„სამოქალაქო იდეა“ - საქართველოს მთავრობის მიერ თანამშრომლობისთვის შემოთავაზებული ჩინური კომპანია საეჭვო რეპუტაციის მქონე ენერგეტიკული კორპორაციაა - მთავრობა კვლავ არ იჩენს საკმარის პასუხისმგებლობას ჩინურ კომპანიებთან მიმართებით

ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ თანამშრომლობისთვის შემოთავაზებული ჩინური კომპანია China Huadian Corporation, საეჭვო რეპუტაციის მქონე ენერგეტიკული კორპორაციაა და მთავრობა „კვლავ არ იჩენს საკმარის პასუხისმგებლობას ჩინურ კომპანიებთან მიმართებით“.

ორგანიზაცია აღნიშნული კომპანიის დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ „მრავალი კანონდარღვევის შემთხვევის გარდა, ვერც მისი მდგრადობისა და უსაფრთხოების რეპუტაცია ამართლებს თანამშრომლობის ტრაფარეტულ პირობებს“.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის, ინიციატივას საქართველოში ჩინური კომპანიის China Huadian Corporation-ის მოწვევის შესახებ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 12 სექტემბრის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, რომელსაც განახლებადი ენერგიის წყაროების დიდი რესურსი აქვს, დაინტერესებულია, ითანამშრომლოს ჩინურ ენერგეტიკულ კომპანიებთან.

ჩინური კომპანია: ხელისუფლება კვლავაც აგრძელებს იმ ტრადიციებს, რომლითაც ჩსრ-ის საქართველოში მოქმედი სხვა კომპანიები ხასიათდებიან: მაღალი უსაფრთხოების რისკები, მძიმე კანონდარღვევები, კორუფციის ბრალდებები, და სხვა.

შემოთავაზებული China Huadian Corporation საეჭვო რეპუტაციის მქონე ენერგეტიკული კორპორაციაა. ბუნებრივია ისიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაშია. მის საკრედიტო რეიტინგს საერთაშორისო კომპანია Fitch-ი აფასებს2, როგორც “ნეგატიურს“. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია არასტაბილური საკრედიტო გამოწვევების წინაშე დგას და შესაძლოა დავალიანების დაფარვის პრობლემების გამო დეფოლტი განიცადოს. მისი კოლაფსი კი, ცნობების მიხედვით, იქნება განსაკუთრებით დამანგრეველი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი დანარჩენი სამი მთავარი ენერგო-კორპორაციისთვისაც, ვინაიდან, სამივე მათგანი ერთსა და იმავე ბაზარზე ოპერირებს და ჰყავთ, ფაქტობრივად, იდენტური ინვესტორები.

ასევე, პრობლემატურია China Huadian Corporation-ის სათავეში მყოფი ბიზნესმენთა პროფილები:

2012 წელს, სი ძინპინის წამოწყებულ ანტი-კორუფციულ კამპანიას და მის სადამსჯელო ზომებს ვერ გადაურჩა ბევრი ისეთი ენერგეტიკული კომპანია, რომლებიც ცდილობდნენ მოგების არაკეთილსინდისიერი გზებით გაზრდას. მათ სიაში შედის საქართველოს ბაზრით ახლად დაინტერესებული China Huadian Corporation-იც. 2019 წელს, კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორზე, იუნ გონგმინზე, და მის მოადგილეზე, ლი ჩინვეიზე, საქმე აღიძრა „კანონისა და დისციპლინის სერიოზული დარღვევის საფუძველზე,“ ნათქვამია დისციპლინური ინსპექციის ცენტრალური კომისიის (CCDI) განცხადებაში, რომელიც პასუხისმგებელია ჩინეთში კორუფციის შესახებ გამოძიებაზე. სი ძინპინის ამ კამპანიის პერიოდში ორ დასახელებულ მაღალჩინოსანზე გამოძიება დაიწყო კორუფციის, ქრთამის აღებისა და მთავრობის კუთვნილი თანხის პირადი მიზნებისთვის გამოყენების ბრალდებით.

იუნმა აღიარა 72 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ქრთამის აღება. როგორც აღმოჩნდა, 1992 წლიდან 2016 წლამდე მისთვის ქრთამის აღების გამო ბრალი არაერთხელ წაუყენებიათ. ასეთი გახლავთ China Huadian Corporation. რაც შეეხება მის მოადგილეს, არანაკლებად სათუო რეპუტაციის მქონე ლი ჩინვეის, ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა მის მიერ უკანონოდ მითვისებული ქონების სრული კონფისკაცია და მისთვის კუთვნილი რიგი სარგებლის, მათ შორის, პენსიის შეწყვეტა.

Reuters-ის ცნობით, დისციპლინური ინსპექციის ცენტრალურმა კომისიამ CHD დაადანაშაულა ქვანახშირის მაღაროებზე მონოპოლიის აღებისას გამოვლენილ სერიოზულ დარღვევებსა და თანამდებობის პირების ნეპოტიზმით დანიშვნაში8. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქმედებებმა გამოიწვია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების მნიშვნელოვანი ზარალი და შეარყია ჩინეთის ენერგეტიკული სექტორის მთლიანობა.

