ვალერი ჩეჩელაშვილი - სანქციები დააფიქრებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებსაც სჯერათ, რომ ხელისუფლება აშშ-სთან ურთიერთობებს გამოასწორებს და საქართველოს ევროპულ ტრაექტორიაზე დააბრუნებს

საქართველოს რეალობაში, ვფიქრობ, სანქციები ძალიან ბევრ ადამიანს დააფიქრებს და უპირველესად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებსაც დღესაც სჯერათ იმის, რომ „ქართული ოცნება“ გამოასწორებს ურთიერთობებს აშშ-სთან და საქართველოს ევროპულ ტრაექტორიაზე დააბრუნებს - ამერიკასთან ერთად ევროკავშირის მხრიდანაც გარკვეული სანქციების დაკისრების შესაძლებლობა ახლა გაცილებით უფრო რეალურია,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვალერი ჩეჩელაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მორიგი სანქციების პაკეტზეა საუბარი.

როგორც ჩეჩელაშვილმა განმარტა, სავიზო შეზღუდვასთან ერთად, საფინანსო სანქციები უკვე „ძალიან მკაცრი ზომაა“.

„4 პირს - ორ სამართალდამცავს და "ალტინფოს" ორ წარმომადგენელს, საფინანსო სანქციები დაუწესდათ, რაც ახალი დონეა. „მაგნიტსკის სიაში“ შეყვანა ეს სულ სხვა რამ არის. ეს არის ძალიან მკაცრი ზომა, რომელიც ამ პირებს უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში, საბანკო ანგარიშების გამოყენების ჩათვლით, სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის. ვფიქრობ, რომ ეს ბევრი ადამიანისთვის, რომელიც დღეს ამა თუ იმ ფორმით ადამიანის უფლებების რღვევით, „რუსული კანონის“ განხორციელებითა თუ ამდაგვარი საქმიანობითაა დაკავებული, ეს უნდა იყოს ძალიან სერიოზული გზავნილი. მათ ადგილზე ძალიან სერიოზულად დავფიქრდებოდი, იმიტომ, რომ ეს როგორც მოგახსენეთ, მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აისახება.

საფინანსო სანქციები თავისთავად ნიშნავს აშშ-ში არსებული აქტივების, ანგარიშებისა და ა.შ. გაყინვას, მაგრამ ეს მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ზოგადად, საბანკო ქსელით მომსახურებაზეა საუბარი. სხვათა შორის, საინტერესო იქნება, როგორ განხორციელდება საფინანსო შეზღუდვები საკუთრივ ქართული საბანკო სისტემის მიერ. ვფიქრობ, რომ შემდგომი ნაბიჯი შეიძლება იყოს ევროკავშირის ხელმძღვანელობის შესაბამისი რეაქცია. ამერიკასთან ერთად ევროკავშირის მხრიდანაც გარკვეული სანქციების დაკისრების შესაძლებლობა ახლა გაცილებით უფრო რეალურია. ეს „მაგნიტსკის სიაში“ შეყვანა, ვფიქრობ, უკვე ძალიან სერიოზული რადიკალური ნაბიჯია. ამის იქით რაღა უნდა მოხდეს, არ ვიცი“,- აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.

ვალერი ჩეჩელაშვილის განმარტებით, მორიგი სანქციები „გარდაუვალად აისახება მოახლოებულ არჩევნებში ელექტორალურ სიმპათიებზე“.

„საქართველოს რეალობაში, ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრ ადამიანს დააფიქრებს და უპირველესად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებსაც დღესაც სჯერათ „ქართული ოცნების“. სჯერათ იმის, რომ ის გამოასწორებს ურთიერთობებს აშშ-სთან, საქართველოს ევროპულ ტრაექტორიაზე დააბრუნებს და ა.შ. ამ ნაბიჯების შემდეგ ყველა უნდა დაფიქრდეს, რამდენად ძალუძს „ქართულ ოცნებას“ ეს დანაპირებები შეასრულოს. თუ ეს მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტთან, რაც ნიშნავს პროევროპულ გზას და ევროკავშირში და ნატო-ში გაერთიანებას, შესაბამისად, „ქართული ოცნება“, ამას რეალობაში ვერანაირად ვერ შეძლებს, როგორც გვპირდება [რომ შეძლებს]. ეს იმიტომ, რომ კონკრეტულად უკვე ძალიან მკაცრ ფინანსურ სანქციებზე გვაქვს საუბარი. ვფიქრობ, ეს გარდაუვალად აისახება ელექტორალურ სიმპათიებზეც. ამასთან, ეს დამატებითი ფაქტორი იქნება „ქართული ოცნებისთვის“ სერიოზული პრობლემის შექმნის, მათ შორის და უპირველესად, მოახლოებული არჩევნების კონტექსტში“,- განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა