სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირს“ მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში.
როგორც სადამკვირვებლო კოალიციის „ჩემი ხმა ევროკავშირს“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე ყოველდღიურად იზრდება საკონსულო აღრიცხვაზე ონლაინ სისტემით დარეგისტრირებულ პირთა რაოდენობა. შესაბამისად, მისივე თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი სრულწლოვანი ამომრჩევლების რაოდენობა რეალურად უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა ინფორმაცია ცესკო-ს.
რაც შეეხება უშუალოდ სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირს“, როგორც ლონდა თოლორაიამ განმარტა, კოალიცია აერთიანებს 30 არასამთავრობო ორგანიზაციას, მისია ემზადება საპარლამენტო არჩევნების უპრეცედენტოდ მასშტაბური დაკვირვებისთვის. თოლორაიას თქმით, მიზანი არის შემდეგი - სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობა და ქართველი ამომრჩევლების ხმების დაცვა. ლონდა თოლორაიას თქმით, მისიის დამკვირვებლები არჩევნებს დააკვირდებიან, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში გახსნილ უბნებზე. მისივე თქმით, სადამკვირვებლო მისიაზე ამ ეტაპზე უკვე დარეგისტრირებულია სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 1 820 დამკვირვებელი საქართველოს ყველა რეგიონიდან და ასევე, უცხოეთიდან.
„სადამკვირვებლო მისიამ უკვე შეიმუშავა არჩევნების დაკვირვების სპეციალური მეთოდოლოგია, რომელიც ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო პრაქტიკას და ასევე, წინა არჩევნებზე მიღებულ გამოცდილებებს. ამასთან, მისიამ დანერგა სპეციალური აპლიკაცია, რომელიც დაეხმარება დამკვირვებლებს არჩევნების დღის დაკვირვებაში, დარღვევების გამოვლენასა და მათ აღრიცხვაში. ყველა დამკვირვებელი გაივლის სპეციალურ ტრენინგს, რომლითაც მიიღებენ ცოდნას, როგორ დააკვირდნენ არჩევნებს, როგორ აღმოაჩინონ დარღვევები და უზრუნველყონ არჩევნების გაყალბების პრევენცია. ამ მიზნით უკვე გადამზადებულია 60 ტრენერი,რომლებიც უახლოეს დღეებში დაიწყებენ დამკვირვებლების გადამზადებას“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
მისი განმარტებით, სადამკვირვებლო მისია „ჩვენი ხმა“ პერმანენტულად ცვლის ინფორმაციას მიმდინარე საკითხებზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მისიებთან, მათ შორის ეუთო/ოდირთან, IRI-სთან, NDI-სთან, ENEMO-სთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან და აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან. როგორც თოლორაიამ აღნიშნა, სადამკვირვებლო მისი აგრძელებს დამკვირვებელთა რეგისტრაციას და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდზე WEVOTE.GE
„ამ ეტაპზე კოალიცია „ჩემი ხმა“ მიუთითებს საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო სიაში აღრიცხვის გაუმჭვირვალობაზე. 26 სექტემბერს ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული განახლებული მონაცემების საფუძველზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქისთვის 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი შექმნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდა საქართველოს 67 347 მოქალაქე. 9 აგვისტოდან დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე ყოველდღიურად იზრდება საკონსულო აღრიცხვაზე ონლაინ სისტემით დარეგისტრირებულ პირთა რაოდენობა. შესაბამისად, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი სრულწლოვანი ამომრჩევლების რაოდენობა რეალურად უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა ინფორმაცია ცესკო-ს. მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციას ამ ეტაპზე, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი სრულწლოვანი მოქალაქეების რაოდენობის შესახებ. მოვუწოდებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოაქვეყნოს შემდეგი ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფებოდა აღრიცხვაზე 2024 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი სრულწლოვანი მოქალაქიდან რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში და რამდენი მოქალაქე არის აღრიცხვაზე სხვადასხვა თითოეულ ქვეყანაში,“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
თოლორაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ორგანოები და ხელისუფლება დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ არჩევნებზე დაკვირვების პროცესს არ შექმნას საფრთხე და ხელს უნდა უწყობდნენ სადამკვირვებლო მისიების ფუნქციის შესრულებას, სამწუხაროდ, ხელშეწყობის ნაცვლად მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რისთვისაც ხელისუფლება ინსტრუმენტად იყენებს, როგორც ანტიკორუფციულ ბიუროს, ასევე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს.
„ცალსახაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით ხელისუფლება ცდილობს სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას, რესურსებზე წვდომისა და მათი გამოყენების აკრძალვას, ხოლო ორგანიზაციების ქონების დაყადაღებისა და დაჯარიმების მუქარით სადამკვირვებლო ორგანიზაციების მუშაობის შეფერხებას“, -განაცხადა ლონდა თოლორაიამ.