თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ჟურნალი “ფაზისი“ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში - Scopus-ში შევიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამის შესახებ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიამ ოფიციალური შეტყობინება უკვე მიიღო, ხოლო თავად ჟურნალი ერთი თვის განმავლობაში აისახება ბაზაში.
„Scopus არის საყოველთაოდ აღიარებული და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ბაზა, რომელიც სხვადასხვა დარგის რეფერირებულ აკადემიურ ჟურნალს აერთიანებს. ბაზაში „ფაზისის“ ჩართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული სამეცნიერო გამოცემების მიმართ ნდობისა და პრესტიჟის ამაღლებისთვის, მათი საერთაშორისო აღიარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით საქართველოს სამეცნიერო სივრცეში მაღალი აკადემიური სტანდარტის დანერგვას, ქართველ მეცნიერთა ცნობადობის ზრდასა და მათ ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
ჟურნალი „ფაზისი“ 1999 წელს დაარსდა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მიერ. ჟურნალის დაარსების ინიციატორი და მთავარი რედაქტორია თსუ-ის ემერიტუსი პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი რისმაგ გორდეზიანი. „ფაზისის“ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რედაქტორებმა - თამარ ჭეიშვილმა და თამარ ჯაფარიძემ. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას შეადგენენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მათ შორის ჰაიდელბერგის, იენის, ბრემენის, პიზის, ბოლონიის, დარემის უნივერსიტეტების სხვადასხვა თაობის პროფესორები. ჟურნალი ბეჭდური და ელექტრონული სახით ყოველწლიურად გამოიცემა და ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე აქვეყნებს სტატიებს სიძველეთმცოდნეობის, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სფეროში.
2015 წელს „ფაზისი“ რეფერირებული ჟურნალი გახდა და 2020 წელს შევიდა ERIH PLUS-ის ბაზაში. Scopus-ში „ფაზისის“ ჩართვა კი ჩვენი უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების, ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის ქართული სკოლის და, ზოგადად, ქართული მეცნიერების მნიშვნელოვანი წარმატებაა. ეს არის ჰუმანიტარული მეცნიერებების პროფილის მქონე პირველი საუნივერსიტეტო ქართული ჟურნალი, რომელიც Scopus-ის ბაზაშია ინდექსირებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.