„ახალი ქალაქი დიდი ისტორიით“ - რუსთავის მერიამ ქალაქის ბრენდირება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსთავის მაიდენტიფიცირებელი ახალი ფერთა გამის, ლოგოტიპის და სლოგანისგან შემდგარი ბრენდბუქის პრეზენტაცია, საზოგადოებას რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარუდგინა.
ინფორმაციის თანახმად, პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის წევრი, ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ.
რუსთავის ბრენდბუქის ინსპირატორი ქალაქის უძველესი ისტორია, რუსთავის ციხე და უფლისწულთა რეზიდენციის - ვოსტანქალაქის ამბავია, რომელიც თანამედროვე რუსთავის აშენებამდე 16 საუკუნით ადრე არსებობდა.
„რუსთავში არსებული გამოწვევების დაძლევასთან ერთად, ქალაქი, დღეს სწორედ იმ ეტაპზეა, როდესაც საკუთარი იდენტობის მახასიათებელი სიმბოლოების ქონა გახდა საჭირო. მე იმედი მაქვს, რომ „ახალი ქალაქი დიდი ისტორიით“, რუსთაველებში გააძლიერებს როგორც სიამაყის გრძნობას, ასევე დაგვანახებს იმ პერსპექტივას, რომელიც გვაქვს. ჩვენი ქალაქი არის ახალი, თუმცა მას აქვს ძალიან დიდი და უძველესი ისტორია. სწორედ ჩვენი ქალაქის ისტორიას გავუსვით ხაზი, როდესაც გუნდი ვმუშაობდით ბრენდინგზე. ბრენდბუქის მთავარი ფერი ფირუზისფერია. რუსთავის ციხეზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი 41 970 არტეფაქტიდან უძველესი, რომელიც ძვ.წ XIX-XVlll საუკუნითაა დათარიღებული სწორედ ფირუზისფერია“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
მერიის განმარტებით, ქალაქის ახალი ლოგოტიპი, რუსთავია სახელწოდების პირველი ასოა, რომელიც ექსკლუზიური კალიგრაფიული ფორმითაა შესრულებული და რუსთავის გერბზე გამოსახული უძველესი ციხის ასოციაციას ტოვებს. ლოგოზე არსებული ტალღოვანი ხაზები, ქალაქის სახელწოდებაში არსებულ სიტყვას- რუს, ანუ იმ არხს უკავშირდება, რომელიც თანამედროვე რუსთავის ადგილზე, მე-4 საუკუნეში არსებობდა. აღმავალი შტრიხები, კი ახალი რუსთავის ახალი განვითარების მანიშნებელია.
„რუსთავში ბევრი პროექტი, რეფორმა ხორციელდება და ქალაქის განვითარებისადმი სრულიად ახალი ნოვატორული მიდგომებია. ქალაქის ბრენდირებით, საზოგადოებას და საქართველოს, სრულიად განსხვავებული პერსპექტივებითა და შესაძლებლობებით ვაჩვენებთ დღეს რუსთავს, რომელიც 1940-იან წლებში კი არ შეიქმნა, არამედ უძველესი ისტორიის მატარებელია. ქალაქის ბრენდინგი და ახალი ლოგოტიპი, სწორედ რუსთავის უძველეს ისტორიაზე და ისტორიული ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილ არტეფაქტებზე დაყრდნობით შეიქმნა“, - განაცხადა რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატმა საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი შატაკიშვილმა.
„ბრენდბუქის მთავარი ფერი ფირუზისფერია და გაცილებით შორეულ წარსულს, თრიალეთის კულტურის ხანას უკავშირდება. რუსთავის ციხეზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი 41 970 არტეფაქტიდან უძველესი, ძვ.წ XIX-XVlll საუკუნითაა დათარიღებული და ფირუზისფერია.
მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ხელახლა აშენებული ქალაქი, რეალურად, უძველესი წარსულის-თრიალეთის კულტურის ეპოქის და უფლისწულთა რეზიდენციის ისტორიის მატარებელია.
ბრენდინგის პატერნი, ლოგოტიპი და სლოგანი - ,,ახალი ქალაქი დიდი ისტორიით", რუსთავის ქუჩებში, რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. ცენტრალურ გამზირზე გამოფენილ, ფირუზისფრად გაფორმებულ დროშებზე, ბილბორდებზე და მუნიციპალურ ტრანსპორტზე, ქალაქის ახალი ლოგოტიპია გამოსახული.
ახალი განვითარების რუსთავის ბრენდირება, ქალაქის მდიდარი ისტორიული წარსულის გაცოცხლებას, საბჭოთა ეპოქაში შექმნილი ქარხნების ქალაქის სტერეოტიპის გაბათილებას და რუსთავის თანამედროვე ქალაქად წარმოჩენას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.