საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარეს, დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა.
- ბატონო დიმიტრი, აშშ-მ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შეიმუშავა. დრო, როდის ამოქმედდება სანქციები, მაღალი თანამდებობის პირებს, ვინც ეს ამბავი „ამერიკის ხმას“ დაუდასტურა, არ ასახელებენ.
მაგრამ, მნიშვნელოვანი ამ ინფორმაციაში არის ის, რომ აშშ ივანიშვილს რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებას და რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებას ადანაშაულებს. ვაშინგტონის მხრიდან ასეთი განცხადება უკანასკნელი არც კი გვახსენდება. ამ თემაზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს „ამერიკის ხმის“ მიერ ასეთი სკანდალური ინფორმაციის გავრცელება და სავარაუდოდ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს?
- ჯერ უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ოფიციალური განცხადება, ანუ, ამ ინფორმაციას დადასტურებულ ინფორმაციად ვერ მივიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია, საკმაოდ ავტორიტეტულ მედიასაშუალებას აქვს იგი გავრცელებული. მაგრამ, რაზეც აქ შეიძლება მსჯელობა, არის ის, რომ აშშ-ში მაღალი თანამდებობის პირები დასანქციების საკითხს განიხილავენ. ამ თემაზე არა ერთი განცხადება არის გაკეთებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან და ეს ფაქტია.
თან ვხედავთ, რომ აშშ-ს სანქციები აქვს გარკვეულ პირებზე დაწესებული. ასევე ჩანს, რომ პოლიტიკურად ეს საკითხი მხარდაჭერილია აშშ-ს ორივე პალატის მიერ. ინიციირებულია შესაბამისი აქტები, მხედველობაში მაქვს „საქართველოს აქტი“ და „მეგობარი აქტი“, რომელიც ამ პროცესს მხარს უჭერს.
შესაბამისად, როგორც ჩანს და იკვეთება, აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში არის სრული კონსენსუსი იმაზე, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეწყვეტს ქვეყნის ანტიდემოკრატიულ სვლას და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს, სავარაუდოდ, ხელისუფლების ის წარმომადგენლები, ვინც ამაში არიან ჩართულები, მათზე განხორციელდება სხვადასხვა სახის სანქციები.
აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში არის სრული კონსენსუსი იმაზე, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეწყვეტს ქვეყნის ანტიდემოკრატიულ სვლას და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს, სავარაუდოდ, ხელისუფლების ის წარმომადგენლები, ვინც ამაში არიან ჩართულები, მათზე განხორციელდება სხვადასხვა სახის სანქციები
თუმცა, ასევე ცხადად ჩანს, რომ „ამერიკის ხმის“ წყაროები საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები არიან. როგორც ჩანს, ამ თემაზე აშშ-ში მომწიფდა სიტუაცია, რაც არ უნდა ეს სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს ეჩვენებოდეს. მითუმეტეს, რომ აშშ-ს უკვე აქვს დაწესებული სანქციები იმ პირებზე, ვინც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაშია შემჩნეული. ცხადია, რომ ის ადამიანი დამოუკიდებლად არ მოქმედებდა და ლოგიკურია რომ ამას გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს. არ გამოვრიცხავ, რომ აშშ ჩვენს ხელისუფლებას ბოლო შანსებს აძლევს, რომ პროცესები დემოკრატიულ ჩარჩოებში დარჩეს. იმის გათვალისწინებით, რასაც ვადევნებთ თვალს, ეს ნაკლებად სავარაუდოა. ხელისუფლებას უკან დასახევი აღარ აქვს. შედეგად დადგება ის დრო, რომ აშშ საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებს სანქციებს დაუწესებს.
არ გამოვრიცხავ, რომ აშშ ჩვენს ხელისუფლებას ბოლო შანსებს აძლევს, რომ პროცესები დემოკრატიულ ჩარჩოებში დარჩეს. იმის გათვალისწინებით, რასაც ვადევნებთ თვალს, ეს ნაკლებად სავარაუდოა. ხელისუფლებას უკან დასახევი აღარ აქვს. შედეგად დადგება ის დრო, რომ აშშ საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებს სანქციებს დაუწესებს
- თქვენი აზრით, სანქციების დაწესება არჩევნებამდე შეიძლება მოხდეს თუ არჩევნების შემდეგ?
