მოულოდნელი იყო პრეზიდენტის განცხადება, რომ „გავრისკე“, ახლა ამ რისკის დრო ნამდვილად არ იყო , - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებების დაწყების მცდელობა რისკი იყო, რაც არ გამოვიდა.
ვახტანგ ძაბირაძის თქმით, აღნიშნულმა მოლაპარაკებებმა საზოგადოებაში მოლოდინები გააჩინა, რომ რაღაც იცვლება, თუმცა „ეს მოლოდინი დამთავრდა ცუდად, რამაც იმედგაცრუება გამოიწვია“.
„მოლოდინი პრეზიდენტის ბრიფინგზე გაცილებით მეტი იყო. მნიშვნელოვანი იყო არა იმდენად ქარტიაზე ლაპარაკი, არამედ ის, თუ რა მოხდა მოლაპარაკებებზე, ვგულისხმობ, გახარია-ხაზარაძის მოლაპარაკებას. რატომ ჩაიშალა მოლაპარაკება და როგორ იყო? გულწრფელად გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი იყო პრეზიდენტის განცხადება, რომ „გავრისკე“. რისკი შეიძლება გაწიო, მაგრამ რისკს რაღაც ფორმა უნდა ჰქონდეს და ჩარჩოებში ეტეოდეს. ახლა ამ რისკის დრო ნამდვილად არ იყო. გულწრფელად გითხრათ, მეგონა, რომ შავი სამუშაო შესრულებული იყო და უბრალოდ კეთდებოდა ის, რაც კეთდება ხოლმე ასეთ დროს. როდესაც პირველი პირები ხვდებიან ერთმანეთს, უკვე გამზადებულ, ფაქტობრივად შეთანხმებულ დოკუმენტზე ხდება ხელმოწერა. ვფიქრობდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო და თურმე პრეზიდენტს გაურისკავს, ძალიან ცუდად გაურისკავს თუ გარისკა.
ამან მოლოდინი გააჩინა. აქ ხომ საუბარი იმაზეა, რომ შეიქმნას ისეთი ძალა, რომელიც ამომრჩეველს მიიყვანს არა მხოლოდ არჩევნებზე, არამედ სურვილს გაუჩენს და იმედს გაუჩენს, რომ მართლა რეალურად რაღაც იცვლება. ეს მოლოდინი შეიქმნა და ეს მოლოდინი დამთავრდა ცუდად, რამაც იმედგაცრუება გამოიწვია პირველ რიგში ამომრჩეველში. ადამიანისგან, რომელსაც ამხელა დიპლომატიური გამოცდილება აქვს, ვფიქრობ ეს გაუმართლებელი იყო“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინზე კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” მოლაპარაკებების პროცესი შეაფასა და განმარტა მიზეზები, რის გამოც შეთანხმება ვერ შედგა, მათ შორის დაასახელა პოლიტიკური კულტურისა და კომპრომისების კულტურის არ არსებობა, ასევე, უნდობლობა, ეჭვი.
პარალელურად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა უნდა ვიყუროთ წინ და დავინახოთ, რომ "პროცესმა თავისი შედეგი მოიტანა. დავინახოთ პოზიტივი - ამ პარტიებს შორის განწყობები შეიცვალა და ის რაც გუშინ ძალიან რთული იყო, ნელ-ნელა მოლბა". ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, ვერ „იჭორავებს“, თუ ვისი ბრალი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა, „ალბათ, ყველასი და ამავდროულად, არავისი“. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „მცდელობა იყო საჭირო. მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არასოდეს არ არის, რაღაც რისკი უნდა აიღო და რისკი ავიღე. არ გამოვიდა”.