არავინ ამბობს, რომ მკვლელებს და მწამებლებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გორში, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, სრული ლუსტრაცია მოხდა, რომ ოპოზიცია „ომის პარტიას“, ომის ნარატივს წარმოადგენს და მართლაც ომი უნდათ.
„ერთი ფრაზა ვინმემ თქვას, სად ითქვა ან რუსეთი, მკვლელი ან მწამებელი, რომ რომელიმე მათგანის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს? ერთი ფრაზა ვინმემ დაასახელოს, აბა შეეკითხეთ. ტყუილი რატომ დასჭირდათ? ბოლოს და ბოლოს, უნდა ჩამოვყალიბდეთ, ოსები და აფხაზები, ჩვენი დები და ძმები არიან თუ არა. პანიკაში რომ ჩავარდნენ, დღეს გურამ მაჭარაშვილმა როგორც თქვა, კრუნჩხვებში რომ ჩავარდნენ ურთიერთპატიებასა და ბოდიშზე, დიდი შერიგება ბოდიშის გარეშე არ არსებობს.
როცა ვამბობდით, რომ ისინი „ომის პარტიის“ წარმომადგენლები არიან, გამოჩნდა თუ არა? მარტივი და სრული ლუსტრაცია მოხდა თუ არა, რომ დიახ, ისინი „ომის პარტიას“, ომის ნარატივს წარმოადგენენ და დიახ, მართლა ომი უნდათ. როგორც კი დიდი შერიგებისკენ პირველი ქმედითი ნაბიჯები დაინახეს, იმ წამსვე ამის საწინააღმდეგო, ვითომ ემოციური კამპანია დაალაგეს და იტყუებიან, თითქოს ვიღაცამ თქვა, რომ რუსებს უნდა მოუხადოს ვინმემ ბოდიში ან ანწუხელიძის მკვლელს და მწამებელს. ამიტომ, ასეთი ბინძური ტყუილი სჭირდებათ. აბა, ვინმემ შეგვეწინააღმდეგოს იმაში, რომ ოსები და აფხაზები ჩვენი დები და ძმები არიან. ამ ქვეყნის დიდი შერიგება, მხოლოდ ტერიტორიების კი არა, ხალხის გაერთიანება უნდა შევძლოთ ურთიერთპატიებით, მიტევებით. ურთიერთპატიების დროს, დიდი შერიგების წინაპირობად, საჭიროა ძლიერმა გადადგას ნაბიჯი და თქვას: დიახ, მე თქვენ, აფხაზებს, ოსებს და არა მკვლელებს და მწამებლებს, არა გმირების მკვლელებს და ოკუპაციის ავტორებს, არამედ ჩვენს დებს და ძმებს შემიძლია მოვუხადო ბოდიში, დავდგე ჩემს თავზე მაღლა, ურთიერთპატივისცემის ნაბიჯები გადაიდგას, ქვეყანა და ხალხი გაერთიანდეს“,-განაცხადა მდინარაძემ.
მისი განმარტებით, საქართველოს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, სადაც შერიგების სამინისტრო არსებობს.
„ესენი რომ შემოუშვა, შეიძლება შურისძიების სამინისტრო გააკეთონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, არავინ ამბობს, რომ მკვლელებს და მწამებლებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ. ის მკვლელი და გმირების მწამებელი, ისეთივე აფხაზები და ისეთივე ოსები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი. მიხეილ სააკაშვილის ქცევებით იხელმძღვანელოს რომელიმე ოსმა ან აფხაზმა? ქართველებზე ილაპარაკოს, რომ ჩვენ მკვლელები და მწამებლები ვართ? მაშინ ამ ლოგიკით ხომ შეუძლიათ იგივე დაალაგონ, ცოტა გონს მოეგონ, რაში შედიან და ვის სახელებს და გვარებს სვრიან ამ თემაში“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: - "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.