ასეთივე სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და ქართულ საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ უწესებს “ხარებას”, ფარცხალაძეს და სხვებს და ქართული ბაკების დასანქცირება საქართველოს ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა აშშ-ის მიერ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, რომ დღეს ასე დაცილებული ვიყოთ შეერთებული შტატებისგან”.
„33 წელია, აშშ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტი, ის არის საქართველოს საუკეთესო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. აშშ დგას ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ბოდიშს უხდის ოკუპანტს, ბოდიშს უხდის სეპარატისტებს და ფუნდამენტურად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
„ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, რომ დღეს ასე დაცილებული ვიყოთ შეერთებული შტატებისგან, მაგრამ შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებითაც ადასტურებს, რომ ის ქართველი ხალხის ერთგულია და ყველაფერს გააკეთებს, რომ არ შეილახოს საქართველოს და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები. იმავდროულად, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთივე სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და ქართულ საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ უწესებს „ხარებას”, ფარცხალაძეს და სხვებს. ქართული ბაკების დასანქცირება, რომელიც „ქართული ოცნების” პირობებში, მაღალი ალბათობით, შეიძლება მოხდეს, საქართველოს ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის და ეს იქნება ჩვენი მოსახლეობის სრული გაღატაკება. ამიტომ, გზა გადის იქით, რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” და ამის ყველა ნიშანი არსებობს: 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი დაამარცხებს ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.