British Airways-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და საქართველოს ავიაბაზარზე მისი შემოსვლა არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ტურიზმის და საავიაციო სექტორების გაძლიერებისკენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მისი თქმით, მოლოდინია, რომ თბილისსა და ლონდონს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ცნობადობა გაიზრდება.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქართულ დელეგაციასთან ერთად ლონდონში იმყოფება, სადაც მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ, ლონდონსა და თბილისს შორის, კვირაში ოთხი სიხშირით, პირდაპირი ფრენების დაწყების თაობაზე, ავიაკომპანია British Airways-სს და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის შეთანხმება გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარქაშაძემ და British Airways-ის დაგეგმვისა და სტრატეგიის უფროსმა ოფიცერმა, ნეილ ჩერნოფმა. ხელმოწერას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში სოფიო ქაცარავა ესწრებოდნენ.
„ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ჩვენი კერძო სექტორისთვის, რადგან ისინი, აქტიურად, ჩვენთან ერთად დაიწყებენ საქართველოს პოპულარიზაციას და დიდი ბრიტანეთიდან ტურისტების მასპინძლობას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ British Airways-ის შემოსვლით გაუმჯობესდება დაკავშირებადობა არამხოლოდ დიდ ბრიტანეთთან, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც.
„ავიაკომპანიას აქვს ე.წ. „ზიარი კოდი“ „ამერიკან ეარლაინსთან“. ის იმას ნიშნავს, რომ British Airways-ის მიერ დაგეგმილი ფრენების განრიგი მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს, დიდი ბრიტანეთის გავლით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უკეთესი ტრანზიტული კავშირით იმოგზაურონ,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს მთავრობის კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად პირდაპირი ფრენა ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყება.
„ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია, ამდენად, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩვენი ქვეყნების დაახლოებას.
British Airways-ი მსოფლიოს 190 მიმარულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.
ამ დროისთვის, საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებენ. ასევე აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში, 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.