საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტურიზმის მსოფლიო დღეს საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციით ეხმაურება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტურიზმის მსოფლიო დღეს საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციით - „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი - გამოწვევები და შესაძლებლობები“ ეხმაურება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

ღონისძიების ჩატარების ინიციატორი, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან კოორდინაციით, უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტია.

სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო კონფერენციის თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ. კონფერენციის მთავარი პარტნიორები არიან გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია (UN TOURISM) და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. გარდა ამისა, კონფერენცია იმართება მთის პარტნიორობის (MOUNTAIN PARTNERSHIP, FAO) ეგიდითაც, რომლის წევრიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, 2024 წლის 12 მარტიდან, ოფიციალურად გახდა.

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის მხარდამჭერები, ასევე, არიან: დაცული ტერიტორიების სააგენტო, კურორტების განვითარების სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA), სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი “ტექინფორმი”, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო-საქართველოს ოფისი (JICA), გრასრუტ ინსტიტუტი (The GRASSROOTS INSTITUTE, კანადა), მილანის უნივერსიტეტი (იტალია), სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers, ტურისტული კომპანია Magic Roads Georgia, გარემოს დაცვის ეკოცენტრი (გაეროს ECOSOC საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია), კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაცია, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრი.

ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორი ღონისძიების მონაწილე სტუდენტებს, მოწვეულ სტუმრებსა და მეცნიერ-მკვლევრებს მიესალმა და უნივერსიტეტის სახელით მათ და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ტურიზმის მსოფლიო დღე მიულოცა.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე ერთ-ერთ მიმზიდველ მიმართულებად ჩამოყალიბდა. რექტორის განცხადებით, სასიხარულოა, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველო 2024 წლის ტურიზმის მსოფლიო დღის მასპინძელ ქვეყნად დასახელდა.

„წლევანდელი ტურიზმის მსოფლიო დღის მთავარი თემა „მშვიდობა და ტურიზმია“. სასიხარულო და საამაყოა, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიამ საქართველო წლევანდელი ტურიზმის მსოფლიო დღის მასპინძელ ქვეყნად დაასახელა და ეს შემთხვევითი არ არის. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემა გახლდათ - „ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში“, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას“. თავის გამოსვლაში პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ „საქართველო იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, ჩვენ უზრუნველვყავით საქართველოს განვითარება სწორედ ამ ტრაექტორიით - ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენი ერის სიამაყეს და ღირსებას“.

სწორედ გლობალური და ლოკალური მშვიდობის აქტუალურ გამოწვევას ეხმიანება საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმართება. კონფერენციის ჩატარების ინიციატივა ეკუთვნის ჩვენს ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს, რომელმაც უკვე ხელშესახებ წარმატებებს მიაღწია როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო სივრცეში. მას გვერდში უდგას უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი. ორივე მათგანი განსხვავებული ცოდნისა და უნარების მქონე სპეცალისტებს ამზადებს ტურიზმის სფეროში. ამასთან ერთად, მთის მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტულად არის აღიარებული.

მოხარული ვართ, რომ კონფერენციას აძლიერებს საერთაშორისო ორგანიზაციების - გაერთიანებული ერების ტურიზმის ორგანიზაციისა და მთის პარტნიორობის, ასევე, საქართველოს სახელმწიფო უწყებების, კერძო ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მხარდაჭერა. უნივერსიტეტისა და სტუდენტების სახელით, მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს. ღონისძიება ვერ გაიმართებოდა, რომ არ ყოფილიყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის დახმარება. შედეგად, კონფერენცია მოიაზრება როგორც ტურიზმის მსოფლიო დღის აღმნიშვნელი პარალელური ღონისძიება. გვერდში დგომისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას და ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, ზურაბ პოლოლიკაშვილს და

გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის დირექტორ ბექა ჯაყელს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ კორდულა ვოლმუტერს, რომელიც ჩვენი საპატიო სტუმარია. მასთან ორმხრივ შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ვისაუბრეთ, მათ შორის, გაეროს მდგრადი ტურიზმის ობსერვატორიების საერთაშორისო ქსელში უნივერსიტეტის ჩართულობასა და მდგრადი ტურიზმის ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაზე. ეს პროგრამა სერტიფიცირებული იქნება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის - UN Tourism.TedQual-ის მიერ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონფერენცია სტუდენტურია და მას სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მონაწილეები ჰყავს. ჩვენი მომავალი სპეციალისტები იმსჯელებენ და ერთმანეთს გაუზიარებენ იდეებს, გეგმებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გახადონ ტურიზმი უფრო ხელმისაწვდომი და ჰარმონიული, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობის განმტკიცებას ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში. კონფერენცია ემსახურება ქვეყნებს შორის მეგობრობის დამყარებას, რისი დასტურიცაა კონფერენციაში უცხოელი სტუდენტების, მათ შორის დოქტორანტების, ასევე, უცხოელი მკვლევრების ონლაინ ჩართულობა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ტურიზმის მსოფლიო დღეს და გისურვებთ წარმატებულ, მშვიდობიან, უსაფრთხო და ნაყოფიერ საქმიანობას“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი კორდულა ვოლმუტერი, მთის პარტნიორობის სამდივნოს წარმომადგენელი როსალაურა რომეო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდი, საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიებისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტების დეკანები - რუსუდან ქუთათელაძე და ნოე ხოზრევანიძე. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის თემატიკა მრავალმხრივ ინტერესებს ეხმიანება და მასში მონაწილეობა ახალგაზრდებს შორის ახალი სამეცნიერო კვლევითი კონტაქტების დამყარებას ჩაუყრის საფუძველს.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა. ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, დავით გურგენიძემ და მაია ომიაძემ მოაწერეს ხელი.

სტუ-ის ინფორმაციით, ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი - გამოწვევები და შესაძლებლობები“ – სამი დღის განმავლობაში, 3 სექციად, ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართება. სტუდენტების გარდა, კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი და უცხოელი მკვლევრები, რომლებიც მოხსენებებს გააკეთებენ და ახალგაზრდებთან ერთად იმსჯელებენ მთის ტურიზმის მდგრადი განვითარების გლობალურ და ადგილობრივ გამოწვევებსა და საკითხებზე.

კონფერენციის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობით, ჩატარდება ეკოტურისტული ლაშქრობა - მონაწილეები მოინახულებენ ტანას დაცულ ტერიტორიას, ამასთან ერთად, კონფერენციის სასექციო მუშაობაც ტანას ხეობაში, სოფ. ბოშურში გადაინაცვლებს. საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია 28 სექტემბერს დასრულდება.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში