ლავროვის განცხადება ჩვენი მხრიდან ცალსახად დადებითად შესაფასებელია - ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ამ განცხადებას ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყოლოდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ასევე კარგი იქნებოდა საუბარი იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი, თუნდაც მსჯელობა და სამოქმედო გეგმა - როგორ ფიქრობენ ამ პროცესს.
„ლავროვის განცხადება ჩვენი მხრიდან ცალსახად დადებითად შესაფასებელია. ამას მხოლოდ განცხადების ჭრილში ვამბობთ, რადგან ეს ერთი პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ამ განცხადებას ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყოლოდა. მაგალითად, ჩვენი დროებითი ოკუპირებული ტერიტორიიდან მათი ჯარების გაყვანა, ან როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი, თუნდაც მსჯელობა ამ პროცესზე, სამოქმედო გეგმა, თუ როგორ ფიქრობენ ამ პროცესს.
რაც შეეხება ე.წ აფხაზეთი საგარეო უწყების პასუხს, დამერწმუნეთ, ჩვენთვის მეორეხარისხოვანია ე.წ მთავრობიდან და უწყებიდან რა განცხადება გაკეთდება. ასევე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ე.წ მთავრობას და ადმინისტრაციას არ მგონია, რომ საერთოდ ჰქონდეს ლეგიტიმაცია ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებში“, - განაცხადა კირცხალიამ.
ამავე თემაზე საუბრისას კირცხალიამ აღნიშნა, რომ მიესალმებიან თითოეულ განცხადებას, რომელიც ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მოემსახურება.
„თითოეულ განცხადებას, ჩვენი იქნება თუ ნებისმიერი მხრიდან, რომელიც ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მოემსახურება, მივესალმებით.
ჩვენ ამ ტერიტორიებს მხოლოდ მშვიდობით დავიბრუნებთ. რუსეთი თუ ამ სიტუაციას ხელს არ შეუშლის, განცხადების დონეზე ეს უმნიშვნელოვანესი განცხადებაა. რუსეთი მხრიდან, მხოლოდ განცხადების ჭრილში ვამბობ, ხელის არ შეშლა და ეს განცხადება, ჩვენი მხრიდან ცალსახად მისასალმებელია. მნიშვნელოვანია, რომ ამას ქმედითი ნაბიჯები მოჰყვეს, - განაცხადა კირცხალიამ.
შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით „მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.
აღნიშნულს გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე და აღნიშნა, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მაგალითად საქართველოს ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან.
მოგვიანებით აფხაზეთის ე.წ. „საგარეო უწყებამ“ თბილისის მერს, კახა კალაძეს უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სხვა მითიურ ტერმინების შესახებ რეალობასთან შეუსაბამო სტერეოტიპებზე სპეკულირების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით უნდა დაიწყონ.