სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების დაცვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ განცხადებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე აქვეყნებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეტანილ სარჩელში ითხოვს, გოგოლაძის მიმართ დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის გაუქმებას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების დაცვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ითხოვს მის მიმართ დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის გაუქმებას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
ალექსანდრე გოგოლაძე 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამჟამად არის სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი. ალექსანდრე გოგოლაძემ 2024 წლის 1 მაისს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან წინასწარი შეთანხმებით, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაუყოვნებლივ დატოვა სომხეთი და საქართველოში გამოემგზავრა. ამავე დღეს, მან სოციალურ ქსელ "Facebook"-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც გამოეხმაურა ქვეყანაში "რუსული კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს და მიუთითა, რომ მისთვის მიუღებელი არის ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობდა, გმობდა ე.წ. "რუსულ კანონს" და ძალადობას, რომელსაც ხელისუფლება იყენებდა აქციების მონაწილეების მიმართ. მისი ეს პოსტი საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მედია საშუალებებმაც გაავრცელეს.
პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ალექსანდრე გოგოლაძის მხრიდან სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე დაიწყო დისციპლინური წარმოება. კერძოდ, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გოგოლაძემ მასთან შეთანხმებით დატოვა სომხეთის ტერიტორია, მან დაარღვია შვებულების მოთხოვნის წესი, ვინაიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით არ წარადგინა შესაბამისი განცხადება და დატოვა ადგილსამყოფელი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ გოგოლაძემ წარმოების პროცესში სამინისტროში წარადგინა ინფორმაცია მამის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ და მიუთითა, რომ 2024 წლის 1 მაისს მას სომხეთის რესპუბლიკაში საქართველო საელჩოში არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე და მხოლოდ ამიტომ ვერ შეძლო განცხადების წარდგენა, მინისტრის გადაწყვეტილებით, მას მაინც დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოეცხადა საყვედური, რომელიც დისციპლინური პასუხისმგებლობის მძიმე და არათანაზომიერ სახდელს წარმოადგენს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას საქმის მიმდინარეობის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.