„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - 2022-2023 წლებში სახელმწიფო ტენდერებში კონკურენციის დონე შემცირდა - 2024 წელს ყოველ მეორე მსხვილ ტენდერში მხოლოდ 1 მონაწილე იყო

2022-2023 წლებში სახელმწიფო ტენდერებში კონკურენციის დონე შემცირდა. 2024 წელს ყოველ მეორე მსხვილ ტენდერში (5 მლნ ლარზე მეტი) მხოლოდ 1 მონაწილე იყო,- ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ განმარტავენ, კონკურენციის დონესთან ერთად იკლებს ტენდერებისგან მიღებული დანაზოგიც.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიმწოდებლების რაოდენობის გაორმაგების პარალელურად, კონკურენციის შემცირება ტენდერების არაკონკურენტული პირობებით ჩატარებაზე მიუთითებს, ეჭვს აჩენს ე.წ. „მორგებული ტენდერების“ ფართოდ გავრცელებაზე.

„სახელმწიფო შესყიდვები ძირითადად ტენდერების საშუალებით ხორციელდება. ტენდერის მიზანია ხელი შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას საქონლის და მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შორის. თავის მხრივ, კომპანიებს შორის კონკურენცია სახელმწიფო უწყებებს ეხმარება შესყიდვებზე გამოყოფილი თანხიდან ეკონომია გააკეთოს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო თავის წლიურ ანგარიშებში 2015 წლიდან აქვეყნებს ინფორმაციას ტენდერებში კონკურენციის შესახებ. 2015 წელს ერთ ტენდერზე საშუალოდ 2.02 პრეტენდენტი მოდიოდა. 2016-2017 წლებში ეს მაჩვენებელი 2.14-მდე გაიზარდა, მაგრამ 2018-2019 წლებში 2.05-მდე შემცირდა. 2020-2021 წლებში ისევ გაიზარდა, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია პანდემიასთან. რადგან პანდემიის დროს კერძო სექტორი შეზღუდვების ქვეშ მოქმედებდა, კომპანიებისთვის სახელმწიფო შესყიდვები უფრო საინტერესო გახდა. ამავე დროს, შემცირდა გამოცხადებული ტენდერების რაოდენობაც. 2022-2023 წლებში ტენდერებში კონკურენცია ისევ შემცირდა და ბოლო მონაცემებით, 2023 წელს 1.95 შეადგინა. 2023 წელს უფრო დაბალი კონკურენცია იყო, ვიდრე 2015 წელს.

შესყიდვის ობიექტების მიხედვით თუ ვნახავთ, ყველაზე დაბალი კონკურენცია, 1.68 პრეტენდენტი ერთ ტენდერში, მომსახურების შესყიდვაშია. ყველაზე მაღალი კონკურენცია, 2.25 პრეტენდენტი ერთ ტენდერში, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაშია. თუმცა, 2015 წელთან შედარებით მშენებლობაში კონკურენცია 2.7-დან 2.25-მდეა შემცირებული.

2015-2023 წლებში ჩატარებულ ტენდერებში კონკურენციის დონესა და თანხების ეკონომიას შორის ლოგიკური კავშირია. 2015-2019 წლებში ერთ ტენდერში კონკურენცია საშუალოდ 2.09 იყო, ეკონომია კი 10.3%. 2020-2021 წლებში, როდესაც კონკურენცია საშუალოდ 2.21-მდე გაიზარდა, ეკონომია 12.7%-მდე გაიზარდა. 2022-2023 წლებში კონკურენცია საშუალოდ 1.93-მდე, ხოლო ეკონომია 7.6%-მდე შემცირდა. მაგალითად, 2023 წელს ეკონომიამ 451 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, 2023 წელს 2015-2019 წლების ეკონომიის დონე (10.3%) რომ ყოფილიყო, ეკონომია 278 მლნ ლარით მეტი იქნებოდა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ტენდერებში მონაწილეობის საშუალო მაჩვენებლის შემცირების ფონზე, სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დარეგისტრირებული მიმწოდებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2015 წელს 25,045 მიმწოდებელი იყო დარეგისტრირებული, ხოლო 2023 წელს 2.2-ჯერ მეტი, 56,232. მიმწოდებლების რაოდენობის ზრდა ტენდერებში მონაწილეობის საშუალო მაჩვენებლის ზრდას უნდა იწვევდეს, თუმცა შედეგი საპირისპიროა. არ გაზრდილა ჩატარებული ტენდერების რაოდენობა, რაც კონკურენციის შემცირების ერთ-ერთი არგუმენტი შეიძლება ყოფილიყო. მაგალითად, 2017 წელს 33,095 ტენდერი ჩატარდა და ერთ ტენდერში საშუალოდ 2.14 კომპანია მონაწილეობდა, ხოლო 2023 წელს 32,076 ტენდერი ჩატარდა და ერთ ტენდერში საშუალოდ 1.95 კომპანია მონაწილეობდა.

მაღალია ისეთი ტენდერების წილი, სადაც მხოლოდ ერთი პრეტენდენტია და კონკურენციის გარეშე იმარჯვებს. მაგალითად, 2024 წლის პირველი იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით გამოცხადებული ტენდერებიდან, სადაც შესყიდვის თანხა 5 მლნ ლარს ზემოთ იყო, 23 აგვისტოს მდგომარეობით, 76 ტენდერი იყო დასრულებული (ხელშეკრულება გაფორმებული), საიდანაც ნახევარში, 38 ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იყო. აღნიშნულ 38 ტენდერში გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური თანხა 610 მლნ ლარია. 15 ტენდერში 2 პრეტენდენტი, იყო ხოლო 10 ტენდერში 3 პრეტენდენტი. 4 და მეტი პრეტენდენტი მხოლოდ 13 ტენდერში იყო.“-ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი