ნინო თანდილაშვილი ფოთში გარემოს ეროვნული სააგენტოს აეროლოგიური დაკვირვების სადგურის მუშაობის პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ქალაქ ფოთში გარემოს ეროვნული სააგენტოს აეროლოგიური დაკვირვების სადგურის მუშაობის პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნინო თანდილაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში, ნილს ქრისტენსენი და ქ. ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ფოთში დამონტაჟებული აეროლოგიური დაკვირვების სადგური ატმოსფეროს ზედა ფენებში, დედამიწის ზედაპირიდან 30-35 კმ სიმაღლემდე ზომავს მეტეოროლოგიურ პარამეტრებს: ქარის სიჩქარეს და მიმართულებას, ჰაერის ტემპერატურას და ტენიანობას, რომელიც საჭიროა ამინდის და სტიქიური მოვლენების მაქსიმალურად ზუსტი პროგნოზისთვის, კლიმატური ანალიზისთვის, ასევე, აგროწარმოებისთვის, წყლის რესურსების მართვისთვის, ავიაციისთვის, მრავალმხრივი საფრთხის შესახებ ადრეული გაფრთხილებისთვის და სხვა.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სადგური ინტეგრირებულია სააგენტოში არსებულ დაკვირვების სისტემებთან და თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო (ICT) სისტემასთან, რომლის დანერგვაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

„ქალაქ ფოთში გავხსენით გარემოს ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი რეგიონული ოფისი და სამხრეთ კავკასიაში პირველი, სრულიად თანამედროვე სტანდარტების აეროლოგიური სადგური, რომლის მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით ამინდის პროგნოზის კიდევ უფრო გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს. მომდევნო წლებშიც გავაგრძელებთ ფოთის რეგიონული ოფისის შესაძლებლობების გაძლიერებას იმისათვის, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს მაღალი სტანდარტების, თანამედროვე ამინდის პროგნოზირების სისტემა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის განვითარებისთვის“,- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.

ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხახუბიამ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს აეროლოგიური დაკვირვების სადგურის გახსნა მიულოცა და ხაზი გაუსვა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი აეროლოგიური სადგურის მნიშვნელობას ამინდის ზუსტი და სწრაფი პროგნოზირებისთვის.

„აღსანიშნავია, რომ აეროლოგიური სადგურის გახსნა არის საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, გაეროს განვითარების პროგრამის, კლიმატის მწვანეფონდის და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი“,- განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ნილს ქრისტენსენმა.

აეროლოგიური დაკვირვების სადგურის გახსნის ღონისძიებას გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ქ. ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ სადამკვირვებლო ქსელის გაფართოება საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, კლიმატის მწვანე ფონდის, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ დაფინანსებული, ფართომასშტაბიანი პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში