რუის-ურბნისის ეპარქიის ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიამ 22-ე სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს საპატრიარქოს რუის-ურბნისის ეპარქიის ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიამ 22-ე სასწავლო წელი დღეს მასშტაბური ღონისძიებით დაიწყო.

გიმნაზიაში ახალი სასწავლო წლის დაწყების ღონისძიებას რუის ურბნისის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი იობი, ეპარქიის სასულიერო პირები, მწერლები, ოლიმპიური ჩემპიონები - გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე, ასევე მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

როგორც გიმნაზიის რექტორმა არქიმანდრიტმა სტეფანემ (კორინთელი) აღნიშნა, გიმნაზიაში ამჟამად 180 მოსწავლე იღებს მაღალი ხარისხის განათლებას, მათ შორის 15 პირველკლასელია და გიმნაზიის სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია როგორც აკადემიურ განათლებაზე, ასევე სოციალურ, სულიერ და ფიზიკურ აღზრდასა და განვითარებაზე.

გიმნაზიის მოსწავლეები, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნების გარდა, მე-8, მე-9 და მე-10 კლასებში მედავითნეობას სწავლობენ, ასევე, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, ისწავლება საღვთო სჯული.

გასული წლის 12 კურსდამთავრებულიდან ყველა მათგანი სხვადასხვა ხარისხის გრანტით ჩაირიცხა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

გიმნაზიის რექტორის ხელმძღვანელობით, საქართველოში არსებული კულტურული მემკვიდრეობის კერების გარდა, მოსწავლეები ყოველწლიურად მიჰყავთ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, სადაც კულტურულ მემკვიდრეობას ეცნობიან.

„ქარელის სასულიერო გიმნაზიაში დღეს იწყება სასწავლო წელი, ღმერთმა დალოცოს ბავშვები. დღევანდელ დღეს, 14 სექტემბერს, არის საეკლესიო ახალი წელი, ყველას ვულოცავ ამ დღეს, დღეს ასევე არის ღვთისმშობლის კრების დღესასწაული, ეს ნიშნავს, რომ დედაღვთისმშობელთან რა დღესასწაულებიც არის დაკავშირებული, დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად აღინიშნება და დღესვე არის ყოველთა ქართველთა ერთობის დღე და ამ ერთობას ვუსურვებ სრულიად საქართველოს. ვფიქრობ, 14 სექტემბერი განსაკუთრებულად უნდა აღინიშნებოდეს მთელ საქართველოში, როგორც ყოველთა ქართველთა ერთობის დღე. ღვთის მადლი და წყალობა არ მოჰკლებოდეს სრულიად საქართველოს“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა იობმა.

„ამ გიმნაზიაში, მეუფე იობის ხელდასხმით ისეთ საქმეს აკეთებს რექტორი - მამა სტეფანე, რომ განუსაზღვრელია ამ სკოლის მნიშვნელობა. ბავშვები ისეთ გარემოში იზრდებიან, ყალიბდებიან და იღებენ განათლებას, მე არ მგონია, საქართველოში ბევრი იყოს ამგვარი სკოლა. რაც მთავარია, ამ გიმნაზიაში არის ფუნდამენტი - რწმენა, რაზეც შემდგომ შენდება ცოდნის მიღება“, - განაცხადა მწერალმა, გერმანისტმა ლევან ბერიძემ.

გიმნაზიის მოსწავლეებისთვის სასიხარულო აღმოჩნდა ქართველი ოლიმპიელების სტუმრობა, რომლებსაც ავტოგრაფებს სთხოვდნენ და მათთან ფოტოებს იღებდნენ.

„ვულოცავ გიმნაზიის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებ, რომ საუკეთესო განათლება მიიღონ. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძალიან განათლებული მომავალი თაობა და ვუსურვებ მათ ბევრ წარმატებას და წინსვლას. ძალიან პოზიტიური დღეა, ეს ახალგაზრდები, მოსწავლეები არიან ის ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ ძალზე გულწრფელ ემოციას და სიყვარულს, რაც ძალიან სასიამოვნოა და მე მზად ვარ ყოველთვის მათთან მეგობრობისთვის, კომუნიკაციისთვის“, - აღნიშნა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა.

„დღევანდელი დღე მინდა მივულოცო თითოეულ მოსწავლეს,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, ასეთ გარემოში მიიღონ განათლება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობას ვუხდი მეუფეს, ყველა იმ სასულიერო პირს, ვისი დამსახურებითაც არის აქ ამგვარი გარემო შექმნილი, ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა და ყოველთვის მზად ვარ, გვერდში დავუდგე ნებისმიერ ასეთ ინიციატივას. მინდა, წარმატებები ვუსურვო პედაგოგებს, მოსწავლეებს კი, რა თქმა უნდა, კარგად სწავლა და კარგი განათლების მიღება“, - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი