სოზარ სუბარი - ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ გზა გადის საკუთარი შეცდომების დანახვასა და აღიარებაზე და ამ შეცდომების გამო ბოდიშის მოხდაზე - ნებისმიერი ოცნება ქვეყნის გამთლიანებაზე არის ამაო, თუ ადამიანებს შორის ნდობა ვერ აღდგება

ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულმა განცხადებამ მკაფიოდ წარმოაჩინა ის გადაულახავი უფსკრული, რომელიც ყოფს და ერთმანეთისგან მიჯნავს, ერთი მხრივ, აგენტოკრატიას, რომელიც „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი და მეორე მხრივ - ქართულ საზოგადოებას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზაა თანხმობის პოლიტიკა და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ქართულმა სახელმწიფომ უნდა გადადგას - „თავის თავში იპოვოს ძალა და ბოდიში მოუხადოს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ ომის შედეგად“.

„დღეს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და სანამ ეს არ მოხდება, მანამდე ქართული სახელმწიფოს არსებობა მუდამ საფრთხის ქვეშ იქნება.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა მშვიდობაა, რადგან, ჯერ ერთი, ომი რა შედეგსაც იწვევს, კარგად ვიცით და არაერთხელ გვინახავს და მეორე და მთავარი: ჩვენი მიზანია თანხმობით ვიცხოვროთ ერთიან სახელმწიფოში ჩვენსავე თანამოქალაქეებთან, აფხაზებსა და ოსებთან ერთად, ეს კი, შერიგებისა და ურთიერთნდობის აღდგენის გარეშე შეუძლებელია.

ისინი თავად უნდა დარწმუნდნენ, რომ სწორედ საქართველოში ცხოვრება არის მათი კეთილდღეობისა და განვითარების, მათი თვითმყოფადობის შენარჩუნების და უსაფრთხოების გარანტი. ამის გარეშე ქვეყნის გაერთიანებაზე ფიქრი ილუზიად დარჩება. ეს კი, ბუნებრივია, ძალიან რთული, თუმცა, სავსებით შესრულებადი ამოცანაა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა არის თანხმობის პოლიტიკა. ამ მიმართულებით პირველი, ძალიან გაბედული განაცხადი უკვე გაკეთდა და ეს განაცხადი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. თანხმობა გულისხმობს ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის არსებული მტრის ხატის გაქრობას და იმ განცდის დამკვიდრებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომ სწორედ საქართველოს სახელმწიფოა მათი უპირველესი ქომაგი და ინტერესების დამცველი.

ბუნებრივია, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი სწორედ ქართულმა სახელმწიფომ უნდა გადადგას, რადგან სწორედ ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ეს თქვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა - ქართულმა სახელმწიფომ თავის თავში უნდა იპოვოს ძალა და ბოდიში მოუხადოს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ ომის შედეგად.

სწორედ, ეს არის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი, რადგან ამის გარეშე ქვეყნის გამთლიანებაზე ნებისმიერი ოცნება ამაო იქნება, თუ ადამიანებს შორის ნდობა ვერ აღდგება.

ვინც ამ გზაზე უარს ამბობს, მას არ უნდა მშვიდობა, მშვიდობის ალტერნატივა კი არის ომი, განადგურება, ათასობით და ათობით ათასი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი და ლტოლვილად ქცევა.

მე ვიყავი აფხაზეთის ომის მონაწილე - ერთი, რიგითი ჯარისკაცი და ძალიან კარგად ვიცი და ჩემს თავზე მაქვს განცდილი, რას ნიშნავს ის ცხელი ბომბების წვიმა, რომელსაც კოლექტიური ლომჯარიები ნატრობდნენ ჩვენი სამშობლოსთვის. ჩვენი სამშობლოსთვის, სწორედ, და არა - მათი სამშობლოსთვის, რადგან ამ უსამშობლოებს სამშობლო არ გააჩნიათ. მათი ერთადერთი ღირებულება და არჩევანი მათი უფროსების ბრძანება და მისადმი მორჩილებაა.

ამიტომ გაჰყვიროდნენ ხმამაღლა კოლექტიური გიგაურები, როცა უკრაინის ომი დაიწყო, რომ საქართველოსთვის „შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა“ და ეს ფანჯარა, არც მეტი, არც ნაკლები, ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებით ტანკების დაძვრას გულისხმობდა. ამას ითხოვდნენ, რადგან მათ პატრონებს სწორედ ეს სურდათ - მეორე ფრონტის გახსნა რუსეთისთვის, რათა მას უკრაინის ფრონტზე ძალების კონცენტრირება გასჭირვებოდა.

დღეს უკრაინაში ყოველდღიურად იღუპება ასობით და ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, ნადგურდება ქალაქები და სოფლები, უკრაინის მოკავშირეები კი პირდაპირ აცხადებენ, რომ მათი უმთავრესი ამოცანაა, უკრაინისადმი გაწეული დახმარება არ გასცდეს იმ ფარგლებს, რაც მათ ომში ჩართვას გამოიწვევს.

მეტიც, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა სიკორსკიმ პრანკერებთან საუბარში ისიც კი თქვა, რომ უკრაინას მომავალი არა აქვს - არა მხოლოდ როგორც სახელმწიფოს, არამედ, ომის შედეგად, მშვიდობის დამყარების შემდეგ, თვით უკრაინის ტერიტორიაც კი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდებაო.

და ბოლოს - ომს ჰყავს თავისი დამნაშავეები და მათ პასუხი უნდა აგონ როგორც სამართლიანი სასამართლოს, ისე ისტორიის სამსჯავროს წინაშე - ესეც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ხალხებს შორის შერიგება, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც დამნაშავეებად აცხადებენ მთელ ეთნოსებს - ოსებს, აფხაზებსა თუ ნებისმიერი ერისა და ეთნოსის წარმომადგენლებს, ჩვეულებრივი ფაშისტები და მოღალატეები არიან და მათ ხალხი 26 ოქტომბერს გასცემს პასუხს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა, რომლის განცხადებას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა