26 ოქტომბერს მოქალაქეებისთვის არჩევანი მარტივია: სჭირდება თუ არა მას სანქცირებული ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ იზოლაციისკენ წაიყვანს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა. გიგი წერეთლის განმარტებით, არჩევნების წინა პერიოდში ეს ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილებაა.
მისივე თქმით, ასე თუ გააგრძელებს ხელისუფლება და არჩევნებზე მანიპულირებას შეეცდება, ეს ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.
"საქართველოში, მთელი რიგი თანამდებობის პირების მიმართ ახალი სანქციები დაწესდა: ესენი არიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამასთან, დაწესდა არა მარტო სავიზო შეზღუდვები. რა თქმა უნდა, ეს მთლიანობაში, არასასიამოვნოა ქვეყნისთვის, რადგან ქვეყნის რეპუტაციას აზარალებს, ზრდის დასავლეთთან იზოლირებას, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, ის ქმედებები, რაც ამ სანქციების საფუძვლად იყო მოხსენიებული, როგორიცაა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, დეზინფორმაციის გავრცელება, დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი დევნა, ძალადობრივი ექსტრემიზმი, ამ ყველაფრის "რუსული კანონის" მიღებით დამძიმება, კორუფცია და ა.შ, ეს ყველაფერი არის პასუხისმგებლობის საგანი, რომელიც არსებობს კანონის წინაშე. ასევე, არსებობს საერთაშორისო პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან ორმხრივი პასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი საქართველოს დასავლეთთან აშორებს და ქვეყნის იზოლირება მოაქვს“,-განაცხადა წერეთელმა.
მისი თქმით, აშშ აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ ნაბიჯები შეეცვალა.
„ის ნაბიჯები, რასაც ხელისუფლება დგამდა, დემოკრატიასთან აბსოლუტურად არათავსებადი იყო. არჩევნების წინა პერიოდში ეს არის ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილება. ასე თუ გააგრძელებს ხელისუფლება და არჩევნებზე მანიპულირებას შეეცდება, ეს ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს და მთელ ქვეყანაზე იმოქმედებს. ამიტომ, ჩვენი ამომრჩევლისთვის, 26 ოქტომბერს არის ძალიან ნათელი არჩევანი: სჭირდება თუ არა ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ იზოლაციისკენ წაიყვანს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.