საქართველო მარაკეშის ხელშეკრულებას შეუერთდა

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით, საქართველო შეუერთდა „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის 2013 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებას (შემდგომ - მარაკეშის ხელშეკრულება).

ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა, 2023 წლის 21 მარტის დასკვნით, საქართველოს მისცა მარაკეშის ხელშეკრულების რატიფიცირებისა და ეროვნულ დონეზე აღსრულების რეკომენდაცია.

„აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირებისას, არსებული კანონმდებლობა გარდაუვალად მოითხოვდა ცვლილებებს, რის შედეგადაც, „საქპატენტის“ თანაავტორობით მარაკეშის შეთანხმების საფუძველზე და მისი დებულებების გათვალისწინებით, მომზადდა და განხორციელდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება (2023 წლის 15 დეკემბრის კანონი).

მარაკეშის შეთანხმების სრულყოფილი იმპლემენტაციის მიზნით, „საქპატენტის“ თავმჯდომარის სოსო გიორგაძის ბრძანებით, ასევე, განისაზღვრა დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების, ამ სტატუსის გაუქმებისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის - „საქპატენტისთვის“ ინფორმაციის მიწოდების წესი. რაც შეეხება ავტორიზებული პირის ცნებას, მას ადგენს თავად მარაკეშის შეთანხმება და გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ ნებისმიერ პირს, რომლის საქმიანობაცაა მხედველობადაქვეითებული ან კითხვის უნარის არმქონე პირებისთვის საგანმანათლებლო, სასწავლო, ადაპტაციური კითხვის, ან ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა. ავტორიზებულ პირებს უნდა შეეძლოთ ხელმისაწვდომი ფორმატის ასლების გავრცელება არაკომერციული გაქირავების ან ელექტრონული კომუნიკაციის გზით. სწორედ აღნიშნული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, მიმდინარე წლის 2 მაისს საქპატენტს მიმართა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ხოლო 23 აგვისტოს - თბილისის №202-ე საჯარო სკოლამ. შედეგად, „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით, 29 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ხოლო 18 სექტემბერს №202-ე საჯარო სკოლას მიენიჭა ავტორიზებული პირის სტატუსი.

საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მხედველობადაქვეითებული ან კითხვის უნარის არმქონე პირებისთვის საგანმანათლებლო, სასწავლო, ადაპტაციური კითხვის უზრუნველყოფა და ინფორმაციაზე წვდომა. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში მხედველობის დარღვევების (უსინათლობის ჩათვლით) მქონე პირთა რაოდენობა შეადგენდა 8224 ადამიანს, რომელთა შორის 1515 არასრულწლოვანია. მარაკეშის შეთანხმების შედეგად მოქმედ ავტორიზებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვა ქვეყნის ავტორიზებულ პირებთან თანამშრომლობით, მუდმივად იზრუნონ მათ ხელთ არსებულ მისაწვდომ ფორმატში გამოცემული ნაწარმოებების რაოდენობის ზრდაზე, რაც, თავისთავად, დაეხმარება ბენეფიციარებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არსებული ნაბეჭდი ნაწარმოებების ადაპტირებული ფორმატების მარტივად და ფინანსური დანახარჯების გარეშე მოპოვებაში.

მარაკეშის შეთანხმება 92 ქვეყანას აერთიანებს და ითვალისწინებს კონკრეტულ საშუალებებს, ადგენს გამონაკლისებს საავტორო და მომიჯნავე უფლებებიდან ექსკლუზიურად კითხვის უნარის დარღვევის მქონე ადამიანებისათვის, ხელს უწყობს ადაპტირებული მასალების შექმნას და მათ საერთაშორისო მიმოქცევას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გაღების გარეშე, კერძოდ: შეთანხმება მოითხოვს, რომ ხელშემკვრელმა მხარეებმა განახორციელონ საკუთარ კანონმდებლობაში შესაბამისი შეზღუდვებისა და გამონაკლისების იმპლემენტაცია, რათა დაშვებულ იქნეს ნაწარმოებთა რეპროდუცირება, გავრცელება და ხელმისაწვდომობა უსინათლოთა, მხედველობა დაქვეითებულთა და სხვაგვარად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მათ შორის, მათთვისაც, ვისაც არ შეუძლიათ ასეთი ნაწარმოების ხელში დაჭერა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა