[ბიძინა] ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში და ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო იზოლაციას ისინი 26 ოქტომბერს დაასრულებენ.
"[ბიძინა] ივანიშვილის ანტიდასავლურმა და ღიად პრორუსულმა პოლიტიკამ გამოიწვია აშშ-ს მხრიდან პირადად მის წინააღმდეგ სანქციების [დაწესების] საკითხი. როდესაც ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში, ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციაში. ამ საერთაშორისო იზოლაციას დავასრულებთ 26 ოქტომბერს და ღრმად ვარ დარწმუნებული, ქართველი ხალხი ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა „ამერიკის ხმის“ ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი აქვს შემუშავებული და მის დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს.
მისი თქმით, ივანიშვილის სანქციები საფრთხის ქვეშ აყენებს არამარტო მის ფინანსურ აქტივებს, არამედ მთელ ფინანსურ სისტემას საქართველოში.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, თუ ნებისმიერი კერძო ბანკი სანქციებისთვის გვერდის ავლას გაბედავს, მთელი საბანკო სისტემა ჩამოიშლება.
„ივანიშვილის სანქციები საფრთხის ქვეშ აყენებს არამარტო მის ფინანსურ აქტივებს, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთი მილიარდით საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე გაიზარდა, არამედ მთელ ფინანსურ სისტემას საქართველოში, რადგან ნებისმიერმა კერძო ბანკმა რომ დაარღვიოს სანქციების სისტემა ივანიშვილის დასაცავად, როგორც ეს, მაგალითად, ეროვნულმა ბანკმა გააკეთა ფარცხალაძესთან მიმართებით, მთელი საბანკო სისტემა ჩამოინგრევა, საფრთხის წინაშე დადგება ადამიანების დანაზოგი, ანგარიშები და საერთაშორისო გზავნილები, რითაც სულდგმულობს ძალიან ბევრი ქართული ოჯახი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ამასთან, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.
აღნიშნულ საკითხს პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე ისრაელის მაღალჩინოსნებს სთხოვს, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უშუამდგომლოს სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად.
„საქმე იმაში გახლავთ, რომ ბატონი კობახიძე სთხოვს ისრაელის მაღალჩინოსნებს, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უშუამდგომლოს სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად.
ამას აკეთებს კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ ირანში გახლდათ “სატირალში” ჩასული და ისრაელის განადგურებით ფანატიკურად შეპყრობილი ტერორისტების გვერდზე იყო გამოჯგიმული“, - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"