მიუხედავად ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და "ქართული ოცნება," ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და ტექნიკური საკითხების გამო მხარეებმა პაუზა აიღეს.
"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე, მადლობა გიორგის (გახარიას). ჩვენ შევხვდით პირისპირ, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, ვისაუბრეთ წარსულზე, მაგრამ, რაც მთავარია, ვისაუბრეთ მომავალზე. მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება დიდი საშიშროება, ეს არის ან რუსული არჩევანი ან ჩვენი თავისუფლების ევროპული არჩევანი, აქედან გამომდინარე, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და "ქართული ოცნება," ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან და ძალიან სწრაფად ქვეყანა დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე“, - განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა: „ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, ავიღეთ პაუზა და პირველებს თქვენ შეგატყობინებთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ“.
ჟურნალისტებმა ხაზარაძეს კითხვა დაუსვეს წარსულში მასსა და გიორგი გახარიას შორის არსებულ დაპირისპირებაზეც, რაზეც ხაზარაძემ განუცხადა, რომ ახლა შეთანხმების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყანა განვითარდეს.
„ჩვენ შორის დაპირისპირება რომ იყო, ამას არ უარვყოფ. დაპირისპირება იყო, თქვენ გახსოვთ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, ეს არის ანაკლია. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ანაკლია აუცილებლად უნდა აშენდეს ევროპული და ამერიკული ინვესტიციებით. რა თქმა უნდა, ჩინელებიც შეიძლება იყვნენ ამ პროექტში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომელზეც არის თანხმობა და აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი. ეს არ არის ვინმეს პროექტი, ეს არის ქვეყნის პროექტი. ჩვენ ვნახეთ, რომ 5 წელია, გაჩერებულია და „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ეს პროექტი. თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს, ეს არის შეთანხმების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
როგორც ცნობილია, ორბელიანების სასახლეში მისვლამდე, გახარია-ხაზარაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს. "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია-საქართველოსთვის" ლიდერები პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაერთიანების საკითხზე მსჯელობდნენ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე 16 სექტემბერს, საღამოს მიიპატიჟა.