პეტრე ცისკარიშვილი - ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

მიხეილ სააკაშვილი როდესაც ჩამოდიოდა კახეთში, პირველივე წლებში ჰქონდა მისიონერული ხედვა, რომ აქ განვითარდებოდა ეკონომიკა, იქნებოდა მარნები, ჩამოვიდოდნენ ტურისტები და როცა ამას აქაურები უსმენდნენ, ისე უყურებდნენ, როგორც არაამქვეყნიურ იდეებს, მართალია, ჩვენ 12 წელი უკვე დავკარგეთ, მაგრამ დღეს უკვე ვიცით, რომ ეს შესაძლებელია და ჩვენს გუნდთან ერთად, მიხეილ სააკაშვილს ამის გაკეთება აუცილებლად შეუძლია 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა გავიმარჯვებთ", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ყვარელში, ილიას ტბასთან, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ხალხთან შეხვედრისას განაცხადა.

ცისკარიშვილმა მოუწოდა ამომრჩეველს ხმა მისცენ ერთიანობას, რადგან მისივე თქმით, აქვთ ხედვა, გეგმა, რომელიც საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ.

"2004 წელი იყო, ზუსტად 20 წლის წინ, როცა აქ, კახეთში, თელავში, სახელმწიფო რწმუნებულის რანგში ჩამოვედი და ბევრ თქვენგანს ახსოვს მაშინდელი ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რეგიონიც - ჩაბნელებული, არ იყო გზები, გაზრდილი კრიმინალი, არ იყო გაზიფიკაცია, შეშის ღუმელები, როგორც მოგეხსენებათ და იმ პერიოდში ყველა მიმართულებით ძალიან ბევრი გამოწვევა გვქონდა, ყველას გვახსოვს რა იყო ხელფასები საჯარო სექტორში: 70-80 ლარი და ისიც ვერ გაიცემოდა, პენსიები იყო გაყინული. ასეთ საქართველოში, მიშა სააკაშვილი როცა ჩამოდიოდა ხოლმე კახეთში, იმ წლებში, ჰქონდა ხედვა, მისიონერი ადამიანი რომ წარმოვიდგინოთ, მაგალითად, რომ აქ კახეთში, იქნება განვითარებული ეკონომიკა, ღვინის მარნები, ტურისტები, იქნებიან მეწარმეები და ხალხი იცხოვრებს კარგად.

როცა ამას უხსნიდა ჩვენს მეგობრებს, თანამოქალაქეებს, თუნდაც იგივე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, უყურებდნენ, როგორც არაამქვეყნიურ იდეებს, რადგან ვერ წარმოედგინათ, რომ ეს შესაძლებელი იყო. სამწუხაროდ, ჩვენ ბოლო 12 წელი დავკარგეთ, მაგრამ ასევე, დღეს უკვე ვიცით, რომ ეს რეალურად შესაძლებელია. ამ ყველაფრის განხორციელება, ჩვენს გუნდთან ერთად, მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად შეუძლია და 26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს, ეს ხედვები და იდეები მართლაც იქნება ცხოვრებაში გატარებული. აქვეა მიხეილ სააკაშვილის სახლი და როგორი სიმბოლურია: პატარა სახლი, მარანი, როგორ უყვარდა კახეთი, თავისი სამშობლო. იქვე არის ერთი-ორი ჰექტარი ვენახი, რომელსაც უვლიდა, ძალიან ხშირად ჩამოდიოდა.

და გვერდზე, რამდენიმე ასეულით კიდევ გამოვიწიოთ და ვნახოთ ლეგენდარული ულამაზესი გორაკი კუდიგორა. როგორ გადაჭრეს, დაამახინჯეს და ამით აჩვენებს ეს რეჟიმი თავის ნამდვილ სახეს. იმისთვის, რომ ამ რეჟიმის ერთი-ორი ჭანჭიკი კუდიგორაზე შემოსკუპდეს, რომ იქ კარგი ხედი ჰქონდეს, არ აინტერესებთ არც კანონი, არც რაიმე ნორმა, არც რეგულაციები, პატივს არ სცემენ არც საკუთარ მოსახლეობას, რომ კუდიგორა, რაზეც ვიზრდებოდით, რომელიც ყველა იცის იმის მიუხედავად, კახეთში თუ სადმე სხვაგან ცხოვრობდა, უნდა ჩამოვიდნენ და ნახონ, როგორ დაამახინჯეს და რას დაამსგავსეს იმიტომ, რომ თავიანთი ეზო მოიწყონ, სახლი შემოდგან ზევიდან და სხვაზე უკეთესი ხედი ჰქონდეთ.

მათ არ უნდათ ევროპა, მათ არ აინტერესებთ დემოკრატია, კანონი, ეს ფასეულობები მათთვის უცხოა, რადგან თუ ამ ფასეულობებით იცხოვრებენ, მაშინ სხვა ხალხს უნდა გაუთანაბრდნენ, მაშინ დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩაატარონ, პოლიტპატიმრები არ უნდა ჰყავდეთ ციხეში და პირველივე მოსახვევზე, პირველივე არჩევნებზე შეიძლება დამარცხდნენ, ამის კი ეშინიათ.

ანუ, ერთ მხარეს არის ეს არჩევანი: იზოლაცია, კანონი მხოლოდ დანარჩენი ხალხისთვის და არა მათთვის, სიღატაკე იმიტომ, რომ თვითონ უნდა იშოვონ მილიონები და შეინარჩუნონ ძალაუფლება, ეს მათი მთავარი ფასეულობაა, და მეორე მხარეს არის ევროპული, განვითარებული, პროგრესული სახელმწიფო. აი ამ ორ დიდ იდეოლოგიას შორის ვაკეთებთ არჩევანს, მეგობრებო. 26 ოქტომბერს, ყველამ კარგად ვიცით, რა პასუხიც უნდა გავცეთ "ოცნების" თორმეტწლიან მმართველობას. და რომელ პარტიას და რომელ ერთიანობას შეუძლია ამ მახინჯი რეჟიმის დამარცხება და მისთვის წერტილის დასმა? - ესეც ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც ყველა ადამიანს აქვს წარმატების და, მათ შორის, ფინანსური წარმატებისა და კეთილდღეობის შანსი. ასეთი ხედვა ჰქონდა და აქვს მიხეილ სააკაშვილს, ეს არის ჩვენი პარტიისა და ჩვენი ერთიანობის ღირებულებები, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც იშრომებს, მოინდომებს და კარგი გაგებით, ამბიცია ექნება, ამის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს და არა მხოლოდ ერთეულებს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან მოკალათებული და რომლებისთვისაც კუდიგორის გადაჭრაც კი ნებადართულია.

მინდა, ყურადღება მივაქციო კიდევ ერთ რამეს: სწორედ ის გუნდი, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა", ვისაც ყველაზე მეტად ებრძვის ეს რეჟიმი, რომელსაც გაქრობით ემუქრება და ვის გასამართლებასაც აპირებს, სწორედ ეს გუნდი ძლიერდება ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად. სწორედ ეს პლატფორმა ფართოვდება, ახალ ხალხს იკრებს ირგვლივ, ჩვენ გვაქვს მუდმივი შეხვედრები რეგიონებში, ქალაქებში და მეორე მხარეს როდესაც დგას "ოცნება", რომელიც ხალხს ეუბნება, რომ ახლა მე ამირჩიე იმიტომ, რომ მომავალში საერთოდ აღარ ჩატარდეს არჩევნები, არ არსებობდეს არანაირი სხვა პოლიტიკური ძალა, ორგანიზაცია, მხოლოდ მე დავრჩე და პრაქტიკულად, არანაირი არჩევნები აღარ გვჭირდება, ხმის მოცემაც არ დამჭირდება, მე ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე...

აი, ასეთ მიდგომას, ასეთ საქართველოს ჰპირდება და ჰყოფნის თავხედობა, შესთავაზოს საკუთარ ხალხს და მეორე მხარეს ჩვენ გეუბნებით დემოკრატიას, სწრაფ განვითარებას, პროგრესს, რასაც ასევე, ეკონომიკური თავისუფლება და წარმატებაც მოჰყვება და ეკონომიკური წარმატება არის ის ფასეულობა, რაც ჩვენ გვინდა, რომ თითოეულ მოქალაქეს ესმოდეს, რომ მისი შანსი და შესაძლებლობაა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა კახეთის რეგიონის განვითარების პერსპექტივაზეც.

„არ შემიძლია, ორი სიტყვა არ ვთქვა ვენახსა და ყურძენზე, რადგან ამ სფეროსთან შეხება მეც მქონია. 2012 წელს, ქართული ღვინო, რომელიც ექსპორტზე გადიოდა, ერთი ბოთლი ღირდა 3,5 დოლარი. ლარებს იმიტომ არ გეუბნებით, რომ კურსი შეიცვალა. მას შემდეგ რომ სწორი მიდგომები ყოფილიყო, ახლა უნდა ღირდეს 4,5-5 დოლარი. რამდენია, არ გაინტერესებთ? 2,2 დოლარზე ჩამოვიდა საშუალოდ, გაყიდული ბოთლი ღვინის ფასი. და იმ ბაზარზე, რომელზეც მიბმული ვართ, რუსეთის ბაზარზე რომ გადავიანგარიშოთ, 1,2-1,3 დოლარამდე ჩამოვდივართ - ამ ფასად ყიდიან ესენი იმ სითხეს, რასაც ღვინოს უწოდებენ. ბოთლი, ეტიკეტი და ასე შემდეგ, ყველაფერი ერთ დოლარამდე ჯდება და გამოდის, რომ 20 ცენტის სითხე ასხია შიგნით.

აი, საიდან მოდის დაბალი ფასები ყურძენზე და რატომ არა აქვს გლეხის შრომას ფასი. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ ჯერ კიდევ მაშინ დაწყებული რეფორმები მივიყვანოთ ბოლომდე და ქართული ღვინო უნდა იყოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სეგმენტზე თავისი ხარისხით. იმ რეფორმების გათვალისწინებით, რაზეც გიორგი ბოტკოველი საუბრობდა, უნდა იყოს ბევრი პატარა მარანი. პატარა მარნები არასდროს უხარისხო ღვინოს არ ჩამოასხამენ. აქ რომ კარგი და ხარისხიანი ღვინო იქნება, ის დიდი ქარხნებიც იძულებული გახდებიან, გააუმჯობესონ მათი ხარისხი: მაღალი ხარისხი, მაღალი ღირებულება ასევე გადმოვა მევენახეზე და ყურძენზე.

სწორედ ამიტომ, ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და რომელიც საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში