არჩილ გორდულაძე - ეკა გიგაურის მიერ სენატში გაკეთებული განცხადებები გაჯერებული იყო ტყუილებით - არ შეიძლება კაპიტანი გიგაური ჩაითვალოს ობიექტურ დამკვირვებლად

ეკა გიგაურის მიერ სენატში გაკეთებული განცხადებები გაჯერებული იყო ტყუილებით და მეტი არაფრით - არ შეიძლება ის ჩაითვალოს ობიექტურ დამკვირვებლად ან ობიექტურ პირად, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკა გიგაური ხშირად გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებით და ქმედებებით და სწორედ ეს ვიხილეთ გუშინ სენატში.

"არ შეიძლება ეკა გიგაური ჩაითვალოს ობიექტურ დამკვირვებლად ან ობიექტურ პირად. მას სამოქალაქო სექტორიდან სხვა არაფერი გაუკეთებია, თუ არა ქვეყნის გაშავება, რეპუტაციის შებღალვა. ეს ადამიანი პირდაპირი მნიშვნელობით, ხშირად, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განცხადებებით და ქმედებებით არის გამორჩეული. ზუსტად ეს ვიხილეთ ჩვენ გუშინ სენატში. მისი განცხადებები გაჯერებული იყო ტყუილებით და მეტი არაფრით. რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც მის თანხებს მალავს და ორიენტირებულია იმაზე, რომ შემოსული და დახარჯული თანხები დამალოს და ყველაფერს აკეთებს ამისთვის, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, რომ რაიმე ობიექტურ ჭეშმარიტებას და ერთ ფაქტს მაინც დაასახელებდა კონგრესის მოსმენის დროს.

კაპიტანი ეკა გიგაური წარადგინეს, როგორც ობიექტური დამკვირვებელი 2012 წლის შემდეგ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლაზე. როცა ასეთი განცხადებები კეთდება, თითქოს ისე გამოდის, რომ 2004-2012 წლებში საქართველოში დემოკრატია ყვაოდა და 2012 წლის შემდეგ, როცა "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით დიდი მიღწევებია, თურმე, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გვაქვს. რბილად რომ ვთქვათ, ეს გულდასაწყვეტი და სამწუხაროა," - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, 12 სექტემბერს, სენატში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. განხილვის თემა იყო „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები".

მოსმენაზე მოხსენებით წარსდგა არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური.

როგორც გიგაურმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, ხელისუფლება ღიად ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მისი თქმით, თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს.

გიგაურის განცხადებით, ხელისუფლებამ რუსული მეთოდებით გააგრძელა კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანია, სადაც სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო მეგობრებს საქართველოს დესტაბილიზაციის მოსურნე „გლობალური ომის პარტიად“ წარმოაჩენს.

"საქართველოში შექმნილი ვითარება დრამატულია, მაგრამ მე აქ თანაგრძნობისთვის არ მოვსულვარ. ახლა გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. უკან დახევას არ ვაპირებთ!", - განაცხადა გიგაურმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა