12 სექტემბერს თბილისში სიონის ქუჩა „ქართული ღვინის ფესტივალს“ განსაკუთრებული აქტივობებით უმასპინძლებს. მათ შორის იქნება ღვინის დეგუსტაცია 4 გამორჩეული სომელიეს მიერ და ფესტივალზე წარმოდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების გამოვლენა.
სომელიეები წარმოდგენილ ღვინოებს დააგემოვნებენ, მათ შესახებ იმსჯელებენ და შეაფასებენ. 17:00 საათზე კი მთავარ სცენაზე გამოვლენ და გამოავლენენ რამდენიმე საუკეთესო ღვინოსა და მწარმოებელს, რომელთაც სპეციალური სერტიფიკატებს გადაეცემათ.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სომელიეების შეფასებებს მოუსმინონ და შერჩეული ღვინო ადგილზევე შეიძინონ.
აქვე გაგაცნობთ სომელიეებს, რომლებიც დეგუსტაციაში მიიღებენ მონაწილეობას.
გიორგი ქადაგიშვილი
სომელიე WSET (Wine and Spirit Education Trust) Level 3. სასტუმრო „აფიშას“ შეფ სომელიე.
თეონა თოხაძე
2016 წელს გახდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღვინის და სომელიეს სკოლის კურსდამთავრებული და სერტიფიცირებული სომელიე. აღებული აქვს საერთაშორისო ბრიტანული სკოლის WSET (Wine and Spirit Education Trust) Level 3 -ის სერტიფიკატი. ის გახლდათ ღვინის ტრენერი „კეტარი აკადემიაში“. ამჟამად კი არის ღვინის კლუბ „მარკოს“ სომელიე.
აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობის გარდა, თეონა თოხაძე ჩაატარებს სესიას "ყნოსვის ტრენინგი - ღვინის არომატების აღმოჩენა".
ირაკლი კვანტრიშვილი
2020 წელს გახდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღვინის და სომელიეს სკოლის კურსდამთავრებული და სერტიფიცირებული სომელიე. მან ასევე აიღო საერთაშორისო ბრიტანული სკოლის WSET (Wine and Spirit Education Trust) Level 2-ის სერტიფიკატი.
ამჟამად ირაკლი კვანტრიშვილი სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ სომელიეაა. მანამდე კი საქმიანობდა რესტორან „მეამასა“ და ღვინის მუზეუმში.
საბა ქიტიაშვილი
მან 2018 წელს აიღო საერთაშორისო ბრიტანული სკოლის WSET (Wine and Spirit Education Trust) Level 2 სერტიფიკატი, 2019 წელს კი დაამთავრა მაგისტრატურა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე. ამავე წლიდან დაიწყო მუშაობა ღვინის ეროვნულ სააგენტოში, სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიაში. 2020 წელს ჩააბარა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის გამოცდა და გახდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრი. საბა ქიტიაშვილი ასევე გახლდათ 2020-2022 წლების კონკურსის - „საქართველოს საუკეთესო სომელიეს“ ფინალისტი. 2023-ში კი გახდა ASI Certification 1 კურსდამთავრებული.
შეგახსენებთ, რომ თბილისში „ღვინის ფესტივალის“ ტრადიცია გრძელდება. ღონისძიება 12 ოქტომბერს სიონის ქუჩაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ღვინის კომპანიები, მცირე საოჯახო მარნები, ადგილობრივი ბიოპროდუქციის მწარმოებლები და პოლიგრაფიული საწარმოები. ფესტივალში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება. დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.
სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები. მოეწყობა გათამაშებაც, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
(R)