- ვფიქრობ, რომ ამერიკული სანქციების დაწესება შეიძლება მოხდეს არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგ. სანქციების დაწესებას სჭირდება შესაბამისი საბუთები, მტკიცებულებების მომზადება, რომ სანქციების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
როგორც ჩანს, ამ საკითხს ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან სკრუპულოზურად უდგებიან. შესაბამისად, ისინი სანქციებს მაშინ დააწესებენ, როცა ჩათვლიან რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორაზროვნებას არ გამოიწვევს და არ დატოვებს სივრცეს პოლიტიკური სპეკულაციისათვის.
ამ საკითხს ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან სკრუპულოზურად უდგებიან. შესაბამისად, ისინი სანქციებს მაშინ დააწესებენ, როცა ჩათვლიან რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორაზროვნებას არ გამოიწვევს და არ დატოვებს სივრცეს პოლიტიკური სპეკულაციისათვის
ვნახეთ, რომ ფარცხალაძის შემთხვევაში მათ ჰქონდათ მტკიცებულებები, ვნახეთ რომ ალტინფოს წარმომადგენლებს სანქციები დაუწესდათ კონკრეტული ადამიანების მიმართ უკანონ ქმედებების გამო. ამ საქმეებში იკვეთება მათი ბრალეულობა, მაგრამ, მათ იმ ძალადობისთვის, რასაც ადგილი ჰქონდა, პასუხი არ უგიათ. ეს ეხება პოლიციელებსაც, ვინც ვერ შეძლო მოქალაქეების დაცვა და კრიტიკულ ვითარებაში უკანონოდ იქცეოდნენ და პროტესტანტებზე ძალადობდნენ. ამ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციები ორაზროვნების ადგილს არ ტოვებდა.
ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სანქცია, რომელიც იქნება წარმოდგენილი, იქნება ისეთი, რომ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის სივრცეს არ დატოვებს. ვფიქრობ რომ ამერიკელები ამ პროცესში ფრთხილობენ და პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სანქციების დაწესება არჩევნებამდეც მოხდეს და იმ შემთხვევაში თუ არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდა და ხელისუფლება შეეცდება არჩევნების გაყალბებას, ამის გამო არჩევნების შემდეგაც დაუწესდეს ბევრს სანქციები.
- ვიდრე „ამერიკის ხმა“ ამ განცხადებას გაავრცელებდა, მმართველი გუნდი მუდმივად ადანაშაულებდა აშშ-ს და ბრიუსელს იმაში, რომ ისინი „გლობალური ომის პარტიას“ წარმოადგენდნენ.
ცოტა ხნის წინ, აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ აშშ გააგრძელებდა საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციების პოლიტიკას, საქართველო გადახედავდა აშშ-სთან ურთიერთობებს.
ხელისუფლების მხრიდან ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მიმართ ამგვარი განცხადებები რაზე მიუთითებს?
- ალბათ, რამდენიმე რამეზე. როგორც ჩანს, ხელისუფლებას აქვს არჩევნების გზით ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემა და ყველაფერზე მიდის. ეს თავსებადი არაა იმ საგარეო კურსთან, რომელიც საქართველოს აქამდე ჰქონდა, მაგრამ, მათ ხელისუფლების შენარჩუნება უღირთ იმად, რომ მთლიანად შეცვალონ ქვეყნის საგარეო კურსი და იყვნენ იმ სამყაროს ნაწილი, სადაც შესაძლებელია არადემოკრატიული მმართველობით შეინარჩუნო ხელისუფლება.
როგორც ჩანს, ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნების ნება ყველაფერს სცდება და არ გამორიცხავენ საგარეო პოლიტიკაში გეოპოლიტიკურ ცვლილებებს. ამაზე მიუთითებს და ყველაფერი დანარჩენიც ემსახურება იმას, რომ საგარეო პოლიტიკაში ეს მძიმე გადახვევა რაღაც ფორმით გაამართლონ და ვინმეს დააბრალონ.
როგორც ჩანს, ხელისუფლებას აქვს არჩევნების გზით ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემა და ყველაფერზე მიდის. ეს თავსებადი არაა იმ საგარეო კურსთან, რომელიც საქართველოს აქამდე ჰქონდა, მაგრამ, მათ ხელისუფლების შენარჩუნება უღირთ იმად, რომ მთლიანად შეცვალონ ქვეყნის საგარეო კურსი და იყვნენ იმ სამყაროს ნაწილი, სადაც შესაძლებელია არადემოკრატიული მმართველობით შეინარჩუნო ხელისუფლება
დაბრალების პირველი სამიზნედ არჩეულ იქნა „გლობალურო ომის პარტია“, ანუ კოლექტიური დასავლეთი, რომელიც თურმე საქართველოს ომში ითრევს. ხელისუფლება ცდილობს დასავლეთი გამოაცხადოს მტრად. ანუ დასავლეთი ეს წლები მეგობარი კი არ იყო, არამედ მტერი.
- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ თუ აშშ ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს, ხოლო ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას დროებით შეუჩერებს, ვაშინგტონი და ბრიუსელი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს. ასეა რადგან, ასეთ შემთხვევაში საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი შესაძლოა გამოესარჩლოს ივანიშვილს, რომელსაც ქვეყანა „მხოლოდ მშვიდობით და კეთილდღეობით მიჰყავს ქვეყანა ევროკავშირში. არადა, ცხადად ჩანს, რომ იმ პოლიტიკით რასაც ხელისუფლება ატარებს, ევროკავშირში ვერ მიგვიყვანს.
სავარაუდოდ, როგორ აღიქვამს ამომრჩეველი ერთი მხრივ ვაშინგტონის ბრალდებებს ივანიშვილის მიმართ? ასევე იმის მიმართ, რომ თუ სახელისუფლებო პროპაგანდას დავუჯერებთ, დასავლეთი საქართველოს მტერია?
- საზოგადოების ერთი ნაწილი იმ პროცესს რაშიც ვართ სწორად აფასებს. ხედავენ, რომ ნებისმიერ სანქცია არ არის ქვეყნის დასჯა და დასავლეთი პასუხობს ჩვენს ხელისუფლებას მიერვე გადადგმულ ნაბიჯებზე.
თავის დროზე საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღება იყო პრივილეგია. იყო მოლოდინი, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას გააგრძელებდა. ჩვენ ეს პრივილეგია პროგრესის გამო მივიღეთ. თუ რეგრესი გვექნება, ამ პრივილეგიას დავკარგავთ. ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებას გაზრდის.
საზოგადოების ერთი ნაწილი იმ პროცესს რაშიც ვართ სწორად აფასებს. ხედავენ, რომ ნებისმიერ სანქცია არ არის ქვეყნის დასჯა და დასავლეთი პასუხობს ჩვენს ხელისუფლებას მიერვე გადადგმულ ნაბიჯებზე
თუმცა, ხელისუფლება ამგვარ რეალობას პასუხობს თავისი მძლავრი პროპაგანდისტული მანქანით. სამწუხაროდ, ამგვარი პროპაგანდა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მოქმედებს. თუ „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა შემორჩენილია, ეს არის პროპაგანდის შედეგი.
რეალურად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა, რომ „ღირსებით ევროპისკენ“ „ქართული ოცნების“ დაძლევადი ამოცანაა. თუმცა, ვხედავთ, რომ ეს მხოლოდ პროპაგანდაა. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება 2-3 წელია დგამს, არის ანტიევროპული და არა თუ გვაახლოებს ევროკავშირთან, არამედ გვაშორებს ევროკავშირს. ეს რომ ასეა, ვფიქრობ, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის ნათელია.
არც შეეხება აშშ-ს. აშშ იმიტომ კი არ ასანქცირებს საქართველოს გარკვეულ მოქალაქეებს, რომ ჯერ ერთი ელჩი შეურაცხყვეს, ახლა მეორე, არც იმიტომ, რომ ვინმე საგარეო კურს ცვლის, პრინციპში ეს ქვეყნის არჩევანია, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლება ღალატობს იმ დემოკრატიულ პრინციპებს, არღვევს თავისივე კონსტიტუციას და ახდენს მოსახლეობის ნების უზურპაციას.
ძალადობებით ახდენს მოქალაქეების დასჯას და რუსეთის სპეცსამსახურებთან, გამოკვეთილ მტერთან კავშირებით ეხმარება მათ ქართული სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ ქმედებების განხორციელებაში.
იმას რასაც აშშ და დასავლეთი აკეთებს, ეს ქართული სახელმწიფოს გადარჩენისკენ მიმართული ნაბიჯებია, რომ იგი არ აღმოჩნდეს სრულ იზოლაციაში და რუსეთის მხრიდან სრული კონტროლის ქვეშ.
აშშ იმიტომ კი არ ასანქცირებს საქართველოს გარკვეულ მოქალაქეებს, რომ ჯერ ერთი ელჩი შეურაცხყვეს, ახლა მეორე, არც იმიტომ, რომ ვინმე საგარეო კურს ცვლის, პრინციპში ეს ქვეყნის არჩევანია, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლება ღალატობს იმ დემოკრატიულ პრინციპებს, არღვევს თავისივე კონსტიტუციას და ახდენს მოსახლეობის ნების უზურპაციას
ამერიკა და დასავლეთი საქართველოში არ მოქმედებს მხოლოდ თავისი გეოპოლიტიკური ინტერესის გამო, მათი ქმედებები უპირველესად ღირებულებით საკითხების დაცვას ემსახურება. ანუ, ქართული სახელმწიფო დემოკრატიულ საწყისებს დაუბრუნონ.
რაც შეეხება ევროკავშირს. თუ საქართველოს ევროპულ გზაზე არ ექნა პროგრესი და გვექნა რეგრესი ისეთ საკითხებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, თუ ასე გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ ასოცირების შეთანხმების შეჩერებაზე დაიწყოს საუბარი, რადგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას სჭირდება გარკვეული დემოკრატიული სტანდარტები. ადრე ეს სტანდარტები გვქონდა, ახლა აღარ გვაქვს.
- გორში ივანიშვილის განცხადებას, რომ ქართველებმა ოსებს ბოდიში უნდა მოუხადონ, საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ამ განცხადებას გამოხმაურება ჰქონდა ცხინვალსა და სოხუმში.
ფაქტია, რომ ივანიშვილის ამ განცხადების შედეგად ქვეყანა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ახალ სამართლებრივ განზომილებაში აღმოჩნდა. ამ განცხადების გამო რა ტიპის საფრთხეები შეექმნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ გადაწყვეტას?
- შესაძლოა, შორიდან მომიწიოს დაწყება, რადგან ამ საკითხს უკავშირდება ორი საერთაშორისო პრინციპი - ერთია სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა და მეორე თვითგამორკვევის პრინციპი, რომელიც ურთიერთთავსებადი უნდა იყოს. თუ მცირერიცხოვანი ერი ვერ ახდენს თავისი ეროვნული ინტერესების დაცვას დიდი სახელმწიფოს ფარგლებში, მაშინ, მას უჩნდება თვითგამორკვევის უფლება. ივანიშვილმა გორში გამოსვლისას თქვა - საქართველომ დასაჯა მცირერიცხოვანი ოსი ერი. ამით მან სამართლებრივი საფუძველი გაუჩინა მათ თვითგამორკვევის სასარგებლოდ. ანუ, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.
ივანიშვილმა გორში გამოსვლისას თქვა - საქართველომ დასაჯა მცირერიცხოვანი ოსი ერი. ამით მან სამართლებრივი საფუძველი გაუჩინა მათ თვითგამორკვევის სასარგებლოდ. ანუ, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის
აქამდე, ჩვენ და მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ 2008 წლის ომი დაიწყო რუსეთმა და საქართველო იყო მსხვერპლი. ივანიშვილი ცვლის ამ პარადიგმას და ამბობს, რუსეთმა კი არ დაიწყო ომი, საქართველომ დაიწყო ომი, დასავლეთის მხარდაჭერით. რაც მთლიანად ცვლის ომის შეფასებას და კონცეფციას და ცხინვალს აძლევს საშუალებას დაიწყოს პროცესი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. მაგალითისთვის ეს პროცესი შეიძლება შევადაროთ სერბეთისა და კოსოვოს ურთიერთობებს. როდესაც სერბეთში არ იყო დემოკრატიული მმართველობა, სერბეთის მმართველობაში იყო მილოშევიჩი, რომელმაც ომის დროს მნიშვნელოვანი დანაშაულები ჩაიდინა. სერბეთში მილოშევიჩი შეიცვალა, პრაქტიკულად სერბეთში ახლებური მმართველობის სხვაგვარი სისტემა ჩამოაყალიბეს, სერბეთს მაინც მოუწია იმ ფასის გადახდა, რაც სერბეთის წინამორბედმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. თუ საქართველოს ხელისუფლება სამართლიანად თუ უსამართლოდ გაასამართლებს წინა ხელისუფლებას სამხრთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულისთვის, ეს ცხინვალს მისცემს სამართლებრივ საფუძველს სამხრეთ ოსეთის კოსოვოზაცია დაიწყოს. თუ ეს პროცესი დაიწყო, ამის შეჩერება ძნელი იქნება.
თუ საქართველოს ხელისუფლება სამართლიანად თუ უსამართლოდ გაასამართლებს წინა ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულისთვის, ეს ცხინვალს მისცემს სამართლებრივ საფუძველს სამხრეთ ოსეთის კოსოვოზაცია დაიწყოს. თუ ეს პროცესი დაიწყო, ამის შეჩერება ძნელი იქნება
რეალურად, ივანიშვილის გორში გამოსვლა იყო ახალი არგუმენტების მიცემა ცხინვალის ხელისუფლებისთვის რომ მან დაიწყოს ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე ისაუბროს სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის უფლებაზე. თუ „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონში სამართლებრივი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ეს ცხინვალს მყარ არგუმენტებს მისცემს, რაც შესაძლოა სამხრეთელი ოსებისთვის წარმატებით დასრულდეს.
- არადა ვიცით, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ინსპირატორი და მაპროვოცირებელი რუსეთი იყო. აფხაზი და ცხინვალელი ოსების უკან რუსეთი იდგა, რომელიც მათ პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, სამხედრო იარაღით და სამხედრო ძალებითაც ეხმარებოდა.
ეს ჩვენ და ყველა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორმა კარგად იცის. ახლა გამოდის ჩვენ თავად ვამბობთ, რომ 2008 წლის ომში დამნაშავე საქართველოა?
- მეტიც, საქართველოს ჰყავდა დამნაშავე ხელისუფლება, რომელმაც თავისი რიტორიკით და შემდეგ ქმედებებით დაჩაგრა მცირერიცხოვანი ოსი ერი, რომელსაც აქვს თვითგამორკვევის უფლება. არ ვიცი ეს შეგნებულად გააკეთეს თუ ასე გამოუვიდათ. ბოდიშის მოხდა სხვა თემაა და ცალკე პროცესი სჭირდება. ეს შერიგების პროცესის ნაწილია. მაგრამ, როცა ამაზე უკონტექსტოდ საუბრობ, გაუგებარია. ამ თემებზე ნაკლებად ემოციურად საუბარი ნაკლებად დამაზიანებელი შეიძლება იყოს. როცა შერიგების პროცესი და რეინტეგრაციის პროცესი იწყება, ყველამ შეიძლება ყველას ბოდიში მოუხადოს.
თუ ქართული სახელმწიფო თავად ადანაშაულებს თავის ქვეყანას ოსების წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, იმის გამო, რომ სააკაშვილის ხელისუფლების სამართალმემკვიდრე დღევანდელი ხელისუფლებაა, იგი ვალდებულია ჩადენილი დანაშაულის ფასი გადაიხადოს და ირიბად ხელი შეუწყოს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესის დაწყებას
მაგრამ, როცა ბოდიშს იხდი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, და იმის გამო, რომ თურმე საქართველომ ომი დასავლეთის წაქეზებით დაიწყო, ასეთ შემთხვევაში არაღიარების პოლიტიკის შეტრიალება შეიძლება დაიწყოს. თუ მომხდარში დამნაშავე საქართველოს ხელისუფლებაა, ძალიან ბევრ სახელმწიფოს გაუჩნდება ობიექტური საფუძველი უარი თქვას არაღიარების პოლიტიკაზე. ასე შეიძლება მოიქცნენ სახელმწიფოები, რომლებიც სულაც არ არიან პრორუსულები. უბრალოდ ისინი დემოკრატიულები არიან და ასეთი გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღონ. კოსოვოს დამოუკიდებლობაზე მთელი ევროპა არ არის შეთანხმებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც მილოშევიჩი გაასამართლეს კოსოვოში ჩადენილი სისასტიკის გამო, ბევრმა დემოკრატიულმა ქვეყანამ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. თუ ქართული სახელმწიფო თავად ადანაშაულებს თავის ქვეყანას ოსების წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, იმის გამო, რომ სააკაშვილის ხელისუფლების სამართალმემკვიდრე დღევანდელი ხელისუფლებაა, იგი ვალდებულია ჩადენილი დანაშაულის ფასი გადაიხადოს და ირიბად ხელი შეუწყოს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესის დაწყებას.
ეს არის ივანიშვილის გორში გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადების შედეგი.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი