ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ეკონომისტის პროფესიულ დღისადმი მიძღვნილი VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: “მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები”. ინფორმაციას მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ.
მათივე ცნობით, მეცნიერებმა წარმოდგენილ მოხსენებებში განიხილეს საქართველო წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციის და ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელობის გაზრდის პირობებში. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 90-მდე მეცნიერ-ეკონომისტი.
კონფერენცია გახსნა და კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი შალვა კირთაძე. კონფერენციის მომაწილეებს პროფესიული ეკონომისტის დღე მიულოცეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ბადრი გეჩბაიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ. კონფერენციის პლენალურ სესიას უძღვებოდა აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა შონია.
„მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის ცვლილებების თავისებურებები უმთავრესად განპირობებულია გლობალიზაციის ტრანსფორმაციით. COVID-19-ის პანდემიამ დაასრულა ჰიპერგლობალიზაცია, რომელიც ჩაანაცვლა ტურბულენტურმა გლობალიზაციამ, რომელიც რუსეთის მიერ უკარიანაში დაწყებულმა ომმა და დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა შეცვალა კონფრონტაციული გლობალიზაციით. სავარაუდოდ, კონფრონატციულ გლობალიზაციას ჩაანაცვლებს გლობალიზაცია ეკონომიკური უსაფრთხოებით. როგორი გამოწვევების წინაშეა საქართველოს ეკონომიკა ასეთ პირობებში და რა პერსპექტივები ჩნდება მისთვის გლობალურ გარემოში - ამ საკითხებს განვიხილავთ დღეს...“, - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცნობით, ეროვნულმა ფორუმმა მუშაობა ოთხი სექციის ფარგლებში გააგრძელა ისეთი მიმართულებების მიხედვით, როგორიცაა ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი გამოწვევები და პერსპექტივები; ეკონომიკური უსაფრთხოების მაკროეკონომიკური პრობლემები, სოციალურ-დემოგრაფიული გამოწვევები და ეკონომეტრიკული მოდელირება; ეკონომიკური უსაფრთხოების მიკროეკონომიკური გარემო და მისი გაუმჯობესების ძირითადი მიმართულებები; რეგიონული სისტემების, ბიზნესის და ტექნოლოგიური განვითარების გამოწვევები საქართველოში. მათივე ინფორმაციით, დღის ბოლოს პლენალურ სხდომაზე შეჯამდა სექციებში მუშაობის შედეგები და ცალკეული სექციის ხელმძღვანელებმა კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.