იაგო კაჭკაჭიშვილი - „ქართულ ოცნებას“ რამდენი მსუყე წინასაარჩევნო განზრახვა და პროექტი გაუწყალდა

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე წინასაარჩევნო პროექტი „გაუწყალდა“. „გაწყალებულ“ პროექტებს შორის, ექსპერტი ლგბტ პროპაგანდისა და „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარალელურად, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად ქცევის ინიციატივას ასახელებს.

როგორც კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მმართველ ძალას აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაზე უარი თავად მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უთხრა.

„რამდენი მსუყე წინასაარჩევნო განზრახვა და პროექტი გაუწყალდა ქართულ ოცნებას:

მართლმადიდებლობა გვინდა ვაქციოთ სახელმწიფო რელიგიადო და თავად ეკლესიამ უთხრა - ეგ უარესია, რაც გვაქვს (ანუ, კონკორდატი) გაცილებით უკეთესიაო. არადა, დიდ სიურპრიზად ინახავდნენ, ბონუსად.

ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ და ეს პროცესი ოსების მიმართ ბოდიშის მოხდით უნდა დავიწყოთო. ეს ცარიელი „ბოდიში“ მთლად კარიკატურულად გამოჩნდებოდა, ეროვნულ ტრავმებთან რომ არ ყოფილიყო დაკავშირებული, რამაც სიცილი არა, მაგრამ ამომრჩეველთა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. „აპრავეს“ მერე ბატონი ბიძინას ეს საბედისწერო „ბოდიში“ მისმა ხელქვეითებმა, ხან მარჯვნიდან, ხან მარცხნიდან, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მეტიც, კოკოითმა აგერ თრუსოს ხეობაც ჩვენიაო.

ლგბტ პროპაგანდის და ოჯახის სიწმინდის კანონი მიიღეს ზარ- ზეიმით და ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საპასუხოდ, ერთმა „არაენჯეოშნიკმა“ და შესანიშნავმა მოქალაქემ მიახალა პირში ხელისუფლებას: „გაიგონ დედა-დედაა და მამა-მამაას პროპაგანდისტებმა, რომ ცხოვრება სწორხაზოვანი არ არის და არც არასოდეს ყოფილა”. ამ ვიდეომ დაიპყრო სოციალური ქსელები ამ დღეებში.

აგენტების შესახებ კანონის გათეთრება უნდოდათ, გამჭვირვალობაზე და მის სიკეთეებზე აქცენტირებით, მაგრამ არაფერი გამოვიდა - ორგანიზაციების მხოლოდ 2 თუ 3 პროცენტი დააჯერეს.

მინიმუმ 60%-იან რეიტინგზე აპელირებენ და თვეების განმავლობაში, მხოლოდ ერთი კვლევითი ორგანიზაციის მონაცემს ატრიალებენ. არ აღმოჩნდა არც ერთი მეტ-ნაკლებად თავმოყვარე პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ამ 60%-ს ალტერნატიულად დაადასტურებდა.

ევროკავშირში “ჩვენები” მოდიან და ლიბერალური ძალები დასამარდებიანო და ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ევროპაში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება არ შეცვლილა. 26 ოქტომბრამდე ტრამპის მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში არ ესწრება, მაგრამ კამალას წარმატება ჰაერში ტრიალებს და „ქართულ ოცნებას“ ხასიათს უფუჭებს.

თქვენ გააგრძელეთ!

ჰოდა, „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, - წერს კაჭკაჭიშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე