საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტმა ახალ სასწავლო წელი მოდიფიცირებული საბაკალავრო პროგრამებითა და განახლებული სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 2024-2025 აკადემიურ წელს ორი მოდიფიცირებული საბაკალავრო პროგრამით - ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, საინჟინრო მენეჯმენტი და ასევე ორი, განახლებული, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით - ჰიდროენერგეტიკის ლაბორატორია და ელექტროტექნიკური მასალების ლაბორატორია, იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მითივე ცნობით, 2024-2025 სასწავლო წელს ენერგეტიკის ფაკულტეტის სამივე საგანმანათლებლო პროგრამაზე სრული შევსებაა. კერძოდ, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია - გამოცხადებულ 210 ვაკანტურ ადგილზე 210 აპლიკანტი ჩაირიცხა, საინჟინრო მენეჯმენტზე 50-დან 50, ელექტრული და ელექტრონულ ინჟინერიაზე ასევე, 50-დან 50. საერთო ჯამში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე 2024-2025 სასწავლო წელს სწავლას შეუდგება, ბაკალავრიატი: 310 სტუდენტი; მაგისტრატურა - 65 სტუდენტი (55 - ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, 10 - ტექნოლოგიური პროექტების მენეჯმენტი და ინდუსტრიული პოლიტიკა); დოქტორანტურა - 7 სტუდენტი (6 - ენერგეტიკა დაელექტროინჟინერია, 1 - ინოვაციების და ოპერაციათა მენეჯმენტი).

ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლენა შატაკიშვილის თქმით, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, 16 სექტემბერს, პირველკურსელებთან პროგრამების მიხედვით, საინფორმაციო ტიპის შეხვედრები შედგება, სადაც ფაკულტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები გააცნობენ სტუდენტებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის სპეციფიკას, ფაკულტეტის ისტორიას, ყოველწლიური სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალს და ა.შ.

„ენერგეტიკის ფაკულტეტი 95 წლისაა. ის ერთადერთია, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები სრულყოფილ და მაღალკვალიფიციურ განათლებას ეუფლებიან. დღეს ენერგეტიკის ფაკულტეტის წარმატებაზე მეტყველებს მნიშვნელოვანი ფაქტი - 2025 წელს საბაკალავრო პროგრამა - „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების აკრედიტაციის საბჭოს, ABET აკრედიტაციაზე იქნება წარდგენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამა, საქართველოს მომავალ ენერგეტიკოსებს, საერთაშორისო სტანდარტების განათლებას მისცემს. ეს არის ნათელი გამოხატულება იმისა, რომ ფაკულტეტი მზადაა სწავლების უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს, რაც უნივერსიტეტის და ჩვენი პარტნიორების დამსახურებაა. ფაკულტეტის კურსდამთავრებული სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული, ხოლო პროფესორები აქტიურად არიან ჩართულები არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტში. ასევე, ჩვენი პროფესორები გადიან სტაჟირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაგეგმილია მერვე სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებში, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ენერგეტიკის ფაკულტეტის ფოიეს, აუდიტორიებს, დერეფნებს და სასწავლო ინფრასტრუქტურას განაახლებს. ეს და სხვა მიღწევები დიდი შრომის შედეგია. არაერთი პროექტის ინიციატივისა და მხარდაჭერისთვის მადლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს. მადლობა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს”, - აცხადებს ლენა შატაკიშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, ენერგეტიკის ფაკულტეტზე იწყება სამწლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით ლაბორატორიების საერთაშორისო ქსელის ფორმირებას, მსხვილი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სასწავლო მასალებისა და კურსების შემუშავებას, ცნობიერების ამაღლებას, ტრენერების გადამზადებას, პარტნიორ უნივერსიტეტებში სასწავლო ვიზიტებს. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (იტალია), ლა-კორუნიას უნივერსიტეტი (ესპანეთი), მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტი (უკრაინა), დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა), ADA-ს უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი), ხაზარის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი). 3E-Partneship -ის სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ფაკულტეტის დეკანი ლენა შატაკიშვილი და ამავე ფაკულტეტის თბოენერგეტიკის, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ენერგოაუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია არაბაძე 3E-Partneship -ის სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მივლინებით იმყოფებოდნენ ბელგიის ქალაქ გენტში KU Leuven-ის საინჟინრო ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც გაეცნენ უნივერსიტეტში არსებულ საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიას, რომელიც განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობისა ცოდნის გაღრმავებისაკენ არის მიმართული. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, Erasmus+CBHE პროგრამის ფარგლებში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა