აშშ-ს სახელმწიფოს ქართველი ხალხის ვალი აქვს, რომ გამოიძიოს პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელების საკითხი და გაგვცეს პასუხი - რა იცოდა, ვინ იცოდა და თუ იცოდა რატომ მალავდა და რა მოტივები იდგა ამ ყველაფრის უკან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გაირკვა, რომ ISFED-მა და USAID ორივემ იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები 2020 წლის არჩევნებში იყო მცდარი. მისი თქმით, ეს საკითხი უნდა გამოიძიოს აშშ-მ.
„ჩვენ 2020 წელსაც ვნახეთ, მათ შორის, უცხოელი აქტორების მხრიდან ქართულ დემოკრატიაზე თავდასხმა. მაშინაც არ იყო ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ნაკლები. მათ შორის, აშშ-ის სენატიდანაც გავიგეთ, რომ ლეგიტიმაციას ზღვარზე გაიარა არჩევნებმაო. ამის თქმის საფუძველს რა აძლევდათ? - პარალელური დათვლის შედეგები. ვისი დაფინანსებული იყო? - აშშ-ის ბიუჯეტიდან. რომელი დონორი? - USAID. გაირკვა, რომ ISFED-მა და USAID ორივემ იცოდა, რომ იყო მცდარი შედეგები და ორივე გვატყუებდა, ჩვენც და საზოგადოებასაც. ხომ ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებია, რამდენი ხანია ხმამაღლა ვამბობთ, რომ გამოიძიონ ამერიკის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან 2020 წელს პარალელური დათვლის შედეგებში ჩართულობის საკითხი. რა იცოდა მაშინდელმა ელჩმა ამასთან დაკავშირებით და ყველას შევახსენებ, რომ USAID განთავსებულია საელჩოს ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, რთულია ვინმემ ამტკიცოს, რომ ის რაც იცის USAID-მა, არ იცის საელჩომ და ამ დროს ელჩი იყო ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შუამავალი. წარმოიდგინეთ სცენა, რომ ელჩმა იცის, რომ პარალელური დათვლის შედეგები არის ყალბი რაზეც მთელი ეს პროტესტია და ჩუმადაა - ეს ხომ მთლიან პროცესს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ? მე საჯაროდაც არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ფაქტი გამოიძიონ და სიმართლე დაადგინონ, თუმცა სამწუხაროდ რეაგირება არ არის. თუმცა მე ის მენიშნა, რომ იმასაც არ ამბობენ, რომ ეს ტყუილია. როდესაც ამასაც არ ამბობენ, დიდი ალბათობით სიმართლეა. იცოდა თუ არა ელჩმა ეს - მოკვლევამ უნდა დაადგინოს და ეს აშშ-ს ვალად ადევს ქართველი ხალხის მიმართ, რადგან 2020 წელს ეს ქვეყანა კინაღამ ამოტრიალდა იმის გამო, რომ რომელიღაც ენჯეომ ყალბი შედეგები გაავრცელა, სხვა ენჯეოებმა მხარი აუბეს და ამაზე დაფუძნებით გახსოვთ ცესკოში, პარლამენტში ვარდებოდნენ. ამიტომ აშშ-ს სახელმწიფოს ქართველი ხალხის ვალი აქვს, რომ ამ საკითხში სიცხადე შეიტანოს, გამოიძიოს ეს საკითხი და გაგვცეს პასუხი - რა იცოდა, ვინ იცოდა, თუ იცოდა რატომ მალავდა და რა მოტივები იდგა ამ ყველაფრის უკან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.