაპირებთ! , - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა აშშ-ში, სენატში გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც განხილვის თემა „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტებია“.

როგორც გიგაურმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, ხელისუფლებამ რუსული მეთოდებით გააგრძელა კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანია, სადაც სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო მეგობრებს საქართველოს დესტაბილიზაციის მოსურნე „გლობალური ომის პარტიად“ წარმოაჩენს.

გიგაურის თქმით, ხელისუფლება ღიად ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

„მე ეკა გიგაური ვარ, ვხელმძღვანელობ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში კარგი მმართველობისა და კორუფციის თემებზე მუშაობს. მოგიყვებით საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მტრულად განწყობილ კანონმდებლობაზე და გაგიზიარებთ ჩემი, როგორც უფლებადამცველის პირად გამოცდილებას სახელისუფლებო თავდასხმებთან დაკავშირებით.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონების შემოღების ტენდენცია საგანგაშოა. პირველად ეს კანონები რუსეთში პუტინის რეჟიმმა დანერგა, რასაც შედეგად კონსოლიდირებული ავტოკრატია მოჰყვა. საქართველოს მსგავს ქვეყნებში, ამ ტიპის კანონების მიღებასთან ერთად, ავტოკრატიული მმართველები მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ იწყებენ მოქმედებას - ერთდროულად რუსულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას აძლიერებენ, თან საზოგადოებას ხლეჩენ და ძირს უთხრიან აშშ-სთან და ევროკავშირთან პარტნიორობას.

ამ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად კი ორი მთავარი ელემენტია აუცილებელი:

აქტიური მოქალაქეების ერთიანობა, რომელთა გაცნობიერებული არჩევანიცაა თავისუფლება და მზაობა მის დასაცავად; და მეორე, საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მძლავრი მხარდაჭერა აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. საქართველოს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები უნდა საუბრობდეს და მოქმედებდეს მორალური ავტორიტეტით, მტკიცედ და დამაჯერებლად. სამი ათეული წელია, ზუსტად ასეთ პარტნიორად იქცა ჩვენთვის ამერიკა, როდესაც ქართველებს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დაცვაში გვეხმარებოდა.

ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის გასაკეთებელი საქმე, ამერიკამ უნდა გააკეთოს. არა და არა! საქართველოს მოქალაქეების გააზრებული არჩევანია თავისუფლება ავტორიტარიზმის ნაცვლად, თავისუფლებას კი ვერავინ, ყველაზე დიდი მოკავშირეც, ვერ მოგანიჭებს. ხალხმა, ვისთვისაც ამერიკა ყოველთვის იყო შთაგონების წყარო, ზუსტად იცის, რომ თავისუფლების მოპოვება მხოლოდ ბრძოლითაა შესაძლებელი!

იქ, სადაც დემოკრატიის მხარდამჭერი ძლიერი მოძრაობები არსებობენ, ხოლო ამერიკასთან პარტნიორობას რუსეთის მსგავსი ქვეყნები უქმნიან საფრთხეს - რასაც ახლა საქართველოში ვადევნებთ თვალს - მოქალაქეების დემოკრატიული მისწრაფებების თანმიმდევრული მხარდაჭერა შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს.

საქართველოში „რუსულ კანონს“ სახალხო მღელვარება მოჰყვა. თუმცა ხელისუფლებამ მაინც განაგრძო წითელი ხაზების გადაკვეთა რუსული ყაიდის მმართველობის დასამყარებლად. ამიტომ ქართველებისთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, ფაქტობრივად, რეფერენდუმია! მკაფიო არჩევანი დემოკრატიულ, წარმატებულ ევროპულ მომავალსა და ჭაობში ჩარჩენილ რუსეთის სატელიტად გახდომას შორის.

თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება და ქვეყანა კვლავ რუსულ ორბიტაზე მოექცევა, ეს დემოკრატიული განვითარების შანსებს საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოსაც გაუქრობს. გეოპოლიტიკურად ეს ასე ითარგმნება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს და თავის გავლენის სფეროში მოგვაქცევს.

რუსეთში აპრობირებული ავტოკრატიული მიზნები მარტივია: კრიტიკული ხმების ჩახშობა, სამოქალაქო სივრცის ჩაკეტვა და თავისუფალი მედიის გაქრობა. ამ მიზნების მიღწევისთვის კი კანონიერების ცრუ ფასადით შენიღბული ანტი-არასამთავრობო კანონმდებლობა ძალიან მოხერხებული იარაღია.

საქართველოში ეს პროცესი სამ ეტაპად წარიმართა:

პირველი ფაზა: რეპრესიების დასაკანონებლად ნიადაგის მომზადება

ყველაფერი სამოქალაქო საზოგადოების, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) და დემოკრატიის მხარდამჭერი ამერიკული ორგანიზაციების წინააღმდეგ მასიური კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანიით დაიწყო. სხვა კოლეგებთან ერთად, მე და ჩემი ოჯახის წევრებიც გავხდით მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმებისა და დაშინების სამიზნე.

მეორე ფაზა: კანონის მიღება საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად - სახალხო მღელვარების, ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მკაფიო გაფრთხილების მიუხედავად, კანონი მაინც მიიღეს. ხელისუფლებამ რუსული მეთოდებით გააგრძელა კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანია, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო მეგობრებს საქართველოს დესტაბილიზაციის მოსურნე „გლობალური ომის პარტიად“ წარმოაჩენს. ხელისუფლება ღიად ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

მესამე ფაზა: რუსული კანონის აღსრულება

ახლა, ამ საუბრის პარალელურად, საქართველოში კანონის აღსრულების მესამე ფაზაა დაწყებული. კანონის რეპრესიული ზომები მოიცავს:

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებისთვის „უცხოური აგენტების“ იარლიყის მიწებებას. ქართველებისთვის ეს ტერმინი დამამცირებელია და საბჭოთა რეპრესიებთანაა ასოცირებული.

მძიმე ფულადი ჯარიმების დაწესებას და ქონების დაყადაღებას მათთვის, ვინც უარს ამბობს „აგენტად“ დარეგისტრირებაზე ან არ მიაწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას.

პირადი ხასიათის მგრძნობიარე ინფორმაციის გამოთხოვას, რაზეც უარი ასევე ჯარიმებს ან აქტივების გაყინვას იწვევს.

საქართველოში შექმნილი ვითარება დრამატულია, მაგრამ მე აქ თანაგრძნობისთვის არ მოვსულვარ. ახლა გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. უკან დახევას არ ვაპირებთ!

ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ. ქართველ ხალხს ამერიკელი და ევროპელი მეგობრები უჭერენ მხარს; მკაფიო გზავნილებით ესაუბრებიან ქართველ ავტოკრატებს; ამხნევებენ მათ, ვინც დემოკრატიას იცავს; ასანქცირებენ მათ, ვინც დემოკრატიას აზიანებს; „მეგობარი აქტისა“ და „ქართველი ხალხის აქტის“ ინიციატივებით გამოდიან. ამ მხარდაჭერას გულითადად აფასებს თითოეული ქართველი, ვისთვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა და ჩაგვრა მიუღებელია.

ქართველები კარგად აცნობიერებენ, რომ თავისუფლება მარტივად არ მოდის და მას მოპოვება სჭირდება - მთელი ჩვენი ისტორია ასეთი ბრძოლის და თავგანწირვის მაგალითებითაა სავსე. ამერიკისა და მისი მოკავშირეების დახმარებით, ჩვენ ერთხელ უკვე ავაშენეთ მსოფლიოს ამ ნაწილში განვითარებადი დემოკრატია და მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, ახლაც გავიმარჯვებთ სახელოვნად!

მოხარული ვარ, ვუპასუხო თქვენს კითხვებს, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავხადოთ ქართველი ხალხისადმი ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა კიდევ უფრო ეფექტური,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა მოსმენაზე.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი