ბიძინა ივანიშვილი არ არის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი და არ მუშაობს მათი დავალებით, რაც არის ჩემი მრწამსი და ეს არის ჩემი სიმართლე, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
მან ისაუბრა "გახარია-საქართველოსთან" მოლაპარაკებებზე და შეუთანხმებლობის მიზეზზე, კერძოდ, მისი თქმით, ფორმალური მიზეზი რაც დაუსახელეს, ეხებოდა ერთ-ერთ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ მის პოზიციას.
მისი თქმით, გიორგი გახარია სამი თვის წინ დაუკავშირდა და მოლაპარაკებები დაიწყო, ხოლო თავად საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მათ შორის "ნდობა არ შედგა".
“მე საქართველოში აშშ-დან დეკემბერში დავბრუნდი. ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ რაღაც ფორმით მონაწილეობა მიმეღო პოლიტიკაში, რათა წვლილი შემეტანა ქვეყნის განვითარებაში. რეალური წერტილი, რომელმაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა, ეს იყო დღევანდელი მთავრობის დასავლეთთან დაპირისპირება, რომელიც აბსოლუტურად უაზრო იყო.
როდესაც მინისტრი ვიყავი, ამ მთავრობის მიმართ, მაშინაც ბევრი პრეტენზია მქონდა, მაგრამ არ იყო საკმარისი, რომ მთლიანად შემოვსულიყავი ამაში.
ჩემი არჩევანი იყო, რომ საკუთარი გუნდი შემექმნა, მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ ვასწრებდი, ამიტომ გადავწყვიტე, შევერთებოდი რომელიმე არსებულ პლატფორმას. როდესაც ამ პლატფორმებს გადავხედე, მაშინ ყველაზე მისაღები ჩემთვის გიორგი გახარიას პარტია იყო.
გიორგი გახარია სამი თვის წინ თავად დამიკავშირდა და დავიწყეთ მოლაპარაკებები, ამაში დასამალი არაფერია. საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, ამ სამი თვის განმავლობაში მე მაქსიმალური ძალისხმევა გავწიე იმისთვის, რომ ნდობა შემექმნა. ჩვენს შორის ნდობა არ შედგა. ბეწვის ხიდზე გავდიოდით და ბოლომდე იმედი მქონდა, რომ რაღაცას ერთად გავიტანდით, მაგრამ ეს ნდობა დღეს საბოლოოდ დაინგრა. ეს თანამშრომლობა უკვე დახურულია და აღარასდროს შედგება, თემა უკვე დახურულია.
მე წინააღმდეგი ვიყავი “ლელოსთან” ალიანსზე. ამის მიუხედავად, ნიუსებიდან გავიგე, რომ ეს მოლაპარაკება დაიწყო. გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა სია იყო, ეს ყველაფერი ეხმარება ნდობას? რა თქმა უნდა, არა. მე ნდობა აღარ მაქვს და ჩემთვის ეს საკითხი დამთავრებულია.
ერთ-ერთი ფორმალური მიზეზი, რაც დამისახელეს, იყო ის, რომ თითქოს გუშინ “ფორმულას” ეთერში ბიძინა ივანიშვილი დავიცავი. მე ჩემი აზრი ვთქვი გუშინდელ ეთერში ბიძინა ივანიშვილზე, რომ ის არ არის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი და არ მუშაობს მათი დავალებით, რაც არის ჩემი მრწამსი და ეს არის ჩემი სიმართლე. ვთქვი ისიც, რომ ამის ფაქტებს ვერ ვხედავ”, - განაცხადა ქობულიამ.