პაატა მანჯგალაძე - მაქვს მოლოდინი, რომ კობახიძე აშშ-ში ბოლოჯერ იმყოფება - შეუძლია სამახსოვროდ გადაიღოს ბევრი ფოტო,  იმიტომ, რომ იქ მეორედ ვეღარ ჩავა

როცა სტრატეგიულ პარტნიორს ყოველდღე ათასგვარ შავრაზმულ შეთქმულებას აბრალებ, ეს ნიშნავს, რომ თავად ხარ შავრაზმელი - თუ რაიმე ღია ჩარევა, ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც კონსტიტუციის მიღმა ძალაუფლება მიიტაცა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებს.

„ის [ბიძინა ივანიშვილი] ქართველი ხალხისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს, ეს კი ქვეყნის იზოლაციასა და სიღარიბეში დატოვებაში გამოიხატება.

თუ ამერიკული ფონდები გავლენ საქართველოდან, რომლებმაც 10 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს, საქართველო სიღარიბეში დარჩება. საქართველოში 14%-ით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი გამდიდრდა და მისმა მოგებამ 900 მილიონი შეადგინა“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძე, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტსაც გამეხმაურა და განაცხადა, რომ ის როგორც მთავრობის წარმომადგენელი, აშშ-ში ვეღარ ჩავა.

“მაქვს მოლოდინი, რომ კობახიძე აშშ-ში იმყოფება ბოლოჯერ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი და შეუძლია გადაიღოს ბევრი ფოტო სამახსოვროდ, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, აშშ-ში მეორედ ვეღარ ჩავა. აშშ-ს, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს და მეგობრებს, სრულად აქვთ ნდობა დაკარგული “ქართული ოცნების” მიმართ და ამას ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ჩვენი პარტნიორების განცხადებებში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი უარს ეტყვის “ქართული ოცნების” რეჟიმს, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს,” - განაცხადა მანჯგალაძემ.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პაატა მაჯგალაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამგვარი ვიზიტები მნიშვნელოვანია, თუმცა მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხის გასაკეთებელს, ვერავინ ვერ გააკეთებს.

„ჩვენი პარტნიორების გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს ჩვენი პარტნიორები ვერ გააკეთებენ, ამიტომ 26 ოქტომბერს ბევრნი უნდა მივიდეთ არჩევნებზე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება