საარჩევნო დარღვევების მასშტაბი და მათზე არასათანადო რეაგირება ცხადყოფს, რომ სრული სიცრუეა „ოცნების“ განცხადებები, თითქოს საარჩევნო კამპანია მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ არჩევნების დაცვის ჯგუფმა გამოავლინა დარღვევები, რომლებსაც არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.
„ვაგრძელებთ „ოცნების“ მხილებას კანონდარღვევებში, რაც ქმნის ძალადობრივ, უთანასწორო და არასამართლიან წინასაარჩევნო გარემოს.
საარჩევნო დარღვევების მასშტაბი და მათზე არასათანადო რეაგირება ცხადყოფს, რომ სრული სიცრუეა „ოცნების“ განცხადებები, თითქოს საარჩევნო კამპანია მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს.
უკანონო თვალთვალი წინასაარჩევნო კამპანიისას ამომრჩევლის დაშინების მიზნით - მოვიპოვეთ ათობით ფოტო-მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ საარჩევნო კამპანიისას „ოცნების“ წარმომადგენლები სუს-დან, მუნიციპალიტეტიდან და პარტიიდან გვითვალთვალებდნენ. აღნიშნული პირები შეკრებაზე გამოცხადებულ ამომრჩეველს უღებენ ფოტოებს და შემდეგ ახორციელებენ მათზე ზეწოლას, რაც პირდაპირ აისახება წინასაარჩევნო შეხვედრაზე ამომრჩევლის გამოცხადებაზე და ხელს უშლის პარტიის ამომრჩეველთან კომუნიკაციას. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს.
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ არჩევნების დაცვის ჯგუფმა ასევე გამოავლინა დარღვევები, რასაც ოფიციალურად მიმართვის მიუხედავად „ოცნებისგან“ არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია. არასათანადო რეაგირების ტენდენცია ცხადყოფს, რომ ქვეყანაში არ არსებობს არჩევნების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები.
პოლიტიკური ნიშნით დევნა - აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში პოლიტიკური ნიშნით - „გახარია - საქართველოსთვის“ წევრობის და მხარდაჭერის გამო - გაათავისუფლეს სენაკის და ხონის სკოლის დირექტორები - შორენა შამათავა და მინდია გველებიანი და ტყიბულის სკოლის დირექტორის მოადგილე - ნანა ამბროლაძე. აღნიშნულს თანამდებობებზე „ოცნების“ მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები დანიშნეს. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს;
ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო/მუქარა-ზეწოლა - 2024 წლის 30 ივლისს გენერალურ პროკურატურას მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარის - შალვა პაპუაშვილის მიერ 26 ივლისს ოპოზიციის მიმართ ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყების შესახებ. პროკურატურის მიერ რეაგირებამდე პარლამენტის თავმჯდომარის მუქარა რეალიზებული იქნა ბათუმში.
კერძოდ: წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობა - 2024 წლის 03 აგვისტოს ორგანიზებული, აგრესიული ადამიანების ჯგუფი, რომელთა ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ბათუმში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლას შეეცადა. ჯგუფი, რომლის გასაღებასაც „ოცნება“ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებად ცდილობდა, ოცნების პარტიული ზონდერ-აქტივი და საჯარო მოხელეები აღმოჩნდნენ. აღნიშნულ ფაქტზე 07 აგვისტოს მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ აღნიშნული ფაქტის შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან ერთობლიობაში შეფასება. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს;
პოლიტიკური ნიშნით დევნა - 2024 წლის 07 ივნისს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბათუმის ორგანიზაციას მივმართეთ განცხადებით პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის და რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის - მათე ცენტერაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის მუქარაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყების შესახებ. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს;
პოლიტიკური ნიშნით დევნა - 2024 წლის 06 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ განცხადებით პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის მუქარაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყების შესახებ. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს;
პოლიტიკური ნიშნით დევნა - 2024 წლის 06 ივნისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მივმართეთ განცხადებით პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების პერსონალურ მონაცემთა უკანონოდ გამოყენების ფაქტზე. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს.
ზემოაღნიშნულ არც ერთ დარღვევაზე სახელმწიფო ინსტიტუტებს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ.
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ არჩევნების დაცვის ჯგუფი ეტაპობრივად წარმოგიდგენთ ამომრჩევლის მოსყიდვის და დაშინების, პოლიტიკური დევნის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს და სხვა საარჩევნო დარღვევებს.
აღნიშნული საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ „ოცნება“ სადამკვირვებლო მისიებს თავს არჩევნების გაყალბებისკენ მიმართული მისი უკანონო საქმიანობის გადასაფარად ესხმის,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.