ლევან სანიკიძე - „ქართული ოცნება“ ემზადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებისათვის!

დღეს უკვე ყველასთვის ნათელია თუ რატომ საუბრობს საზოგადოების ნდობისგან დაცლილი ივანიშვილი, რომლის პარტიასაც პარლამენტში უბრალო უმრავლესობის მოპოვების ყველანაირი შანსი აქვს დაკარგული, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობაზე - „ქართული ოცნება” ემზადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და აფხაზეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” აღიარებისათვის! - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

სანიკიძის თქმით, რუსეთი და “ქართული ოცნება” ცდილობენ, კონფლიქტის მხარედ აქციონ არა რუსეთი, არამედ სეპარატისტული რეჟიმები.

„ივანიშვილისა და მისი პარტიის წარმომადგენლების მიერ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს სხვას ვერაფერს ვუწოდებთ გარდა სახელმწიფო ღალატის გამოცხადებულ ქრონიკას.

ამის კიდევ ერთი დასტურია, გუშინ დედაქალაქის მერის, კახი კალაძის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 28 სექტემბერს გაკეთებული განცხადებისთვის გამოეხმაურება, სადაც ბატონმა ლავროვმა განაცხადა, რომ “რუსეთი მზად არის, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში. საქართველოს მეზობლებთან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან შერიგებაში დაეხმაროს”.

ეს განცხადება, სადაც ლავროვი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ასახელებს და საქართველოს მეზობლებად მოიხსენებს, ივანიშვილის პარტიის გენერალურმა მდივანმა პოზიტიურად შეაფასა.

მინდა კახი კალაძეს, შევახსენო: აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა! შესაბამისად, კალაძის განცხადებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მიესალმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებად ცნობას! ამ განცხადებით უკვე მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია.

დღეს უკვე ყველასთვის ნათელია თუ რატომ საუბრობს საზოგადოების ნდობისგან დაცლილი ივანიშვილი, რომლის პარტიასაც პარლამენტში უბრალო უმრავლესობის მოპოვების ყველანაირი შანსი აქვს დაკარგული, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობაზე - “ქართული ოცნება” ემზადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და აფხაზეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” აღიარებისათვის!

ისინი გეგმაზომიერად მიჰყვებიან ამ პროცესს. პირველ რიგში, რუსეთი და „ქართული ოცნება“ ცდილობენ, კონფლიქტის მხარედ აქციონ არა რუსეთი, არამედ სეპარატისტული რეჟიმები.

სწორედ ამის ნაწილია “ქართული ოცნების” ის უბინძურესი კამპანია, სადაც 2008 წლის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვებული ქართული მხარის დადანაშაულება მიდის, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესს ემსახურება.

დღესაც „ქართული ოცნება“ ცდილობს რუსეთი შემრიგებლად გამოიყვანოს. ამ განცხადებით კახი კალაძე, ივანიშვილის პარტია, პირდაპირ ამბობენ, რომ გიორგი ანწუხელიძე, ძმები რომელაშვილები, შინდისის გმირები და ყველა ის თავდადებული პატრიოტი, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე საქართველოს ეროვნული ღირსებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა, სინამდვილეში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახით ორ სუვერენულ სახელმწიფოს უპირისპირდებოდა.

რა შეიძლება დავარქვათ ამას, თუ არა სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის მომავლის ღალატი.

თავის დროზე ის, რაც მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ გატარებულმა არაღიარების პოლიტიკამ შეაჩერა და რუსეთის ფედერაციის მიზნები ჩაშალა, დღეს ივანიშვილის ხელისუფლება, საკუთარი ნებით ანგრევს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

იმის მაგივრად, რომ საქართველო იძენდეს მეგობრებს, ახალ ეტაპზე გადაჰყავდეს საქართველოს ურთიერთობა ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, მუშაობდეს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების ფაზის გახსნაზე, ზრუნავდნენ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე, ამის საპირისპიროდ, ქვეყანას ტოვებენ იზოლაციაში, მეგობარს მტრად გვიცხადებენ, ხოლო მტერს ბატონად,”- განაცხადა სანიკიძემ.

მისი თქმით, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისთვის” აფხაზეთის აღიარება წითელი ხაზია.

„ცხადია “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისთვის”, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, აფხაზეთის აღიარება არის წითელი ხაზი და სამშობლოს ღალატი, რაც ჩვენ 26 ოქტომბერს არ უნდა დავუშვათ!

ჩვენ კარგად ვიცით ჩვენი ქვეყნის ისტორია, ვიცით ვინ არის მტერი, ვინ არის მოყვარე!

საქართველო არ იხდის ბოდიშს!

მე მჯერა, რომ ყველა ერთად ვეტყვით უარს იზოლაციას, ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდას, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას, სიღატაკეს და ავირჩევთ ევროპას, თავისუფლებას, კეთილდღეობას და ერთიან, ძლიერ, ღირსეულ საქართველოში ცხოვრებას.“- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ამასთან, ლევან სანიკიძის განცხადებით, ქართველ ხალხს „ქართული ოცნებისთვის“ განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს. მისივე თქმით, მძიმე მოსასმენია, როდესაც ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომლის დასანქცირებაზეც საქართველოს პარტნიორები საუბრობენ.

„ჩვენი პარტნიორების მხრიდან მსგავსი განცხადებები არაერთხელ გვსმენია. ქართული დემოკრატიის გადარჩენაში მათი როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს „ქართული ოცნებისთვის“ განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც მძიმე მოსასმენია, როდესაც ჩვენს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომლის დასანქცირებაზეც საუბრობენ ჩვენი პარტნიორები, თუმცა ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ივანიშვილი არის დღეს ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე. მე მჯერა, რომ ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით, ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში იმ აუცილებელი ცვლილებების მოტანას, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მისცემს საშუალებას, რომ ევროპული კეთილდღეობა ჰქონდეს“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის განცხადებასაც კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