ირაკლი კობახიძე, აბსოლუტურად შეგნებულად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ყველა მის სიტყვას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, ხვალ რუსეთის ფედერაცია გამოიყენებს ისევ ჩვენს წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება პარტნიორების ლანძღვითა და მძიმე ბრალდებებით გვაშორებს მეგობრებთან და ამით ქვეყანას კიდევ უფრო დაუცველს ხდის ოკუპანტის წინაშე.
„ქართულმა ოცნებამ“ მშვენივრად იცის, რომ მისი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა, უბრალოდ ამ კვლევებზე დაშვება არ აქვს ყველას, რომ ნახოს. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ნახულობს ამას და ზუსტად იციან, რამდენ პროცენტზე არიან ჩამოსული. აქედან გამომდინარე, ზუსტად იციან, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად სჭირდებათ მანიპულაციები. ამის გარეშე შეუძლებელია, ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლება შეინარჩუნონ.
როდესაც „ქართული ოცნება“ კობახიძის მეშვეობით წინასწარ ცდილობს ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების დისკრედიტაციას, ამას დაუმატეთ ბოლო კვირების განმავლობაში რას გვეუბნება რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა უწყება. უკვე მერამდენედ გვეუბნებიან, რომ დასავლეთი და შეერთებული შტატები საქართველოში გეგმავს რევოლუციას, ხელისუფლების ცვლილებას და ა.შ. როგორ შეიძლება, რომ ეს ორი რამ ასე სინქრონულად ხდებოდეს.
ირაკლი კობახიძე, აბსოლუტურად შეგნებულად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ყველა მის სიტყვას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, ხვალ რუსეთის ფედერაცია გამოიყენებს ისევ ჩვენს წინააღმდეგ.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რომ გვპირდება ხელისუფლება, ეს ყველაფერი როგორ მოხდება, ამაზე გიფიქრიათ? გამოდის ხელისუფლებაში მყოფი პარტია და მოქალაქეებს ეუბნება, მომეცით საკონსტიტუციო უმრავლესობა და თუ რამე მოხდება, შეიძლება ტერიტორიული მთლიანობა დავიბრუნოთო. თქვენ რა გგონიათ, რუსეთი დაუშვებს ამას? კიდევ ერთხელ გვატყუებენ. როდესაც გვეუბნებიან, რომ დღეს ბავშვებს იცავენ ქვეყანაში და ამ დროს ამ ბავშვებს თავს ესხმოდნენ და ძალადობდნენ მათზე სულ რამდენიმე თვის წინ, ათობით ათასი ბავშვი სოციალურად დაუცველია, ყოველდღიური მზრუნველობა სჭირდებათ და ამის პრობლემა რომ არის, იმის ნაცვლად, რომ ამ ბავშვებზე ზრუნავდნენ, ისინი საერთოდ არ აინტერესებთ, მაგრამ გამოდიან ისეთი განცხადებებით, რომლებიც რეალურად მარტო პროპაგანდისთვის სჭირდებათ.
„ქართული ოცნება“ ცდილობს, გამოიყენოს ყველა და ყველაფერი, რომ მათი ნდობით, მათი რეპუტაციით საკუთარი თავი გაიყვანოს ფონს. ხელისუფლება პარტნიორების ლანძღვითა და მძიმე ბრალდებებით გვაშორებს მეგობრებთან და ამით ქვეყანას კიდევ უფრო დაუცველს ხდის ოკუპანტის წინაშე“, - განაცხადა დაუშვილმა.