საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მომავალმა არქიტექტორებმა „კვადრუმ გლობალ ჯორჯიას“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფი: ანა ჩილინგარაშვილის, ეკატერინე კახიძის, ნინი სალუქვაძისა და ლიკა ბენდელიანის შემადგენლობით, კომპანია „კვადრუმ გლობალ ჯორჯიას“ მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, „კვადრუმ გლობალ ჯორგიამ“ მიმდინარე წლის მაისში, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი ტყავფეხსაცმლის ქარხნის მიმდებარედ არსებული პარკის რეაბილიტაციის კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობის უფლება ეძლეოდა მხოლოდ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს.

არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორის, არქიტექტურის დოქტორის, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორის, ბესარიონ ტატიშვილის თქმით, რეალურ პროექტებზე მუშაობა სტუ-ის სტუდენტებისათვის, მომავალი არქიტექტორებისთვის, სიახლე არაა და უნივერსიტეტი მრავალი წელია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტისა და კომპანიისათვის, მსგავს პროექტებს ასრულებს.

„კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. დარეგისტრირდა 70-ზე მეტი სტუდენტი. სასიხარულოა, რომ კონკურსში მონაწილე სტუდენტთა უმრავლესობას მეორე კურსის სტუდენტები წარმოადგენდნენ. ამიტომ, თავიდანვე, სავალდებულოდ მივიჩნიეთ შუალედური განხილვა და კონსულტაცია. საკონკურსო პირობების მიხედვით, კომპანია ვალდებულებას იღებდა რეგისტრაცია გავლილ სტუდენტებთან ერთად გავსულიყავით საპროექტო ტერიტორიაზე, რათა ავტორებს საკუთარი შეხედულებისამებრ, გამოეკვლიათ, შეევსოთ ინფორმაცია და მოეხდინათ ტერიტორიის ფოტო ფიქსაცია, რაც ასევე გამოადგებოდათ პროექტის სრულყოფილებისათვის და დასრულებისას ფოტომონტაჟის გასაკეთებლად. სტუდენტთა ჯგუფთან ერთად საველე სამუშაოების ჩასატარებლად გავემგზავრეთ ქუთაისში, სადაც შევხვდით დამკვეთსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს. ამის შემდეგ, ფაკულტეტზე შუალედური დათვალიერება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა დამკვეთი ორგანიზაციის წარმომადგენელი იური ვასილენკო. შუალედურ დათვალიერებისას გამოიკვეთა 8 საავტორო ჯგუფის, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პროექტები“, - აცხადებს ბესარიონ ტატიშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, გამარჯვებული პროექტი გამოავლინა საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით: ნინო იმნაძე - არქიტექტორი, ფაკულტეტის დეკანი; გიორგი რუსია - “კვადრუმ გლობალ ჯორჯიას” ტექნიკური დირექტორი; თეიკო ლომინაძე- “კვადრუმ გლობალ ჯორჯიას” მარკეტინგის დირექტორი; ვასილ ქობულია - პროფესორი; ბესარიონ ტატიშვილი - პროფესორი. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ასევე, ქუთაისის მერიისა და მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები.

როგორც სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი აცხადებს, დამკვეთმა კომპანიამ გამარჯვებული პროექტებისთვის დააწერა საპრიზო ფონდი: პირველი პრემია (სარეალიზაციო პროექტი) - 3000, მეორე პრემია -1500 და მესამე -1000 ლარი.

“ქუთაისში ტყავის გალანტერიის ქარხნის ტერიტორიაზე შენდება სავაჭრო ცენტრი. ამ კონკურსში გაიმარჯვა ჩვენი ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ვასილ ქობულიამ. შემდეგ ეტაპზე, როცა დღის წესრიგში ტერიტორიის კეთილმოწყობის საკითხი დადგა, პროექტი ტექნიკურ უნივერსიტეტს გადმოეცა, გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც 70-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. გამოვლინდა სამი საუკეთესო ნამუშევარი, რომელთა შორის პირველ ადგილზე გასული ჯგუფის პროექტი განხორციელდება. ქუთაისში, 26 სექტემბერს საფუძველი ჩაეყრება მშენებლობას. ფაკულტეტისთვის თითოეული პროექტი მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ჩვენი, პედაგოგების მისია სწორედ ისაა, რომ სტუდენტებს თავიდანვე მივცეთ საშუალება რეალური პროექტები განახორციელონ, რაც მათთვის დიდი მოტივაციაა. ამ მიმართულებით ფაკულტეტს მხარდაჭერას უცხადებს უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი - კარლო კოპალიანი, რისთვისაც მათ მადლობას მოვახსენებ. წარმატებებს ვუსურვებ ფაკულტეტს და სტუდენტებს”, - აცხადებს ნინო იმნაძე.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი