გიორგი ამილახვარი ქალაქ რუსთავის მე-7 და მე-17 ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ქალაქ რუსთავის მე-7 და მე-17 საჯარო სკოლებს ეწვია, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მინისტრთან ერთად სასკოლო ინფრასტრუქტურა რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დაათვალიერეს.

„ქალაქ რუსთავის მე-7 და მე-17 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

რუსთავის მე-7 საჯარო სკოლა 965 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რეკრეაციული სივრცეები და სპორტული ინფრასტრუქტურა.

სკოლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრულადაა ადაპტირებული. შენობა უსაფრთხოების სისტემებით უზრუნველყოფილია და ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკითაა აღჭურვილი. პროექტის ღირებულება 5 500 000 ლარზე მეტია.

რაც შეეხება 920 მოსწავლეზე გათვლილ რუსთავის მე-17 საჯარო სკოლას, შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. კეთილმოეწყო ეზო და სკოლა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა.

პროექტის განხორციელების შედეგად, მე-17 საჯარო სკოლაშიც სასწავლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რეკრეაციული სივრცეები და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და უზრუნველყოფილია გათბობისა და უსაფრთხოების სისტემებით. პროექტის ღირებულება 6 000 000 ლარამდეა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში