ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი ამ განცხადებისთვის, - ასე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ დეპუტატი, სანდრო რაქვიაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.
მისი თქმით, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს და მოსახლეობას არაფერი აქვს საბოდიშო იმის გამო, რომ რუსეთი თავს დაგვესხა.
„ჩვენ ჯარისკაცებს, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს და მოსახლეობას არაფერი აქვს საბოდიშო იმის გამო, რომ რუსეთი თავს დაგვესხა. ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი ამ განცხადებისთვის. თუ ეს არ მოხდება, იმედია, ქართველი ხალხი სათანადოდ დააფასებს ამ და ბევრ სხვა განცხადებას და ქმედებას, რომლის ერთადერთი მიზანია, რომ რაღაცნაირად შუღლი და დაძაბულობა გაიზარდოს საზოგადოებაში, იმისთვის, რომ იქნებ ამ დაპირისპირებაში ძალაუფლება შეინარჩუნოს. ფაქტობრივად, როგორც ჩანს, ყველაფრის გაწირვა შეიძლება იმისთვის, რომ რაღაც შედეგი დაიდოს არჩევნებზე. იმედია, ამომრჩეველი ამ ყველაფერს დაინახავს და 26 ოქტომბერს სათანადოდ შეაფასებს“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, 14 სექტემბერს, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.