ჩვენ ვამაყობთ, რომ დიდი ბრიტანეთის ავიაციის ფლაგმანმა British Airways-მა ქართულ ბაზარზე შემოსვლა გადაწყვიტა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას დიდი ბრიტანეთის ბაზარზე და გააუმჯობესებს კავშირებს აშშ-თან, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია,- ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, Euronews-თან ინტერვიუში British Airways-ის გადაწყვეტილებას საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
British Airways-ის გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებით, ასევე ეხმაურებიან ბრიტანული გამოცემები: Independent, Daily Mail, business Traveller, Travelradar და Euronews.
Euronews-ის ინფორმაციით ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისის დანიშვნით მგზავრობა, დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 8-დან 5 საათამდე მცირდება.
ავიაციის ანალიტიკოსის სენ მოლტონის თქმით, დიდი ბრიტანეთის უდიდესი დაბალ ბიუჯეტური ავია კომპანია EasyJet ლუტონის აეროპორტიდან თბილისისკენ რეისებს აპრილიდან, კვირაში 2-ჯერ შეასრულებს. პირდაპირი ფრენის მანძილი 2,223 მილია და ფრენას 5 საათი და 40 წუთი დასჭირდება.
„EasyJet-ის ქსელისთვის ახალი ქალაქი და ახალი ქვეყანაა. თბილისი ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და ბოლო ცნობილი ევროპული ქალაქი, სადაც კოვიდ პანდემიის შემდეგ, ბოლო წლებში პირდაპირი ფრენები ლონდონიდან არ შესრულებულა. თუმცა მალე EasyJet კვირაში ორი სიხშირით იფრენს საქართველოს მიმართულებით, ეს ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას დიდ ბრიტანეთსა და კავკასიას შორის. EasyJet-ით თბილისიდან "თვითდაკავშირება" მოხდება ასტანასთან ყაზახეთში, ტაშკენტთან უზბეკეთში და ურუმჩისთან ჩინეთში“,- წერს სენ მოლტონი.
გამოცემის ინფორმაციით, კოვიდ პანდემიამდე ავიაკომპანია Wizz Air ლუტონსა და ქუთაისს შორის ასრულებდა ავია რეისებს. როგორც სენ მოლტონი აღნიშნავს, EasyJet-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება მისმა კონკურენტმა საპასუხო ნაბიჯი გადადგას, რადგან Wizz Air სწორედ ლუტონის აეროპორტშია ბაზირებული.
საქართველოს ავია ბაზარზე British Airways-ისა და EasyJet-ის შემოსვლას ეხმაურება Daily Mail.
Daily Mail-ის მოგზაური ჟურნალისტი სოფი ფოსტერის თქმით, „საქართველო ცნობილია ისტორიით, კულტურითა და ბუნების სილამაზით, ულამაზესი ძველი თბილისით, ხელოვნების ცოცხალი სცენებითა და გოგირდის აბანოებით და მოგზაურებს შანსი აქვთ დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები და ღვინო“
„EasyJet-მა და British Airways-მა ახალი ავიარეისების დანიშვნა გამოაცხადეს საქართველოს ლამაზი დედაქალაქის მიმართულებით. როგორც EasyJet-ის განცხადებაშია ნათქვამი საქართველო ცნობილია ისტორიით, კულტურითა და ბუნების სილამაზით, ულამაზესი ძველი თბილისით, ხელოვნების ცოცხალი სცენებითა და გოგირდის აბანოებით. მოგზაურებს შანსი აქვთ დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები და ღვინო. საქართველო სიამაყით აცხადებს, რომ ღვინის სამშობლოა, ღვინის მომზადების 8 ათასწლოვანი ისტორიით“,- წერს Daily Mail-ის მოგზაური ჟურნალისტი სოფი ფოსტერი.
Daily Mail- ის ინფორმაციით, British Airways თბილისის მიმართულებით ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან 2025 წლის 30 მარტიდან, ფრენებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს. EasyJet კი ლუთონის აეროპორტიდან თბილისისკენ პირველი აპრილიდან იფრენს.