შემაშფოთებელია ასევე China Huadian Corporation-ის 2024 წლის რეიტინგი ESG-ის (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საზომი) მიხედვით9, რომელიც მას აფასებს, როგორც „მძიმედ სარისკოს“, 51,8 ქულით. ნეგატიურად აფასებს კომპანიას S&P Global-იც, რომელიც საკუთარი საერთაშორისო საზომების მიხედვით, ბრალს სდებს მას გამჭვირვალობის ნაკლებობისა და მდგრადობისადმი არასაკმარისი ძალისხმევის გამო.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის საქმიანობა მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხების კუთხით. კომპანია გარემოს დაბინძურების შემთხვევებთან ასოცირდება არა მარტო ჩინეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ამგვარად, World Benchmarking Alliance-ის შეფასებით, China Huadian Corporation ვერ აკმაყოფილებს გარემოსა და კლიმატის დაცვისთვის საჭირო კრიტერიუმებს. გარდა ამისა, კომპანიას, რომელიც ქვანახშირის მომპოვებელ მრეწველობაშია ჩართული, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჰაერის დაბინძურებაში.

საინტერესოა, რომ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, კომპანია არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი უშუალოდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების მხრიდან:

2007 წელს, ჩინეთის გარემოს დაცვის სააგენტომ, „სერიოზული დარღვევების გამო“ China Huadian Corporation 80-ზე მეტ სხვა კომპანიასთან ერთად, შავ სიაში შეიყვანა. სააგენტომ განაცხადა, რომ იგი არ დაამტკიცებდა ენერგეტიკის სფეროში მოქმედი ოთხი დიდი კომპანიის, მათ შორის China Huadian Corporation-ის ახალ პროექტებს მანამ, სანამ ეს კომპანიები მიმდინარე პროექტებს კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების ჩარჩოებში არ მოაქცევდნენ.

2011 წელს, ჩინეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ დააჯარიმა 8 ელექტროსადგური, რომელთაგანაც ზოგიერთი China Huadian Corporation-ის სახელს უკავშირდებოდა. სამინისტრომ ელექტროსადგურების დაჯარიმების მიზეზად დაასახელა გოგირდის დიოქსიდის ემისიის კონტროლის შესახებ კანონის დარღვევა.

კომპანიის საქმიანობა ადგილობრივთა უკმაყოფილებას იწვევდა ინდონეზიაში, სადაც 2021 წელს, ადგილობრივმა გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ (Aksi Ekologi Dan Emansipasi Rakyat) წერილით მიმართა ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკს, ჯაკარტაში ჩინეთის საელჩოსა და China Huadian Corporation-ს. კომპანია ინდონეზიაში ჩართული იყო ქვანახშირის ელექტროსადგურის, Sumsel 8-ის კონსტრუქციის პროცესში. ადგილობრივების უკმაყოფილებას განსაკუთრებით იწვევდა ის ფაქტი, რომ ელექტროსადგური შენდებოდა ქვანახშირის საბადოსთან ახლოს, სადაც, ასევე, ქვანახშირის მოპოვება მიმდინარეობდა. შესაბამისად, ელექტროსადგურის აშენებასთან ერთად გარემოზე ზიანი და დაბინძურება გაორმაგდებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ივლისში, გაეროს 13-მა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ჩინეთის მთავრობას მიმართა წერილით, რომელშიც ხაზგასმული იყო ტიბეტის კამტოკის ჰიდროელექტროსადგურის აშენების პროცესში გამოკვეთილი სოციალური გამოწვევები და გარემოსდაცვითი პრობლემები. საინტერესოა, რომ ექსპერტებმა მსგავსი ტიპის წერილით მიმართეს Huadian Jinsha River Upstream Hydropower Development C., Ltd-ს, რომელიც China Huadian Corporation-ის შვილობილი კომპანიაა. ხსენებული კომპანია ჩართულია ტიბეტში კაშხლის აშენების პროცესში.

პარადოქსია ის, რომ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე ამ ახალი თანამშრომლობის მარკეტირება მოხდა ისე, თითქოს, China Huadian Corporation ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებას. თუმცა რეალობა ცხადყოფს, რომ მრავალი კანონდარღვევის შემთხვევის გარდა, ვერც მისი მდგრადობისა და უსაფრთხოების რეპუტაცია ამართლებს თანამშრომლობის ტრაფარეტულ პირობებს.

ამ დარღვევების ფონზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ არ იჩენს საკმარის პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას ჩინურ კომპანიებთან მიმართებით. გადაწყვეტილებები კვლავ მიიღება კომპანიათა საერთაშორისო რეპუტაციის, საქმიანობისა და დარღვევების შემოწმების გარეშე, რაც აჩვენებს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მოწყვლადობასა და საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას“,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩინეთის ენერგეტიკული კომპანია China Huadian Corporation საქართველოს ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობისთვის მოიწვია. მინისტრი აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, რომელსაც განახლებადი ენერგიის წყაროების დიდი რესურსი აქვს, დაინტერესებულია, ითანამშრომლოს ჩინურ ენერგეტიკულ კომპანიებთან.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი