რა თქმა უნდა, ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია, თან, ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტიც არის ხოლმე, როდესაც ჩვენთან საუბრობენ დემოკრატიის უკუსვლაზე და მაგალითად, მონღოლეთს უწოდებენ დემოკრატიის ოაზისს. ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ჩვენს საზოგადოებაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩევლის, ტომ სალივანის მიერ „ქართული ოცნების“ მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე.
ლევან მაჭავარიანის მოსაზრებით, არიან საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი ძალები, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი გავლენა ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე და რიგ პოლიტიკოსებზე.
შესაბამისად, მისივე თქმით, ეს ძალები არიან დაინტერესებულები, რომ ხელისუფლებაში მოაბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“.
„როდესაც დემოკრატიაზე გვესაუბრებიან, სწორედ ეს ინდექსები არის ერთ-ერთი დამდასტურებელი, რომ ჩვენთან დემოკრატია ძალიან მაღალ სტანდარტზეა. ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და შევხედოთ, როგორია სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, მედია თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება და ა.შ. შესაბამისად, ეს, რა თქმა უნდა, ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია, თან, ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტიც არის ხოლმე, როდესაც ჩვენთან საუბრობენ დემოკრატიის უკუსვლაზე, მაშინ, როდესაც მაგალითად, მონღოლეთს უწოდებენ დემოკრატიის ოაზისს და ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ჩვენს საზოგადოებაში. სანამდე მივა ეს ყველაფერი? ჩვენ გაცხადებული გვაქვს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არიან საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი ძალები, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი გავლენა ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე და რიგ პოლიტიკოსებზე. შესაბამისად, ეს ძალები არიან დაინტერესებულები, რომ ხელისუფლებაში მოაბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი აგენტები იქიდან გამომდინარე, რომ მათი ბრძანებები უსიტყვოდ შეასრულონ. როდესაც მათ თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად დასჭირდებათ საქართველოდან რაღაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს, მათ უნდა იცოდნენ, რომ აქ არის ხელისუფლება, რომელიც კითხვასაც არ დასვამს და ისე გააკეთებს იმ ყველაფერს. შესაბამისად, ეს წნეხი გაგრძელდება ოქტომბრის თვეშიც და როდესაც უკვე ეს ძალები იხილავენ იმას, რომ არჩევნებში ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით გავიმარჯვებთ, მერე უკვე დარწმუნდებიან, რომ სხვა გზა აღარ იქნება დარჩენილი და უნდა შეეგუონ იმას, რომ აგენტებით ქვეყანას ვეღარ მართავენ, უნდა დასხდნენ და გვესაუბრონ. ჩვენ გადატვირთვისთვის დღესაც ვართ მზად და მომავალშიც ვიქნებით. ამის წინაპირობა მათ უნდა შექმნან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩეველმა ტომ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკვე გარკვეული პერიოდია, რაც შეშფოთებულები არიან იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია „ქართულ ოცნებას“ თავისი ქვეყანა მიჰყავს. როგორც სალივანმა აღნიშნა, „ოცნების“ ეს ტრაექტორია ქართველ ხალხს დასავლეთთან, ევროკავშირთან და პოტენციურად ნატო-სთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციასთან აშორებს.