დამისახელეთ, იმ დღენახევარში, რომელი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა გადაწყვეტილება რომ შეიცვალა? -კობახიძის აშშ-ში ყოფნისას, რა მოხდა ისეთი, რომ ასეთ მდაბიო ნაბიჯზე წასულიყო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიმღები კონკრეტული თანამშრომელი? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, „იქნებ საელჩომ აგვიხსნას მოწვევის გაუქმების მიზეზები“.
„დამისახელეთ, იმ დღე ნახევარში, რომელი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა გადაწყვეტილება რომ შეიცვალა? თუ შეიძლება კითხოთ ვინმეს, ვინც იმას ამტკიცებთ, რომ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო იყო ეს ყველაფერი, ბოლო ორ დღეში, როდესაც კობახიძე აშშ-ში იმყოფებოდა, რა მოხდა ისეთი, რომ ასეთ მდაბიო ნაბიჯზე წასულიყო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიმღები კონკრეტული თანამშრომელი? მგონი იმაში მეთანხმებით, რომ ბაიდენი არ იტყოდა „ოჰ, ეს კობახიძე კაცო, არ დამიპატიჟოთ აქ“. გინდ ცინიკურად ჩათვალეთ, გინდ ირონიულად ან სერიოზულად.
იქნებ საელჩომ ისიც აგვიხსნას, რა მოხდა ამ ორ დღეში ისეთი, რომ ჯერ მიიწვიეს და მერე გააუქმეს მოწვევა?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მათ წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქვეყნის შიგნიდან ეხვეწებიან, რათა დამაკნინებელი ქმედებები იყოს ჩვენი პარტნიორების მხრიდან“.
„ჩვენ წინასწარვე გვქონდა ინფორმაცია და ამას, რა თქმა უნდა, არ ვასაჯაროებდით. ახლა შემიძლია თავისუფლად გითხრათ, რომ მხოლოდ ამაზე არ მიდიოდა მუშაობა. პირდაპირი გაგებით, ეხვეწებიან ქვეყნის შიგნიდან, რომ იქნებ რაღაც დამაკნინებელი მოქმედებები იყოს ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მათ შორის, საუბარი და ინფორმაცია არსებობს იმაზე, რომ შეშვება-არ შეშვების საკითხზეც ყოფილიყო რაღაც დაბრკოლება. მათ შორის, გამოსვლის ჩახსნაზეც კი იყო საუბარი და ა.შ. ამასთან იმ შეხვედრების ჩახსნაზეც, რაც შედგა. ვერცერთი ვერ მოხერხდა. მაგრამ მოახერხეს ერთი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ჯერ გაუგზავნა მოწვევა [ირაკლი კობახიძეს] და შემდეგ გააუქმა. ან რას იწვევდნენ ვინ ეხვეწებოდა ან მერე რაღას აუქმებდნენ? ანუ დაპატიჟება-არდაპატიჟებისათვის, რომ მაშველი რგოლი გადმოუგდონ ქართულ ოპოზიციას და ამით აქ ისპეკულირონ, [იძახონ] „იზოლაციაში მყოფი საქართველო და მისი პრემიერი“; რაღაც თეატრალური წარმოდგენები დადგან, თან უნიჭო ფორმით. შესაბამისად, არც მოწვევა უკვირს არავის, არც არ მოწვევა სხვათა შორის. ზუსტად ვიცით, რომ ეს გაგრძელდება, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები. დასანქცირებისა არ იყოს. რა შეიცვალა პირველ და მეორე დასანქცირებებს შორის? ახალი აქციები იყო? რომელიმე პოლიციელმა ახალ აქციებზე რამე დააშავა? არც მაშინ დაუშავებიათ და არც მას შემდეგ, მაგრამ პოლიციელმა თუ რამე დააშავა, ეს მერე გაიგეს? შეიცვალა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მოახლოვდა არჩევნები. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ - „ფორმულას“, „მთავარს“, „ტვ პირველს“ და ა.შ გექნებათ მზა პროდუქტი პიარისათვის. იმისათვის, რომ ნეგატიური კამპანია აწარმოოთ. ეს მხოლოდ ქვეყნის გარეთ იქნება, შიგნით რესურსი არ აქვთ. სოფლებშიც კი ვერ შედიან და ელემენტარულად, ამომრჩეველს ვერ ესაუბრებიან. თავის ვიღაცები მიჰყავთ და სცენებს დგამენ იქ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.