ირაკლი კობახიძე - სანქციები არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა - ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდება დეოლიგარქიზაცია

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები არის არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა.

როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ნაბიჯს შეიძლება ჰქონდეს არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზანი.

მისივე თქმით, მსგავსი ნაბიჯებით ვერავინ უზრუნველყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას,

„სანქციები არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებს ხელი გავუწოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა. იცით, რომ ამაში ამერიკის ყოფილი ელჩის [კელი დეგნანი] განსაკუთრებული წვლილი იყო, რა წვლილზეა საუბარი ეს გასაგებია, ამ ფონზე ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ თემაზე ღია ვართ საუბრისთვის. ასეთ პირობებში მსგავსი ნაბიჯები არის კონტრპროდუქტიული.

გვესმის, რომ არის წინა საარჩევნო პერიოდი, ისიც გვესმის, რომ არის გარკვეული პრობლემები - ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, ასეთ პირობებში შეიძლება ვიხილოთ მსგავსი ნაბიჯები. წინასაარჩევნო პერიოდში ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთ ნაბიჯებზე ქართველი ხალხის მხრიდან იქნება ძალიან მკვეთრი პასუხი და ეს პასუხი იქნება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულისთვის ჩაბარება. ასეთი ნაბიჯებით ვერავინ უზრუნველყოფს ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება მოუტანა. ყველას ვურჩევ, რომ გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა, ასეთი რეჟიმს ხელისუფლებაში თავის დროზე მოყვანისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად იყო და არის აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის.

მისივე თქმით, ქართული მხარე ბრალს არ სდებს აშშ-ს. პრემიერის თქმით, დამნაშავეა არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ ის ოლიგარქიული ძალებია, რომლებსაც გავლენა აქვთ ოფიციალურ ინსტიტუტებზე აშშ-ი.

„პირადად ჩემი არაერთი განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვიყავით და ვართ ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ურთიერთობების გადატვირთვას სჭირდება ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომები. ამისათვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე ითქვას იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე და რა ხდება დღეს, 12 წლის თავზე, როდესაც სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი ჩაანაცვლა „ქართული ოცნების“ დემოკრატიულმა მმართველობამ. დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული მმართველობა, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი. იქნება ეს პოლიტიკური პლურალიზმი, მედია პლურალიზმი, ადამიანის უფლებების დაცვა, ციხეებში არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური პროგრესი თუ ა.შ. ყველა მიმართულებით გვაქვს დრამატული ფუნდამენტური პროგრესი. ანუ მანამდე იყო ხელისუფლება, რომელიც გარედან იყო დასმული, სისხლიანი რეჟიმი, რომელიც პირდაპირ ქუჩაში კლავდა ადამიანებს, 150 ადამიანი მხოლოდ ქუჩაში მოკლეს. ციხეებში კლავდნენ და აუპატიურებდნენ ადამიანებს. როდესაც ასეთ პირობებში, ვიღაც გარედან ცდილობს სისხლიანი რეჟიმი დააბრუნოს და დემოკრატიული მმართველობა მონათლოს არა დემოკრატიულად, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს მკაფიო პასუხების გაცემა.

ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდები, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები. ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადებები გავრცელებულია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. რაც სამწუხაროა, რადგან ჩვენ პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის. აქვე ვამბობ, რომ აქ დამნაშავეა არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც გავლენა აქვთ ოფიციალურ ინსტიტუტებზე აშშ-ი. შესაბამისად, ჩვენ ბრალს არა აშშ-ს ვდებთ, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით