„ლელოს” და გახარიას წარმომადგენლებს ძალიან უჭირთ, რომ ურყევი ერთობა შეკრან, მაგრამ რა ქნან, მიუხედავად ამ თავისი გაჭირვებისა გარე ძალებისგან მიიღეს დავალება და იძულებული არიან, შეასრულონ, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს გუშინ ძალიან გაუჭირდათ ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დავალება მიღებულია და უნდა შესრულდეს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ „ლელოს“ და გახარიას წარმომადგენლებს ძალიან უჭირთ, რომ ურყევი ერთობა შეკრან, მაგრამ რა ქნან, მიუხედავად ამ თავისი გაჭირვებისა გარე ძალებისგან მიიღეს დავალება და იძულებული არიან, შეასრულონ. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის მიმართ არაერთი შეურაცხყოფა აქვთ ნათქვამი, უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, ერთი "თვალთხარიას" ეძახდა, მეორე დანაშაულებში ამხელდა (ვგულისხმობ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს), ისინი მზად არიან, რომ ამ შეურაცხყოფების და ურთიერთბრალდებების მიუხედავად შეერთდნენ, რადგან ასეთია მათი დავალება. გუშინ ვნახეთ, რომ მათ ძალიან გაუჭირდათ ამ ნაბიჯის გადადგმა, ალბათ, მათში რაიმე ადამიანური მაინც არის დარჩენილი, მაგრამ მიუხედავად ამისა დავალება მიღებულია და უნდა შესრულდეს”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამავე თემაზე საუბრის დროს გორდულაძემ ისაუბრა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის როლზე და აღნიშნა, რომ იგი კიდევ ერთხელ არღვევს კონსტიტუციას.
„ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ სალომე ზურაბიშვილის როლსაც, რომელიც დავალების შესრულებაში პირდაპირი მნიშვნელობით არის ჩართული. როგორც დავალების შესრულების ერთ-ერთმა რგოლმა თავისი როლი უნდა შეასრულოს და მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი ნეიტრალური და ზეპარტიული უნდა იყოს, ახლაც არღვევს კონსტიტუციას. ახლა ცდილობს, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში პირდაპირ ჩაერიოს. ეს არ არის სხვა არაფერი, თუ არა წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე ნებისმიერ დროს პოლიტიკაში ჩარევა, რაც კონსტიტუციის კიდევ ერთხელ დარღვევაა ზურაბიშვილის მხრიდან”, - განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე 17 სექტემბერს მიიპატიჟა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტთან ვიზიტამდე გახარია-ხაზარაძე პირისპირ შეხვდნენ.
ორბელიანების სასახლეში ვიზიტის დროს „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერები სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაერთიანების საკითხზე მსჯელობდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, მოლაპარაკება არ დაუსრულებიათ, არის ტექნიკური საკითხები და დროებით აიღეს პაუზა.
რაც შეეხება გიორგი გახარიას, მან აღნიშნა რომ მისი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებულია და დრო მამუკა ხაზარაძემ ითხოვა.