არც „მაილი“ და არც „მეილი“ არ მიმიღია. დიდი შანსია, რომ ვიყო სანქცირებული ან არ ვიყო, მნიშვნელობაც აღარ აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძის განმარტებით, მისი თანაგუნდელებიდანაც არავის მიუღია შეტყობინება აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით.
„ვეთანხმები ყველას, ვინც ამბობს, რომ ეს არ არის შემთხვევითი. ეს არის გარედან დალაგებული თემა, რომ „ალტ ინფო“ და ქართული პოლიცია „ერთ ქვაბში მოხარშონ“ და მათზე ერთი ასოციაცია გამოიწვიონ. ეს არის არაფორმალური მმართველობის შედეგები.
რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი მცდელობა იქნება გარედან ასეთი დალაგებული ნარატივების, რომ ოპოზიციას მაშველი რგოლი გადმოუგდონ. ასეთი რაღაცები რომ არ ხდებოდეს, ოპოზიციიდან არცერთს და შეიძლება ერთად აღებულს 3-4% არ ჰქონდეს. ერთადერთი, ეს თუ მიეხმარებათ, რომ რომელიმე ბარიერი გადალახოს“,-განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი მცდელობა იქნება დეზინფორმაციის და ტყუილად დასანქცირების.
„მათი პატრონების არაფორმალური გავლენები ისეთია, რომ ისინი ახერხებენ სანქცირებას. მართალია, ხშირ შემთხვევაში, ასე უსახელო სანქცირებას, მაგრამ ახერხებენ, მათ შორის კონკრეტული სახელებითაც, რაც ინსტიტუტის, პოლიციის უდიდესი შეურაცხყოფაა. მთავარი კითხვა, რაზეც საზოგადოებამ თავის თავთან უნდა გასცეს პასუხი, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველი სანქცირება იყო, მას შემდეგ სპეცრაზმის ხელმძღვანელი დაასანქცირეს? არიეს „ალტ ინფო“ ხალხში სპეციალურად, რომ საერთო ასოციაცია შექმნან. ერთადერთი რამ შეიცვალა, რომ არჩევნები მოახლოვდა. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი მცდელობა იქნება დეზინფორმაციის, ტყუილად დასანქცირების, სხვადასხვა გზით გარედან შემოტევების, მოქმედებებით, განცხადებებით და ა.შ. თუ დასასანქცირებელი იყო, პირველ სანქცირებაზე რატომ არ დაასანქცირეს სპეცრაზმის ხელმძღვანელი? მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ არჩევნები ახლოს არ იყო“,-განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია ხალხსაც კი ვერ ხვდება, თუმცა მათი მაშველი რგოლი გარედან სანქცირება და განცხადებებია.
„ეს მაშველი რგოლი ყველა არის ხავსის ძალის იქიდან გამომდინარე, რომ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი ეშველებათ. ქართველი ხალხი მიხვდა და კიდევ მიხვდება, რომ რაც უფრო მეტი იქნება გარედან ზეწოლა, ჩარევის მცდელობა საქართველოს არჩევნებში, ქართული საზოგადოება მით უფრო ხისტი იქნება ასეთი გადაწყვეტილებების მიმართ“,-განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დასანქცირდნენ.